"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი კლინიკიდან აქვეყნებს სახეზე დაზიანებების ამსახველ ფოტოს და წერს, რომ მასთან ერთადაა მასწავლებელი თორნიკე მარუაშვილი, რომელსაც ოჯახის წევრები 16 აპრილის ღამის შემდეგ ეძებდნენ.
მედიაში ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ სცემენ პოლიციელები მანქანასთან ჩამჯდარ ახალგაზრდა კაცს - ამ კადრების გავრცელების შემდეგ ეძებდნენ თორნიკე მარუაშვილს ახლობლები.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა აქციის 5 მონაწილეს, სამედიცინო დახმარება გაეწია 2 პოლიციელს.
თბილისში ორი დღეა მასობრივი აქციები იმართება "აგენტების კანონის" წინააღმდეგ, რომელსაც საზოგადოება "რუსულ კანონად" მიიჩნევს. 15 აპრილის აქციაზე პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა, თუმცა სპეციალური საპოლიციო საშუალებები არ გამოუყენებია. 16 აპრილს აქციაზე პოლიციამ 18 ადამიანი დააკავა, გამოიყენა სპეციალური საშუალებებიც.
რადიო თავისუფლება ცდილობს დაშავებულთა შესახებ მონაცემების დაზუსტებას.