პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პარლამენტის სხდომაზე გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, პარლამენტის წვერი ხათუნა სამნიძე. მან მთავრობის მეთაური ფარისევლობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ პრემიერის შვილი სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.
„მე ვიცავ ოჯახის ფასეულობებს და ქართულ ღირებულებებს, რაც არის თანასწორობა და ჩაგრულის დაცვა. პროპაგანდა ნებისმიერი სახით არის ბოროტება. რასაც თქვენ დღეს აკეთებდით, ეს იყო ბოროტება. პროპაგანდა თუ სადმე არის, ჩვენ გეკითხებით, სად? უნდა დაასახელოთ ეს ადგილები. ასე ჰაერზე ლაპარაკი არის პროპაგანდა, ტყუილიც, რადგან თქვენ თავად სწავლობდით უცხოეთში, საფრანგეთში, მაგალითები, რომ მოგყავთ... თქვენს შვილს ამერიკაში აგზავნით, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცით, უმაღლესი ხარისხის განათლების სისტემაა.
რასაც პოლიტიკაში და მაღალი ტრიბუნიდან ვსაუბრობთ, ისე უნდა ვცხოვრობდეთ. მე რისიც მჯერა - თანასწორობის - ამას ვასწავლი ჩემს შვილს. თქვენ ჩვენი შვილების მომავლისთვის გინდათ საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში, სადაც იჩაგრებიან ადამიანები და საკუთარი შვილისთვის გინდათ საუკეთესო უმაღლესი განათლება აშშ-ში. ეს არის ფარისევლობა და პროპაგანდა, მეტი არაფერი", - მიმართა ღარიბაშვილს სამნიძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში ჰომოფობიური განცხადებით გამოვიდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგია. პრემიერმა თქვა, რომ ამ „საკითხებს სჭირდება დარეგულირება, ვინაიდან ეს საკითხები დაისვა ღიად, ამიტომ ჩვენ, ხელისუფლებას მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება".
პარლამენტში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტიის, „კონსერვატიული მოძრობის" ლიდერებისა და ტელეკომპანია „ალტ-ინფოს" წამყვანების ავტორობით მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სამ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი შესწორებით, „სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა“ იკრძალება.
პარალელურად, 2 მაისს დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მზადაა კანონპროექტად დაარეგისტრიროს ის ინიციატივები, რომლებიც გასულ კვირას "უცნობის" ორგანიზებით გამართულ აქციაზე გაჟღერდა. ამ აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა "ლგბტ პროპაგანდის" კანონით აკრძალვა იყო.
„LGBT+ პროპაგანდის" ამკრძალავი კანონი რუსეთში 2013 წლიდან მოქმედებს. გასულ წლის ბოლოს რუსეთში კანონმდებლობა გამკაცრდა.
ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებული 12-პუნქტიანი პირობიდან, ერთ-ერთში ვკითხულობთ: „სასწრაფოდ გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის, მოძალადეების და ამ ძალადობის დამკვეთების მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით”.