„არ გამოვრიცხავ, პუტინმა ისევე დაამთავროს, როგორც ჰიტლერმა“, - ამბობს სამხედრო ანალიტიკოსი, ბრიტანეთის არმიის პოლკოვნიკი ჰემიშ დე ბრეტონ-გორდონი. ის დარწმუნებულია, რომ პუტინის გადმოსახედიდან, „ახლა უკან დახევა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მოთხოვნა კიდევ უფრო უარესია, უფრო მწარე და დამამცირებელი, ვიდრე მარცხი ბრძოლის ველზე” და რუსეთის პრეზიდენტი შეეცდება ავტოკრატიული დიქტატურის დამყარებას, რომელსაც „რკინისა და შიშისგან მოწნული კვერთხით” განკარგავს.
პოლკოვნიკ დე ბრეტონ-გორდონს ვაჟა თავბერიძე ესაუბრა.
რადიო თავისუფლება: ახლახან, ბრიტანულ ტელეგრაფში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადეთ, რომ პუტინისთვის ერთადერთი გზა და იმედი, ამ ომში გაიმარჯვოს, ქვეყნის სრულ მილიტარიზაციაზე გადის. შეგიძლიათ აღწეროთ, როგორ გამოიყურება პუტინის გამარჯვება? ან, რამდენად მიღწევადია?
ჰემიშ დე ბრეტონ-გორდონი: გასულ წელს, როდესაც რუსეთმა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ წამოიწყო, მიზნები იყო ნატოს გაფართოების შეჩერება და უკრაინის რუსულ სივრცეში დაბრუნება - თუ პუტინი ისევ ამ მიზნების მიღწევას ლამობს, მაშინ ის დამარცხებისთვისაა განწირული. ნატოს გაფართოება ვერ შეაჩერა - სულ რაღაც ორი კვირის წინ, ფინეთი, ევროპის უძლიერესი არმია, ნატოს შეუერთდა და პუტინს ახალი თავსატეხი გაუჩინა - 832 მილის (1340 კმ) სიგრძის მქონე ახალი საზღვარი ნატოსთან. შეჩერების ნაცვლად, პუტინმა „მოახერხა“ და ნატოს ახალი სული შთაბერა, მეტიც, თითქმის მთელი დასავლეთი დარაზმა უკრაინის დასახმარებლად. ასე რომ, ვფიქრობ, შანსი არ აქვს, თავდაპირველ მიზნებს მიაღწიოს.
დამარცხების შემთხვევაში რუსებს მოუწევთ დონბასიც დატოვონ და ყირიმიც. რამდენად მოახერხებს პუტინი ამ ყველაფრის გამარჯვებად „გაყიდვას“, ცოტა ძნელი წარმოსადგენია.
რადიო თავისუფლება: კეთილი, მაშინ სხვანაირად გკითხავთ - დღეს როგორ გამოიყურება პუტინის გამარჯვება? რა შეუძლია გამარჯვებად გაასაღოს?
ჰემიშ დე ბრეტონ-გორდონი: ძნელია თქმა, როგორ და რა გამარჯვების მიღწევას გეგმავს, რადგან რუსულ არმიას იმხელა დანაკარგები აქვს, წლები, შეიძლება ათწლეულებიც კი, დასჭირდება მის აღდგენას. 2000-ზე მეტი მარტო ტანკი დაკარგა - ეს უზარმაზარი რიცხვია. ბრიტანული და ამერიკული დაზვერვის ცნობებით, დაჭრილთა და დაღუპულთა რაოდენობა 220 ათასს აღემატება და საუბარი ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცებზეა, ეს უზარმაზარი მსხვერპლია, უზარმაზარი ფასი, რომელსაც რუსეთი პუტინის ამბიციებში იხდის. ზოგი დასავლელი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ უკრაინელები შესაძლოა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდნენ და ყირიმის დაკარგვას დაყაბულდნენ - მე სულაც არ ვფიქრობ ასე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისთვის და უკრაინისთვის გამარჯვება არის რუსული ჯარის გასვლა უკრაინიდან, 2014-წლამდელ საზღვრებში, რაც ნიშნავს, რომ დამარცხების შემთხვევაში რუსებს მოუწევთ დონბასიც დატოვონ და ყირიმიც. რამდენად მოახერხებს პუტინი ამ ყველაფრის გამარჯვებად „გაყიდვას“, ცოტა ძნელი წარმოსადგენია.
რადიო თავისუფლება: ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, პუტინიც ხვდება, იაზრებს. რაღატომ აგრძელებს? რის მიღწევას ლამობს?
ჰემიშ დე ბრეტონ-გორდონი: სამხედრო ისტორიის მანძილზე, მხედართმთავრებს - და პუტინი თავს სწორედ მხედართმთავრად მიიჩნევს - რომელთაც ასე მკაფიოდ ჰქონდათ მოხაზული საკუთარი მიზნები და რომელთაც საკუთარი ხალხის ამდენი სისხლი დაღვარეს ამ მიზნების რეალობად ქცევისთვის - ტრადიციულად უჭირდათ დამარცხებასთან შეგუება, მისთვის თვალებში ჩახედვა და უკან დახევა, რადგან პუტინის გადმოსახედიდან, ახლა უკან დახევა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მოთხოვნა კიდევ უფრო უარესია, უფრო მწარე და დამამცირებელი, ვიდრე მარცხი ბრძოლის ველზე. ასე რომ, ის და მისი გენერლები, ვფიქრობ, ხავსს ეჭიდებიან - ეპოტინებიან ამაო იმედებს, რომ როგორღაც მოახერხებენ და რაიმე გამარჯვებას გამოძერწავენ უკრაინაში. ცალკე თემაა ბირთვული საკითხი - ვფიქრობ, პუტინის ბირთვულმა შანტაჟმა უკუშედეგი მოიტანა: ის იმედოვნებდა, რომ ამ მუქარით ნატოს შეაშინებდა, არადა, საპირისპირო სცენარი ვნახეთ, ნატო არ შეშინდა, მეტიც, გაძლიერდა. ასე რომ, პუტინის ბირთვული მუქარა მუქარადვე რჩება. კიდეც რომ გადაწყვიტოს ტაქტიკური ბირთვული დარტყმა, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ამას ვერ შეძლებს, იმიტომ რომ პოტენციური სამიზნეები ან დარტყმის რადიუსის მიღმა არიან განლაგებულნი, ან კი, დარწმუნებული ვარ, რომ ნატო დარტყმის პრევენციას შეძლებს რაკეტების გაშვებამდე, იმ ახალი, დახვეწილი იარაღით, რაც ალიანსს აქვს. ბევრად უფრო სერიოზული საფრთხეა ბირთვული სადგურები თავად უკრაინაში, რადგან მათი დაზიანების შემთხვევაში შეიძლება ბირთვული კატასტროფის მოწმენი გავხდეთ, სადაც რადიოაქტიური დაბინძურება მთელი ევროპის მასშტაბით გავრცელდება. ეს ბევრად უფრო სახიფათო სცენარია, ვიდრე ტაქტიკური ბირთვული დარტყმის ალბათობა და ამაზე დროული რეაგირებაა საჭირო.
თუ ომი შემდეგი თორმეტი თვის მანძილზეც გაიწელა, არსებობს საფრთხე, რომ ზოგ დასავლურ ქვეყანას „მუხლები აუკანკალდეს“.
რადიო თავისუფლება: თქვენ ასევე წერთ, რომ პუტინი ყოველ ღონეს იხმარს, რათა ეს ომი გაახანგრძლივოს. და ერთადერთი გზა კი, რომელიც მას ამისთვის გააჩნია, არის ის, რომ კიდევ უფრო მეტ რუს ჯარისკაცს უკრას თავი უკრაინულ „ხორცსაკეპში“, მანამდე, სანამ უკრაინელებს ტყვიები გაუთავდებათ. იმუშავებს ეს? ბახმუტის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, მაქსიმუმ, პიროსის გამარჯვების იმედი შეიძლება ჰქონდეს, და ესეც სათუოა.
ჰემიშ დე ბრეტონ-გორდონი: მართალს ბრძანებთ. მაგრამ პუტინი აი, რაზე დებს ფსონს: მომავალი წელი არჩევნების წელია როგორც აშშ-ში, ასევე ბრიტანეთსა და სხვა დასავლურ ქვეყნებშიც. და ჩვენი პოლიტიკოსები ერთობ მგრძნობიარედ აღიქვამენ ამ ყველაფერს - ომის ხარჯებზე ზრუნვის ნაცვლად, ისინი ალბათ უფრო იმით იქნებიან გართულნი, რომ არჩევნებში გაიმარჯვონ. ასე რომ, თუ ომი შემდეგი თორმეტი თვის მანძილზეც გაიწელა, არსებობს საფრთხე, რომ ზოგ დასავლურ ქვეყანას „მუხლები აუკანკალდეს“. და ალბათ, პუტინსაც ამის იმედი აქვს. ის, რაც რუსეთმა ბახმუტთან გააკეთა - ეს ხორცსაკეპი და საზარბაზნე ხორცად ქცეული რუსი ჯარისკაცები, ეს შუა საუკუნეები თუ არა, პირველი მსოფლიო ომის თარგზე მოჭრილი „ტაქტიკაა“. სარწმუნო წყაროებიდან მაქვს ცნობები, რომ რუსები ახლა არჩევენ უამრავ ისეთ ახალგაზრდა კაცს, რომელთა გაქრობას ვერც ვერავინ შეამჩნევს, იმიტომ რომ ისინი ძირითადად უსახლკაროები, დაბალი ინტელექტის მქონენი ან ნარკოტიკებზე დამოკიდებულნი არიან. მათ ყველას ფრონტზე უკრავენ თავს - დაახლოებით 4 მილიონ ადამიანზეა საუბარი. ამის გათვალისწინებით, და იმის ფონზე, რაც დღეს ბახმუტში ხდება - რუსების დანაკარგები ასტრონომიულად მაღალია - განცვიფრებული ვარ: სად არიან რუსი დედები? რატომ არ გვესმის მეტი ხმაური მათგან? თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ამ ახალგაზრდა კაცების უმრავლესობა მოსკოვიდან და პეტერბურგიდან არ იქნება - ელიტებს არ შეეხებიან, აღმოსავლეთის პროვინციებიდან წამოკრეფენ ხალხს, სადაც უფრო რთულია, შენი პროტესტი, შენი ხმა ვინმეს გააგონო. ასევე, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ თუ რუსეთში ვინმე დაიჩივლებს, გააჩუმებენ.
ამაზრზენია, რასაც რუსები აკეთებენ, ეთნიკური უმცირესობების საზარბაზნე ხორცად გამოყენება.
რადიო თავისუფლება: რას უქადის ეს ხელდახელ შეკოწიწებული 4-მილიონიანი არმია რუსეთის სატელიტებს - როგორიცაა აფხაზეთი და ოსეთი? იმის გათვალისწინებით, რომ მათზე გრძელდება ზეწოლა, რათა რუსეთის ომი იომონ.
ჰემიშ დე ბრეტონ-გორდონი: ვფიქრობ, ეს ამაზრზენია, რასაც რუსები აკეთებენ, ეთნიკური უმცირესობების საზარბაზნე ხორცად გამოყენება. თანაც ეს საკუთარ კარში გატანილი გოლია - გენოციდია, რომელსაც თავად რუსეთი უწყობს თითქოსდა თავისსავე ხალხს, მაგრამ არარუსებს, რომელთა ხმაც რუსეთში არ ესმით, ვისაც ნაკლები განათლება აქვს - ამ ხალხს იყენებენ უკრაინული ტყვიების გასახარჯად. ამაზრზენია ეს ყველაფერი და ამიტომაა, რომ ომის დაწყების დღიდან მე და სხვები ნატოს მოვუწოდებთ, მაქსიმუმი გააკეთოს, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს, გაიმარჯვოს რაც შეიძლება სწრაფად და ამ ყველაფერს, ამ განუზომელ სისხლისღვრას წერტილი დაესვას.
რადიო თავისუფლება: 4 მილიონი შთამბეჭდავი ფიგურაა, შემაშფოთებელიც. რა გავლენა ექნება ამ 4 მილიონს ბრძოლის ველზე, ფრონტზე?
ჰემიშ დე ბრეტონ-გორდონი: ვფიქრობ, გავლენა იქნება ის, რომ მეტი მკვდარი რუსით მოიფინება უკრაინის ფრონტი. იმიტომ რომ მიჭირს წარმოვიდგინო, როგორ აპირებს გაუწვრთნელი, მოუმზადებელი ქვეითი, ხელში შაშხანით, გაუმკლავდეს თანამედროვე დასავლური წარმოების შეიარაღებას, რომელიც უკრაინას აქვს - ტანკებს, ჯავშანმანქანებს და ა.შ. ეს არის რკინა ხორცის წინააღმდეგ, ადამიანის სხეული ტყვიის წინააღმდეგ და ამ დაპირისპირებას სხეული ვერ გადაურჩება. სულ ახლახან გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთი აპირებს თავისი უახლესი წარმოების ტანკები შეუშვას უკრაინის ფრონტზე, მიუხედავად იმისა, რომ მათი საბოლოო ტესტირება ჯერ დამთავრებული არ არის. ლაპარაკია მცირე რაოდენობაზე, მაგრამ მაინც. მთავარი განსხვავება რუსულ და დასავლურ ტანკს შორის ეს დაცულობაა, ჯავშნის რაოდენობა და ხარისხი. ბრიტანეთის არმიაში მსახურობისას წლები გავატარე Challenger 2 ტანკში და შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის უკიდურესად კარგად დაჯავშნილი ტანკი, რომელსაც შეუძლია ბევრ დარტყმას გაუძლოს ტ-72-ისგან ან თუნდაც ტ-80-ისგან, მაშინ როდესაც თავად ტ-80-ს და ტ-14-საც კი იმდენად მსუბუქი და მცირე ჯავშანი აქვთ, რომ შანსი არ ექნებათ „ლეოპარდებისა“ და „ჩელენჯერების“ წინააღმდეგ, მარტივად გამოვლენ წყობიდან. ამიტომ ვფიქრობ, რომ თითქმის ყველა დონეზე, რასაც რუსეთი აკეთებს, ეს გენოციდია, უფრო სწორად, სუიციდი, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ამ ახალგაზრდა მამაკაცებმა გადარჩენა შეძლონ. ეს ფაქტობრივად ტირია, ცირკში გამართული ტირი, და დაჯერებაც კი მიჭირს, რომ ამას მოვესწარი, ეს მართლა ხდება და ამის ჩადენის უფლება მისცეს ვინმეს.
ფიქრობს, რომ უნდა მოასწროს და მიაღწიოს რაიმე ისეთს, რასაც იმ დიდმა რუსმა ლიდერებმა მიაღწიეს, ვისაც თავს უტოლებს და ადრის.
რადიო თავისუფლება: დაბოლოს, იმ სამხედრო დიქტატურაზე გკითხავთ, რომლისკენაც, როგორც თქვენ წერთ, რუსეთი მიიწევს და რომელიც გახდება კიდეც მისი აღსასრულის მიზეზი. რა ყაიდის სამხედრო დიქტატურაზეა საუბარი? ისტორია ბევრნაირს იცნობს, დაწყებული თუნდაც ძველი რომიდან, რომლის ისტორიითაც, როგორც ამბობენ, პუტინი ძალიანაა გატაცებული, დამთავრებული უფრო თანამედროვე, საბჭოთა ყაიდის დიქტატურით, რომელსაც სტალინი განასახიერებდა. პუტინის სამხედრო დიქტატურა როგორი იქნება?
ჰემიშ დე ბრეტონ-გორდონი: რაც ვიცით, არის ის, რომ თავის თავს თანამედროვე პეტრე დიდად ხედავს, რომელმაც რუსული გავლენა უნდა განავრცოს ევროპაზე. და, რა თქმა უნდა, ასევე ფოკუსირებულია სტალინის მართვის სტილზე, რკინის ხელით მართვაზე მეორე მსოფლიო ომის დროს. ასე რომ, ეს იქნება ტოტალიტარული, ავტოკრატიული დიქტატურა, რომელსაც ის განკარგავს რკინისა და შიშისგან მოწნული კვერთხით. უკვე 70 წლისაა, იმედი ვიქონიოთ, რომ თავისი სიცოცხლის ბოლო მონაკვეთში, და ალბათ ფიქრობს, რომ უნდა მოასწროს და მიაღწიოს რაიმე ისეთს, რასაც იმ დიდმა რუსმა ლიდერებმა მიაღწიეს, ვისაც თავს უტოლებს და ადრის. ამ მომენტისთვის კი ყველაფერი არასახარბიელოდ ვითარდება და, სავარაუდოდ, ის ეცდება, რაიმე ფორმის გამარჯვება გამოადნოს აქედან, მაგრამ მე ბოლომდე ვერ ვხვდები, როგორ უნდა შეძლოს ეს. ჰიტლერივით იქცევა, როგორც ჰიტლერი იქცეოდა მეორე მსოფლიო ომის დროს, და სულაც არ გამოვრიცხავ, ისევე დაამთავროს, როგორც ჰიტლერმა.