Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"9 მაისისთვის პუტინი ვერაფერს იზეიმებს" - გენერალი სერ რიჩარდ შირეფი


ბრიტანელი გენერალი სერ რიჩარდ შირეფი
ბრიტანელი გენერალი სერ რიჩარდ შირეფი

„ერთადერთი მისაღები შედეგი დასავლეთისთვის ომში - ეს უნდა იყოს უკრაინის გამარჯვება. ყველამ უნდა შეიგნოს: ეს არაა უბრალოდ პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ესაა ომი დასავლეთის წინააღმდეგ. და ამ დასავლეთში, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, მყარად შედის საქართველოც”, - ეუბნება ბრიტანელი გენერალი სერ რიჩარდ შირეფი რადიო თავისუფლებას. ოთხვარსკვლავიანი გენერალი რუსეთის პირველი შეჭრის დროს უკრაინაში, 2014 წელს, ჯერ კიდევ ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილე იყო. ეს პოსტი მან მარტში დატოვა, 2016 წელს ნახევრად მხატვრულ წიგნში სათაურით „2017 - ომი რუსეთთან” რიჩარდ შერიფმა აღწერა რუსეთის შეჭრა ბალტიის ქვეყნებში - რეალურ საომარ სცენარებზე დაყრდნობილი მსუსხავი პოლიტიკური ტრილერი. ვაჟა თავბერიძე გენერალ შერიფს რუსეთ-დასავლეთის ომის უკრაინის ფრონტზე ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: ბოლოდროინდელი მოვლენებით დავიწყოთ. რუსეთი გაიძახის, რომ ოთხშაბათ ღამით კრემლის თავსზემოთ ჩამოგდებული ორი დრონი უკრაინას ეკუთვნოდა და უკრაინელები, არც მეტი, არც ნაკლები, პრეზიდენტ პუტინის ლიკვიდაციას ისახავდნენ მიზნად. თავის მხრივ, უკრაინა ყველაფერ ამას უარყოფს. მოდით, ამ ყველაფერს ასეთ პერსპექტივაში შევხედოთ: ერთი თვის წინ, „ვაშინგტონ პოსტი“ წერდა, რომ ომის გასვლიდან 1 წლის „აღსანიშნავად“ უკრაინელები აპირებდნენ მასობრივ დარტყმებს მოსკოვსა და სხვა ქალაქებში, მაგრამ ამერიკელებმა გადააფიქრებინეს: ვაშინგტონში თვლიან, რომ მოსკოვი „ლიმიტს გარეთაა“. ამის შემდეგ უკვე „პოლიტიკო“ წერს, რომ უკრაინელებს არ სურთ, ამერიკელ პარტნიორებს მოსალოდნელი კონტრიერიშის დეტალები გაუმხილონ, ინფორმაციის გაჟონვის საფრთხის გამო. და ეს ყველაფერი გვირგვინდება ოთხშაბათ ღამით მომხდარით, რასაც რუსეთი უკრაინას აბრალებს, ტერორისტულ აქტს უწოდებს და აცხადებს, რომ უპასუხებს მაშინ და ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის. რა დასკვნების გამოტანა შეიძლება ამ ყველაფრიდან?

გენერალი სერ რიჩარდ შირეფი: ჩემს პასუხი ასეთია - რუსეთის მხრიდან სრული უტიფრობაა მოსკოვზე თავდასხმაზე წუწუნი, მაშინ როდესაც ომის დაწყების დღიდან, 24 თებერვლიდან მოყოლებული, რუსებმა უკრაინაში ქალაქი არ დატოვეს, რამდენჯერმე რომ არ დაებომბათ. გასულ კვირას კიევში ვიყავი, და ხუთშაბათი ღამე ბომბსაფარში გავათენე, რადგან რუსეთმა მართვადი რაკეტებით მიიტანა შეტევა უკრაინაზე. ასე რომ, ეს უტიფრობაა და სხვა არაფერი. უკრაინა ეროვნული გადარჩენის ომშია ჩაბმული და როდესაც ეროვნული გადარჩენის ომში ხარ, მზად უნდა იყო ბრძოლის მტრის ტერიტორიაზე გადასატანად. რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომელზეც თქვენ ყურადღება გაამახვილეთ. ოდნავადაც არ მიკვირს, რომ უკრაინას არ უნდა, მომავალი კონტრიერიშის უკიდურესად მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე დეტალები ამერიკას გაუზიაროს, მას შემდეგ, რაც იმ წარმოუდგენელი გაჟონვის მომსწრენი გავხდით. ამერიკა საცერივითაა - 21 წლის აიტის სპეციალისტს თუ კონსულტანტს ეროვნულ გვარდიაში, რაღაც მანქანებით, ხელი მიუწვდება წარმოუდგენელი მასშტაბის საიდუმლო ინფორმაციაზე. ასე რომ, უკრაინა სწორად იქცევა, როცა დეტალებს გულმოდგინედ ინახავს და მხოლოდ მათ უზიარებს, ვინც აუცილებელია იცოდეს. ეს ომის უსაფრთხოების საბაზისო პრინციპია.

ტრიუკი იმაშია, რომ უკრაინის კონტრშეტევა რუსეთისთვის მუხლებში ჩაქუჩის ჩარტყმების სერიას ჰგავდეს - როგორც კი წონასწორობის დაბრუნებას შეეცდება დარტყმის შემდეგ, მორიგი დარტყმა უნდა მოაყოლო და ამის საშუალება არ მისცე.

რადიო თავისუფლება: გადავიდეთ უკრაინის კონტრიერიშზე, რომელსაც ყველა ველოდებით - და მაინც რას უნდა ველოდოთ მისგან. ოღონდ აქაც, მოდით, პერსპექტივაში მოვაქციოთ ყველაფერი: ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, ოცზე მეტ გენერალსა და სამხედრო ექსპერტს მაინც ვესაუბრე ამ თემაზე. საყოველთაო კონსენსუსი იმის შესახებ, თუ რას მოიმოქმედებს უკრაინა, ასე გამოიყურება: კიევი შეეცდება სამხრეთში ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები გაათავისუფლოს, ეცდება ყირიმის ამოკეტვას, სახმელეთო ხიდის განადგურებას და ა.შ. მინდა გკითხოთ, ასე წინასწარ გადაწყვეტილია ყველაფერი? და თუ მართლა ასეა, რუსებიც ხომ ხვდებიან ამ ყველაფერს და ამისთვის ემზადებიან? რჩება სივრცე ტაქტიკური სიურპრიზებისთვის?

გენერალი შირეფი: არაფერია წინასწარ გადაწყვეტილი. ეს ერთი. მეორე - მე, ცხადია, არ ვიცი, რას გეგმავენ უკრაინელები. არც მჭირდება ამის ცოდნა, არც მინდა, რომ ვიცოდე და რომც მინდოდეს, მაინც არ მეტყოდნენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, უნდა გავიაზროთ რამდენიმე მარტივი რამ - დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონტრიერიშს ვიხილავთ. სხვა რომ არაფერი, იმიტომ, რომ უკრაინას სხვა გზა არც აქვს - ტერიტორია უნდა დაიბრუნოს. უნდა გვაჩვენოს, რა წარმატების მიღწევა შეუძლია იმ დახმარებით, რაც ნატომ და პარტნიორებმა გაუწიეს. ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, და ეს თქვენც აღნიშნეთ - რუსეთიც შეეცდება საკუთარი სიტყვა თქვას - მთელი ზამთარი ჰქონდათ ფრონტის ხაზის სტაბილიზებისთვის ადრეული კატასტროფების შემდეგ - ჯერ ხარკოვთან, შემდეგ კი ხერსონის გათავისუფლებას ვგულისხმობ. ის იერიშები, რომლებიც რუსებმა ზამთრის განმავლობაში წამოიწყეს - წარუმატებელი აღმოჩნდა. მათ დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს - ვერ ჩაუგდეს პუტინს ხელში მთელი დონბასის გასაღები. მაგრამ, ამავდროულად, რუსეთმა მნიშვნელოვნად გაამაგრა თავდაცვითი ხაზი, დანაღმა მნიშვნელოვანი პერიმეტრები. ამ ეშელონური თავდაცვის ხაზისა და დანაღმული პერიმეტრების გარღვევა უკრაინისთვის რთული, ძალზე რთული გამოწვევა იქნება. ეს სამხედრო ოპერაციებიდან ერთ-ერთი ურთულესია - წინასწარგანზრახული და წინასწარ გამოცხადებული იერიში კარგად გამაგრებული თავდაცვითი პოზიციების წინააღმდეგ.

რადიო თავისუფლება: რომლის მხარეზეა ასევე რიცხობრივი უპირატესობაც - რამდენადაც მესმის, როგორც წესი, იმ მხარეს, რომელიც უტევს, სამი ან ხუთმაგი რიცხობრივი უპირატესობა უნდა ჰქონდეს თავდამცველებთან მიმართებით და ამ შემთხვევაშიც კი წარმატება სულაც არ არის გარანტირებული. რა ხდება მაშინ, როდესაც ვინც უტევს, ის უფრო მცირერიცხოვანია და დამცველები შემტევებზე ბევრნი არიან?

გენერალი შირეფი: ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, სად მიიტან იერიშს. რაც არ უნდა გააკეთო - და ეს ზოგადი სამხედრო პრინციპია - არ უნდა გადახვიდე იერიშზე იქ, სადაც მტერი ძლიერია. სუსტი რგოლი, მონაკვეთი უნდა ეძებო და აქ უკვე საქმეში შემოდის მტრისთვის თვალის ახვევის, გაცურებისა და სიურპრიზის ელემენტები. შენი ძალების კონცენტრაცია, ფოკუსი უნდა იყოს იქ, სადაც მტერი ყველაზე დაუცველია. და დიახ, ერთი შეხედვით უკრაინელებს არ აქვთ რიცხობრივი უპირატესობა - მაგრამ თუ ჭკვიანურად იმოქმედებ, თუ მტერს ცრუ-მანევრზე წამოაგებ - მაშინ სხვა საქმეა. სამხედრო ისტორიას მრავლად აქვს მაგალითები, სადაც უფრო მცირერიცხოვანმა მხარემ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. მაგრამ, ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, თუ უკრაინის რამხელა ტერიტორია აქვს მითვისებული რუსეთს, ვფიქრობ, ხანგრძლივ კამპანიას უნდა ველოდოთ, კონტრიერიშების სერიებით, რომელთაგან თითოეულს საკმაო დრო დასჭირდება ჯეროვნად მოსამზადებლად. ტრიუკი იმაშია, რომ უკრაინის კონტრშეტევა რუსეთისთვის მუხლებში ჩაქუჩის ჩარტყმების სერიას ჰგავდეს - როგორც კი წონასწორობის დაბრუნებას შეეცდება დარტყმის შემდეგ, მორიგი დარტყმა უნდა მოაყოლო და ამის საშუალება არ მისცე. ამას, ვფიქრობ, საკმაოდ დრო დასჭირდება - შობისთვის ვერ მოვრჩებით, როგორც ჩვენთან იტყვიან ხოლმე. ჩემი ვარაუდით, დაახლოებით 2-3-წლიან სამხედრო კამპანიას უნდა ველოდოთ. და ამ პერიოდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ნატოს დახმარება - დასავლეთის მზადყოფნა, უკრაინას მისცეს შეიარაღება, რითაც ისინი „საქმეს მოამთავრებენ“. ამას კი დასჭირდება მენტალიტეტის ფუნდამენტური ცვლილება ნატოში, ომის ეკონომიკის რელსებზე გადასვლა და მანუფაქტურული შესაძლებლობების გაძლიერება, მაგალითად, საკმარისი საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის წარმოება იმისთვის, რომ უკრაინას ამ ხანგრძლივი კამპანიის მანძილზე შეიარაღებაზე თავის მტვრევა არ უწევდეს.

რადიო თავისუფლება: „საბრძოლო თვითმფრინავებით ან მათ გარეშე, ჩვენ კონტრიერიშზე მაინც გადავალთ“ - ასეთია ოფიციალური კიევის პოზიცია. რამდენად ძვირად შეიძლება დაუჯდეთ საჰაერო კომპონენტის ეს დეფიციტი უკრაინელებს?

გენერალი შირეფი: დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ჭკვიანურად იომებენ უკრაინელები, იმის გააზრებით, რომ უპირატესობა მეტოქის მხარეზეა - არ აქვთ თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებსაც ითხოვდნენ და რომლებიც ასე ძალიან სჭირდებოდათ. ვფიქრობ, მხოლოდ აღტაცებას და პატივისცემას იმსახურებს გამომგონებლობისა და მოხერხებულობის ის უნარი, რომელიც მათ აქამდე გამოავლინეს, როდესაც სხვადასხვა უპირატესობის მქონე რუსებს უპირისპირდებოდნენ, მაგრამ, მარტივი მათემატიკით თუ შევხედავთ, რეალობა ასეთია: ბოლო მოდელის რუსული საბრძოლო თვითმფრინავები ეფექტურობითა და გამანადგურებლის უნარებით ბევრად აღემატებიან იმ მიგ-28-ებსა და მიგ-29-ებს, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვას ჰყავს. თუ რუსეთი ისწავლის, როგორ გამოიყენოს საკუთარი საჰაერო უპირატესობა, ეს უკრაინას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. მაგრამ საქმეც ისაა, რომ აქამდე რუსებმა ამის სწავლა ვერ მოახერხეს. ასე რომ, ისევ უკრაინელების კრეატიულობის იმედი მაქვს, მაგრამ ისიც აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ უკვე კარგა ხანია, დროა დასავლეთმა მისცეს უკრაინას, რასაც ითხოვს - ამ შემთხვევაში კი უკრაინა ითხოვს ფ-16-ებს. მთელი ეს გაუთავებელი საუბრები იმის შესახებ, რომ აი, ამდენი დრო პილოტის მომზადებას სჭირდება, ამდენი ლოგისტიკას და ა.შ. – 24 თებერვალს რომ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება, ან, კიდევ უკეთესი, 2014 წლის მარტში, ორი აზრი არ არსებობს, რომ უკრაინა დღეს ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა.

რა არის ყველაზე ცუდი სცენარი? ეს არის [პირდაპირი] ომი რუსეთთან. უნდა ვემზადოთ ამისათვის, მაგრამ ძალიან შორს ვართ ამ მზადყოფნისგან.

რადიო თავისუფლება: კიდევ ჩაგეძიებით დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე. იანვარში გამოქვეყნებულ სტატიაში წერდით, რომ „ახლა, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს, რომ უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი, რაც სჭირდება. ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ“. ეჭვი მაქვს, ვიცი, რასაც მიპასუხებთ, მაგრამ მაინც დაგისვამთ ამ კითხვას - გააორმაგა დასავლეთმა ძალისხმევა?

გენერალი შირეფი: არა, არ გაუორმაგებია. გაორმაგება სჭირდება ნატოს სამხედრო შესაძლებლობებსაც. ამისთვის საჭიროა, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5-6-პროცენტიან ნიშნულს მიუახლოვდეს. ეს ნიშნავს ახალ მენტალიტეტს - ახალ მენტალიტეტს, რომელიც გვეუბნება: მზად უნდა ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარისათვის. უკვე წლებია, ამას ვამბობ. რა არის ყველაზე ცუდი სცენარი? ეს არის [პირდაპირი] ომი რუსეთთან. უნდა ვემზადოთ ამისათვის, მაგრამ ძალიან შორს ვართ ამ მზადყოფნისგან.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რამდენად უფრო რეალური გახდა დასავლეთ-რუსეთის პირდაპირი კონფრონტაციის რისკი უკრაინის ომის შემდეგ?

გენერალი შირეფი: გეტყვით - თანდათან უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ დასავლეთს ერთგვარი განტოლება აქვს ამოსახსნელი. ან ახლა გააორმაგებს ძალისხმევას, მისცემს უკრაინას იმას, რაც ამ უკანასკნელს სჭირდება კონტრიერიშების სერიისათვის, ან, თუ ეს არ მოხდება, მაშინ დასავლეთი, და ნატო, ორ-სამ წელიწადში, დადგება ასეთი რეალობის წინაშე: მათ თავად მოუწევთ ამ ომში ჩაერიონ და უკრაინას საბოლოო გამარჯვების მიღწევაში დაეხმარონ. ერთადერთი მისაღები შედეგია დასავლეთისთვის ომში - ეს უნდა იყოს უკრაინის გამარჯვება. ყველამ უნდა შეიგნოს: ეს არაა უბრალოდ პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ესაა ომი დასავლეთის წინააღმდეგ. და ამ დასავლეთში, სხვათა შორის, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის - მყარად შედის საქართველოც. საქართველოში კარგად ესმით ის რეალობა, რაც რუსეთის აგრესიას მოჰყვება ხოლმე - თქვენი ქვეყნის 20 პროცენტი დღემდე რუსეთს აქვს ოკუპირებული. მაგრამ ეს თქვენთან ესმით - ჩვენთან არა, პენი ძირს ჯერ არ დავარდნილა, როგორც იტყვიან. ამიტომ ვფიქრობ, რომ არ გვაქვს ფუფუნება, მივიღოთ რეალობა, რომელშიც ვნახავთ ათწლიანი ომს, ერაყ-ირანის ომის მსგავსს, უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან, იმიტომ რომ აქ სასწორზე ევროპის უსაფრთხოება დევს. როგორია ერთადერთი გზა, მიაღწიო უსაფრთხოებას რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთისა, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მეორე რუსული იმპერიის აშენება? თუ ეს ყველაფერი მორჩება მოლაპარაკებებით, ცეცხლის შეწყვეტით, ზავით, მაშინ რუსეთი უბრალოდ, დაისვენებს, ძალას მოიკრებს და ისევ შეუდგება საქმეს - და მის სამიზნეში იქნება არა მხოლოდ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, არამედ ბალტიის ქვეყნები და პოლონეთიც კი. უნდა გავიაზროთ და გავითავისოთ, რომ დღეს, ევროპაში ისევ გამოჩნდა ავტოკრატი, რომელსაც ხელები სისხლით აქვს მოთხვრილი და რომელიც მზადაა ენით აღუწერელი ტანჯვა დაატეხოს თავს მშვიდობიან მეზობლებს მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი იმპერიული ამბიციები რეალობად აქციოს. ამ გზასაგასაყართან უკვე ვიდექით - გავიხსენოთ 1939-45 წლები. დღესაც აქ ვდგავართ.

რადიო თავისუფლება: როდესაც ამბობთ, რომ „უკრაინაზე თავდასხმა ყველა ჩვენგანზე თავდასხმის ტოლფასია“ - ეს, რა თქმა უნდა, მუსიკად ჩაესმით უკრაინაში. ბევრს, ალბათ, საქართველოშიც, მაგრამ რამდენად იზიარებენ ამ სენტიმენტს ე.წ. ძველ დასავლეთში, თუნდაც თქვენს ქვეყანაში?

გენერალი შირეფი: მარტო მე არ ვარ, ვინც ასე ფიქრობს - შეიძლება ასე გიპასუხოთ? ამ მიდგომას იზიარებენ. ახლა რომ პიკადილიზე [ლონდონის ხალხმრავალი ქუჩა] გავიდე და ხალხს ვკითხო, მათი უმრავლესობა ამას ვერ გაიგებს. ასე რომ, ვშიშობ, რომ უფრო არ იზიარებენ, ვიდრე კი. იზიარებს ის ხალხი, ვისაც უნახავს, რას წარმოადგენს რუსეთი, უფიქრია ამაზე, ვისაც უსაუბრია უკრაინელებთან, ქართველებთან და უნახავთ, რაც ხდება უკრაინაში 2014 წლის შემდეგ.

უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ერთადერთი გზაა უკრაინა ნატოს წევრი გახდეს. და მე უფრო შორსაც წავიდოდი და საქართველოსა და მოლდოვაზეც იმავეს ვიტყოდი.

რადიო თავისუფლება: ნატოს მენტალიტეტის შეცვლის იმედი გაქვთ - ამ მხრივ, ალბათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა თავად უკრაინა გახდეს ნატოს წევრი და ვიცი, რომ ამ საკითხს ძალიან გულშემატკივრობთ. ე.წ. მილიონდოლარიანი კითხვა - როგორ აპირებთ სკეპტიკოსების გადაბირებას?

გენერალი შირეფი: მე ვფიქრობ, აქ გადაბირებაში არაა საქმე. საქმე ისაა, რომ უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ერთადერთი გზაა უკრაინა ნატოს წევრი გახდეს. და მე უფრო შორსაც წავიდოდი და საქართველოსა და მოლდოვაზეც იმავეს ვიტყოდი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დრო დასჭირდება. მაგრამ ვფიქრობ, ვილნიუსის სამიტზე უნდა ველოდოთ ნიშანს, სიგნალს - რომ დავიწყებთ ორმხრივი, ეფექტური და მყარი უსაფრთხოების გარანტიებით და თანდათანობით, მივალთ ნატოს წევრობამდე უკრაინისთვის, შესაძლოა ვაშინგტონის სამიტზე 2024 წელს, ალიანსის 75 წლისთავზე.

რადიო თავისუფლება: უნებლიეთ მოგვივიდა, მაგრამ ვფიქრობ, ინტერვიუს განმავლობაში ჯეროვანი ყურადღება ვერ დავუთმეთ „მთავარ ბოროტმოქმედს“ - თავად რუსეთს. მოდით, გამოვასწოროთ ეს. ბოლოდროინდელი მონაცემებით, უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში რუსეთმა 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. კიდევ რამდენის დაკარგვის უფლება შეუძლია დართოს საკუთარ თავს? რამდენად რეალურია მეორე მსოფლიო ომის სცენარის განმეორება - სადაც საბჭოთა კავშირის წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ ის გროტესკული გულგრილობა იყო, რასაც საბჭოთა მეთაურები იჩენდნენ საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლის მიმართ?

გენერალი შირეფი: კიდევ რამდენი შეუძლიათ დაკარგონ? რამდენიც გინდათ. რუსეთი მოხვეტს იაფ „მუშახელს“ და ფრონტზე უკრავს თავს. საქმე ისაა, რამდენად ძალუძთ მათთვის ჯეროვანი აღჭურვილობის მიცემა. და ის, რომ რუსეთმა სარდაფებიდან გამოიყვანა 1960 წლის დროინდელი, ძველისძველი ტ-55 ტიპის ტანკები, და ფრონტზე აპირებს მათ გამოყენებას, მიანიშნებს იმაზე, რომ მათი აღჭურვილობის მარაგები დასასრულს უახლოვდება და ისინი ახალი არმიის ჯეროვნად აღჭურვას ვერ შეძლებენ. შეძლებენ თუ არა ისინი იმის განმეორებას, რაც საბჭოთა კავშირმა მოახერხა? ვერა, გამორიცხულია. საბჭოთა კავშირი ეროვნული გადარჩენის ომში იბრძოდა, ეს კი აგრესიის ომია, და საბოლოო ჯამში, რუსეთი ვერ შეძლებს ამ ომში განუსაზღვრელი რესურსების მობილიზებას.

რადიო თავისუფლება: ბოლო, მოკლე კითხვა - მალე ცხრა მაისი მოდის - აქვს კი პუტინს საზეიმოდ საქმე?

გენერალი შირეფი: ვფიქრობ, 9 მაისისთვის პუტინი ვერაფერს იზეიმებს, გარდა იმისა, რაც თანდათანობით იქცევა რუსეთის კატასტროფულ მარცხად. მას საზეიმო არაფერი აქვს. და 9 მაისამდე დარჩენილ დროშიც ვერაფერს იღონებს, რათა მდგომარეობა შეცვალოს.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG