Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ჰომოფობიური განცხადებით გამოვიდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში ჰომოფობიური განცხადებით გამოვიდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგია.

„ეს არის საკმაოდ მგრძნობიარე თემა, ამის თაობაზე ბევრ ქვეყანაში არაერთი დებატები გაიმართა და დღემდე გრძელდება ეს დებატები. მე ღიად ვთქვი რამდენიმე დღის წინაც და ახლაც გავიმეორებ, მე არ მოვერიდები და საერთოდ არ მიმაჩნია უხერხულობად ამ თემაზე საუბარი. პირიქით, მე ვფიქრობ, უნდა გავხსნათ დებატები ჩვენს ქვეყანაში. მომწიფდა დრო, რომ ამ თემაზე გაიხსნას დებატები და ერთხელ და სამუდამოდ ცხადად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია. მკაფიოდ ითქვას, რას ვემხრობით, რა არის მისაღები, რა არის მიუღებელი.

ჩემთვის მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ეს ლგბტ პროპაგანდა. ღიად გეუბნებით, მიუღებელია, მეგობრებო, არ შეიძლება", - პრემიერის ამ სიტყვებს დარბაზში მყოფი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.

ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლა ჰომოფობიურ კონტექსტში ანტიდასავლური რიტორიკით განაგრძო: „ევროპაშიც და, სამწუხაროდ, ამერიკაშიც რა ხდება, იცით თქვენ, საჯაროდ არის ინფორმაცია ამის შესახებ, ბაღებში შევიდა უკვე ეს პროპაგანდა. არ შეიძლება, კატასტროფაა ეს..." - პრემიერს სიტყვა გააწყვეტინეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თამარ კორძაიამ და ხათუნა სამნიძემ.

პრემიერ-მინისტრმა „მაკდონალდსის" კამპანიის წინააღმდეგაც ილაპარაკა. „ამორალური იყო ის კამპანია, რომელიც „მაკდონალდსმა“ აწარმოა. თქვა, რომ ეს იყო გლობალური კამპანიის ნაწილი. რა მნიშვნელობა აქვს, ვერ გავიგე. ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუდადებული თემა. ამაზე შეიძლება გაიხსნას დებატები პარლამენტშიც. მათ შორის, შეიძლება, საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს ეს საკითხი. ამაზე შეიძლება დებატების გახსნა და საერთო კონსენსუსის მიღება", - თქვა მან.

ღარიბაშვილმა გაიხსენა ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება და ანტიდისკრიმინაციული კანონი.

„ჩვენ 2014 წელს მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი. მაშინ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, როდესაც ვმუშაობდით ვიზალიბერალიზაციის ვალდებულების შესრულებაზე, ერთ-ერთი ვალდებულება იყო სწორედ ამ კანონის მიღება, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს თავი დაიხურა. მე მაშინვე, პარალელურად, გამოვედი ინიციატივით, ვთქვი, რომ ჩვენი კონსტიტუციის დეფინიცია მოხდებოდა კონსტიტუციის დონეზე, კონსტიტუციაში, რომ დაგვეზღვია ყველა შესაძლო რისკი.

მე მიმაჩნია, რომ ეს საკითხები საჭიროებს ფართო დებატებს. უნდა გაიხსნას დებატები ამ თემაზე, უნდა ღიად ვისაუბროთ საზოგადოებაში ამ თემებზე. მე ჩემი პოზიცია გითხარით, როგორც მოქალაქის და მთავრობის მეთაურის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შემდეგ პრემიერ-მინისტრი კვლავ მიუბრუნდა „მაკდონალდსს" და ასევე ილაპარაკა „სულაკაურის გამომცემლობის" შესახებ.

„მიუღებელი არის, მაგალითად, „მაკდონალდსში“ როგორი კამპანია დაიწყეს, მიუღებელი იყო, რა თქმა უნდა. ასევე მიუღებელი არის ერთ-ერთი გამომცემლობის... „სულაკაურის გამომცემლობაში“ იყო ასევე. ვფიქრობ, საგანგაშო იყო ეს ფაქტიც. ამაზე საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მკვეთრი და მძაფრი. ამიტომ ამ საკითხებს სჭირდება დარეგულირება. ვინაიდან ეს საკითხები დაისვა ღიად, ამიტომ ჩვენ, ხელისუფლებას, მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

27 ივნისს „სულაკაურის გამომცემლობის“ ოფისში ორი ადამიანი მივიდა - ხელში შეურაცხმყოფელი პლაკატებით, „პედოფილებოს“ ძახილითა და ფეისბუკზე ჩართული ლაივით.

ისინი გამომცემლობის თანამშრომლებს სთხოვდნენ პასუხს მათ მიერ გამოცემული ერთ-ერთი ცნობილი წიგნის - „ძილისპირული ამბები გოგონებისთვის“ - შინაარსის გამო. წიგნში, სხვა ამბებთან ერთად, ტრანსგენდერი გოგოს ამბავიცაა მოთხრობილი.

„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ განმარტების გაკეთება მომიწევდა მე-17 საუკუნეში დაწერილი შარლ პეროს ზღაპრის ან თუნდაც, „ძილისპირული ამბების“ გამო, რომელიც ხუთი წლის წინ გამოვიდა და ვიღაცას ახლა გაახსენდა. ფაქტია, ეს კამპანიის ნაწილია. თავს ესხმიან ლევან ბერძენიშვილს, მიშა მშვილდაძეს, სხვებს. ახლა - წიგნებსაც “, - უთხრა რადიო თავისუფლებას „სულაკაურის გამომცემლობის“ დირექტორმა თინა მამულაშვილმა.

გამომცემლობაში მისული ადამიანებიდან ერთ-ერთი აღმოჩნდა ხატია ჯანაშია, ვატო შაქარიშვილის კონსერვატიული მოძრაობის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, წევრი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკვე დააჯარიმა პოლიციამ 1000 ლარით, ორბელიანების სასახლის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის გამო.

ჯანაშიამ მაშინ ამ ფორმით გააპროტესტა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, შეწყალება.

ჯარიმის თანხის შეგროვება კი მისთვის საჯაროდ აიღო საკუთარ თავზე „პოსტივის“ ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ

„სულაკაურის გამომცემლობამ“ პოლიციას მიმართა.

პარლამენტში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტიის, „კონსერვატიული მოძრობის", ლიდერებისა და ტელეკომპანია „ალტ-ინფოს" წამყვანების ავტორობით მომზადებული კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სამ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი შესწორებით, „სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა“ იკრძალება.

პარალელურად, 2 მაისს დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მზადაა, კანონპროექტად დაარეგისტრიროს ის ინიციატივები, რომლებიც "უცნობის" ორგანიზებით გამართულ აქციაზე გაჟღერდა. ამ აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა "ლგბტ პროპაგანდის" კანონით აკრძალვა იყო.

ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთში ვკითხულობთ: „სასწრაფოდ გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის, მოძალადეების და ამ ძალადობის დამკვეთების მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით”.

„LGBT+ პროპაგანდის" ამკრძალავი კანონი რუსეთში 2013 წლიდან მოქმედებს. გასულ წლის ბოლოს რუსეთში კანონმდებლობა გამკაცრდა.

XS
SM
MD
LG