Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მშვიდად უნდა დაველოდოთ" - პრემიერ-მინისტრის ანგარიში პარლამენტში 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. 30 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. 30 ივნისი, 2023 წელი

ევროკავშირი უსამართლოდ მოექცა საქართველოს, დაუშვა სტრატეგიული შეცდომა; ნატოსთან მიმართებით „ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ“, რუსეთთან ფრენების აღდგენაზე კითხვები არ დავუტოვეთ პარტნიორებს, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, პარლამენტში.

ირაკლი ღარიბაშვილმა გაიმეორა, რომ საქართველომ უკვე შეასრულა ევროკომისიის რეკომენდაციების 12-დან 11 პუნქტი, განსხვავებით თავად ევროკავშირის შეფასებისგან.

საერთაშორისო პარტნიორების მისამართით პრემიერმა არაერთი საყვედური გამოთქვა და მიანიშნა, რომ სათანადოდ არ დაფასდა საქართველოს მსხვერპლი და თავგანწირვა ნატოსა და ევროკავშირის მისიებში.

ოპოზიცია ღარიბაშვილს „პუტინისტური“ თეზისების, ანტიდასავლური მესიჯების გავრცელებაში სდებს ბრალს.

ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის უდიდესი ნაწილი ოპონენტებზე შეტევასა და წარსულის გახსენებას დაეთმო.

რადიო თავისუფლებამ 30 ივნისის მრავალსაათიანი სხდომიდან, სადაც პრემიერ-მინისტრმა ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, ძირითადად საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ განცხადებებს მოუყარა თავი.

ევროკავშირზე, ნატოზე:

„მე ჩემს შეხვედრებში ვარწმუნებ ჩვენს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს, რომ თუ ისინი არ მიანიჭებენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება მორიგი სტრატეგიული შეცდომა“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან, როცა დეპუტატებს მიმართავდა.

ის ირწმუნება, რომ საქართველო მოლდოვასა და უკრაინაზე წინ არის ყველა პარამეტრით, მათ შორის, რეკომენდაციების შესრულებაში, მაგრამ ევროკავშირში უსამართლოდ დაჩაგრეს.

მაშინ, როდესაც ევროკომისია საქართველოს მიერ სრულად შესრულებულ მხოლოდ სამ რეკომენდაციაზე ლაპარაკობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმეორებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ მანამდე არაერთგზის ნათქვამს - რომ 12-დან 11 „რეკომენდაცია, შეიძლება ითქვას, რომ არის შესრულებული“.

ხოლო, დარჩენილი ერთი პუნქტის - პოლარიზაციის შემცირების - შესრულება, მისი განმარტებით, „უპასუხისმგებლო ოპოზიციის“ გამო ვერ ხერხდება.

29-30 ივნისს, ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს სამიტის დასკვნით დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ევროპის საბჭო "აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებს" და ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან, რათა დაეხმაროს მას ევროპულ გზაზე წინსვლისთვის საჭირო პირობების შესრულებაში.
ევროკომისიის 21-22 ივნისს გაკეთებული შუალედური წინასწარი დასკვნის შემდეგ, 23 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციური "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია შეიწყალა, რომლის პატიმრობას ბევრი საერთაშორისო პარტნიორი აკრიტიკებდა.


30 ივნისს პრემიერმა საერთაშორისო პარტნიორების მიმართ არაერთი საყვედური გამოთქვა; მათ შორის მიანიშნა, რომ სათანადოდ არ დაფასდა საქართველოს მსხვერპლი და თავგანწირვა ნატოსა და ევროკავშირის მისიებში. მისი სიტყვებია:

  • „32 ჩვენი გმირი შეეწირა ნატოს მისიებს - ავღანეთში, ერაყში და ასეულობით არის მძიმედ დაჭრილი. გული მოგიკვდება, ვერ ესაუბრები ამ ადამიანებს, როცა ხვდები... და განსახილველად დააყენეს საქართველო და მოლდოვა - დსთ-ს წევრი ქვეყანა - ეს სამართლიანია?!“.
  • „ევროკავშირის ეგიდით იყო გამართული მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ჩვენზე გადადიოდა ყველაფერი... ევროკავშირის მისია ჩავარდნის პირას იყო... იქაც მივიღეთ მონაწილეობა ღირსეულად, ბოლომდე და გამოვიყვანეთ იმიტომ, რომ ყველამ დატოვა. მთელი ევროპა გავიდა თითქმის“.

პრემიერ-მინისტრი საჭიროდ თვლის ადამიანის უფლებების კუთხით ევროკავშირის ფასეულობების გადახედვას. ოპონენტებმა ჰომოფობიურად შეაფასეს მის მიერ „ლგბტ-პროპაგანდასთან“ დაკავშირებული განცხადებები:

„ჩემთვის მიუღებელია ბაღებში და სკოლებში ეს ლგბტ-პროპაგანდა... ღიად გეუბნებით, მიუღებელია, არ შეიძლება... ევროპაშიც და, სამწუხაროდ, ამერიკაში რა ხდება - ბაღებში და სკოლებში შევიდა უკვე ეს პროპაგანდა... არ შეიძლება, კატასტროფაა ეს“, - პრემიერი გადაჭრით იმასაც ამბობს, რომ „ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუდადებული თემა“ და „მათ შორის შესაძლოა საკანონმდებლო დონეზეც მოწესრიგდეს ეს საკითხი“.

მანამდე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პრემიერს უთხრა, რომ „ოცნების“ „მთელი იდეოლოგია პუტინისტურ მესიჯებზეა აგებული“.

„ქართველობას გვართმევენ, რელიგიას გვართმევენ, ტრადიციებს გვართმევენ, კაცობას, ქალობას გვართმევენ - ლგბტ-პროპაგანდა.... საფრანგეთში მოსახლეობის 22% თურმე სხვა ორიენტაციაზე გადავიდა, ამ სამარცხვინო თეზისების, პუტინისტური თეზისების სჯერა ვინმეს საქართველოში?.... მიპასუხეთ ახლა, კაცობა და ქალობა რამდენს წაართვეს?“, - გოცირიძე აღნიშნავს იმასაც, რომ მსგავს მესიჯებს „პუტინის გარდა, კიდევ ერთი ქაჯი ევროპელი - ორბანი იმეორებს“.

„მოგიწოდებთ, კორექტული იყოთ, როცა ბატონ ორბანზე საუბრობთ. ბატონი ვიქტორ ორბანი არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი... ნამდვილი მეგობარი“, - მიმართა პრემიერმა ოპოზიციონერ დეპუტატ რომან გოცირიძეს და დასძინა, რომ ორბანი მხარს უჭერს საქართველოს „გაერთიანებას ევროკავშირში, ნატოში“ და ის ევროკავშირში „ხმალამოღებული მხარდამჭერია“.

სხდომაზე დაისვა არაერთი შეკითხვა ნატოსთან დაკავშირებით. ახლოვდება ვილნიუსის სამიტი და დეპუტატები დაინტერესდნენ - რას აპირებს საქართველო, რა გზავნილები ექნება?

ირაკლი ღარიბაშვილის პასუხია, რომ ოკუპირებულმა ქვეყანამ, რომელსაც „არავითარი უსაფრთხოების გარანტია არ გააჩნია“, დღემდე ომი მხოლოდ „სტრატეგიული მოთმინებით“ აირიდა და მიანიშნა, რომ - მოახლოებული სამიტისთვის საქართველო დამატებითი მოთხოვნების წამოყენებას არ გეგმავს.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ის პროგრესი, რომელიც მიღწეული გვაქვს, იყოს სათანადოდ აღიარებული, შეფასებული, დაფასებულიც... ამ სიტუაციაში სიმართლე უნდა ვუთხრათ საზოგადოებასაც და ჩვენს თავსაც - რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ... ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ. სიმშვიდე გვჭირდება, მეგობრებო, სიმშვიდე და გონიერება“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

ივლისში, ვილნიუსში, ნატოს სამიტზე, რომელზეც უკრაინა წინსვლის დიდ იმედებს ამყარებს, საქართველოს არა პრემიერ-მინისტრი, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრი წარადგენს.

ოპოზიცია დაინტერესდა - რატომ არ მიდის პრემიერი ვილნიუსის სამიტზე და ხომ არ უკავშირდება ეს მის ხმაურიან განცხადებებს - გაკეთებულს 30 მაისს, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართული დისკუსიის დროს. „როცა ნატოს ასპირანტმა ქვეყანამ [საქართველომ] პირდაპირ დაადანაშაულა ნატო იმაში, რომ - უკრაინაში რუსეთის აგრესია მოხდა“, - თქვა დეპუტატმა დეკანოიძემ.

ბუდაპეშტში ნათქვამი სიტყვები პრემიერს უკან არ წაუღია. ის ამბობს, რომ ევროპელი ლიდერებიც მსგავსი შინაარსის განცხადებებით გამოდიან და ომს უკრაინის არჩევანს უკავშირებენ.

რუსეთი, ოკუპაცია, ფრენები

„რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ბაზირებას“, - ამბობს პრემიერი და დასძენს, რომ ოკუპაცია წინა ხელისუფლებისგან „მემკვიდრეობით“ მიღებული გამოწვევაა. ზოგადად ოკუპაციასთან მიმართებით პრემიერის ბრაზი არა რუსეთისკენ, არამედ ძირითადად - ისევ ოპოზიციისკენ არის მიმართული:

  • „როცა იყვნენ ხელისუფლებაში, მაშინ ვერ აირიდეს თავიდან ომი. ეს უბედურება დამართეს ქვეყანას. ეს დიდი განსაცდელი მოუვლინეს ქვეყანას, ჩვენს ხალხს“.
  • „2007 წელს გავიდა რუსული ჯარი საქართველოდან და რამდენიმე თვეში ამ ადამიანებმა შემოაბრუნეს“.
შეკითხვა დაისვა რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრის პასუხია, რომ ეს არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე და, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანი სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.

პარლამენტის ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ დაწესებულა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ „ოკუპაციის შესაჩერებლად, დასაგმობად“ და ამასვე იხსენებს - რუსეთთან პირდაპირი ავიამომოსვლის აღდგენის საკითხზე ლაპარაკისასაც.

„ჩვენ არავისთან თავის სამართლებელი არ გვაქვს, - ამბობს ის ფრენის აღდგენის საკითხზე საერთაშორისო პარტნიორების უარყოფით დამოკიდებულებაზე, - არ დავუტოვეთ კითხვა არცერთ ჩვენს პარტნიორს. ჩვენ ღიად ვუთხარით მათ და მე საჯაროდაც ვთქვი, რომ - ჩვენი ომი ომი არ იყო? თუ ჩვენი სამხედროების სისხლი არ არის სისხლი?! ... ამიტომ ფრენებთან დაკავშირებით არავითარი კითხვა არ არსებობს“.

პრემიერი ამბობს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება იყო „ომის პარტიის“ მოთხოვნა და მიზანს წარმოადგენდა - „ომის მიღწევა“, „მეორე ფრონტის გახსნის მიღწევა“ და „ქვეყნის განადგურება“.

„ჩვენ არ გადავდგამთ არცერთ ნაბიჯს, რომელიც დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ხალხის ინტერესებს... ამ პოლიტიკას დავიცავთ მტკიცედ და ვერ შეგვაცვლევინებენ“, - იმეორებს პრემიერი.

„ოცნება“ რუსულ საქმეს აკეთებს - 30 ივნისს ეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის არაერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა.

„ყველგან და ყოველთვის შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის დავალებით თქვენ, ბატონო ირაკლი, და თქვენი ბანდიტოკრატიული მთავრობა რუსულ საქმეს აკეთებს... მაგრამ აქვე გეტყვით, რომ დამარცხდებით - რადგან ქართველი ხალხის ურყევი ნება გაიმარჯვებს...“, - მიმართა პრემიერს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ.

„რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ პრემიერ-მინისტრი ფარისევლობაშიც დაადანაშაულა.

„თქვენ ჩვენი შვილების მომავლისთვის გინდათ საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში, სადაც იჩაგრებიან ადამიანები და საკუთარი შვილისთვის გინდათ საუკეთესო უმაღლესი განათლება აშშ-ში. ეს არის ფარისევლობა და პროპაგანდა, მეტი არაფერი“, - თქვა დეპუტატმა სამნიძემ.

პრემიერის გამოსვლისას ოპონენტები დარბაზში შეძახილებით გამოხატავდნენ პროტესტს, პრემიერი პასუხობდა: „მე მოგიწოდებთ, პატივცემულო განადგურებულო ოპოზიციავ, შეინარჩუნოთ კონსტრუქციულობა“.

ოპონენტების მისამართით გამოყენებული იყო სხვა სიტყვებიც: „მოღალატე“, „ხელმოცარული“, „გაუბედურებული“, „საცოდავი“, „დეგრადირებული“, „ქვეყნის მტერი“, „მავნებელი“.

„პოლარიზაცია და რადიკალიზაცია აწყობს საქართველოს ხელისუფლებას და თუ ვინმე არის დესტრუქციული, თუ ვინმე არის რადიკალური და პოლარიზაციის გამაღრმავებელი დღეს, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა და საქართველოს ხელისუფლების ქმედებები იმ ძალადობის საპასუხოდ, რომელსაც ყოველდღიურად ვისმენთ და ვხედავთ“, - თქვა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ.

დასმულ შეკითხვებზე პრემიერის პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ დარჩნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები და გაემგზავრნენ კასპში, სადაც, მათი განცხადებით, მოხდა ძალადობის ფაქტები - პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილისა და პენსიონერების შეხვედრის დროს. „ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო აქცია ძალადობის პოლიგონად“, - განაცხადეს პარტიაში. შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG