Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ყიფიანის „მიამიტური თამაში"


ლევან ყიფიანი
ლევან ყიფიანი

საქართველოს სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ ის არავის მიუგზავნია ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილთან და, რომ მუშაობდა კომპანიაში 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

„მე ვიყავი ამ კომპანიის ნაწილი, მქონდა ხელშეკრულება და ჩემი პირდაპირი ვალდებულება იყო დამემყარებინა კონტაქტი როგორც ხელისუფლების, ასე ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა მომეხდინა კომპანიის ფინანსური რესურსის დაზოგვა და მის განვითარებაში წვლილის შეტანა“, - განაცხადა ლევან ყიფიანმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

რაც შეეხება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, რომლებშიც ლევან ყიფიანის, ზაზა ოქუაშვილის, ირაკლი ჩუბინიშვილისა და სხვა ყოფილი სახელმწიფო მოხელეების საუბრებია ასახული, - ამასთან დაკავშირებით ლევან ყიფიანი ამბობს, რომ ზაზა ოქუაშვილთან ერთად ერთობლივი გეგმის მიხედვით მოქმედებდა.

„შეიძლება ეს სასაცილოც კი იყოს, რადგანაც ჩანაწერების გაკეთებისას ვმოქმედებდით ერთობლივი გეგმით. ზაზა ოქუაშვილი მოვიდა ჩემთან ზაფხულში და დამიხატა ასეთი სურათი: რადგან მისი ბიზნესი წნეხს განიცდიდა უცხოელი პარტნიორების მხრიდან, ასევე პრობლემები ჰქონდა საქართველოში ბიუჯეტში გადასახდელი თანხების სახით, ამიტომ მან გადაწყვიტა დაეწერა ასეთი სცენარი: ჩვენ უნდა ჩაგვეწერა მაკომპრომეტირებელი მასალა, რომელიც, მისი თქმით, უნდა ყოფილიყო შიდამოხმარებისთვის და უნდა წარედგინა უცხოელებისთვის, რათა დაერწმუნებინა ისინი, რომ მის ბიზნესზე ზეწოლა ხორციელდებოდა... ის, რომ მე ყოფილი მინისტრი ვიყავი (ასევე ჩემი წარმომავლობა, ჩემი ოჯახისშვილობა),უცხოელებისთვის მეტ დამაჯერებლობას შესძენდა ზეწოლის ვერსიას, დაარწმუნებდა მათ, რომ საქართველოს ხელისუფლება წნეხს ახორციელებს მასზე (ოქუაშვილზე) და მოხდებოდა მისი ვალდებულებების, დავალიანებების (რომელიც გააჩნდა თავის უცხოელ პარტნიორებთან) გადავადება. შესაბამისად, ეს პრობლემები მოგვარდებოდა საქართველოშიც. თავზე ენგრეოდა მთელი ბიზნესი, ამის გამო მივიღე ეს გეგმა. ჩემი მხრიდან ეს იყო მიამიტურობა, გულწრფელი სურვილი დავხმარებოდი ამ კაცს, ვყოფილიყავი მისი ბოლომდე მხარდამჭერი. ჩაწერაც ერთობლივად განვახორციელეთ. უბედურება ის არის, რომ ეს კაცი ჩანაწერებს აკეთებდა დიდი ხნის განმავლობაში და ის ჩანაწერებიც კი, რომლებიც ერთობლივად განვახორციელეთ, ისინიც კი დამონტაჟებულია“, - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

სპორტის ყოფილი მინისტრი ასევე ამბობს, რომ იმყოფებოდა „თიბისი ბანკში“, როცა 4 მილიონი ლარი გაიტანეს, თუმცა მისთვის უცნობია, რომელი კომპანიის ოფისში წავიდა ეს ფული.

ლევან ყიფიანმა ისიც თქვა, რომ იცნობს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, თუმცა კატეგორიულად უარყო ოქუაშვილის მიერ ერთ-ერთ ჩანაწერში ნახსენები ამბავი, თითქოს ლევან ყიფიანი გააშიშვლეს სარდაფში, სადაც ოთარ ფარცხალაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„ოთარ ფარცხალაძეს, რა თქმა უნდა, ვიცნობ. სარდაფის ამბავი კი არის ფარსი, შეურაცხმყოფელი... ასეთი რამე არ ყოფილა!“ - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

სპორტის ყოფილი მინისტრის თქმით, ზაზა ოქუაშვილმა მოახერხა თავისი ფინანსური ინტერესების პოლიტიკურ ინტერესებში გადაყვანა.

„არანაირი პოლიტიკური ინტერესები მე არ მქონდა. მაინტერესებდა მხოლოდ ბიზნესი“, - თქვა ლევან ყიფიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG