Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ომეგა ჯგუფი“ ფინანსთა სამინისტროს ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს, სამინისტრო კი დოკუმენტებზე მიუთითებს


„ომეგა ჯგუფის" ოფისი
„ომეგა ჯგუფის" ოფისი

„ომეგა ჯგუფის“ თამბაქოს წარმოება, ისევე როგორც „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სხვა კომპანიები, არასდროს არიდებდა თავს გადასახადებს და ყოველთვის ახორციელებდა მასზე რიცხული გადასახადების დეკლარირებას კანონის სრული დაცვით, - აღნიშნავენ „ომეგა ჯგუფში“ ფინანსთა სამინისტროს 28 სექტემბრის განცხადების პასუხად. კერძოდ, როგორც „ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი ლევან აღდგომელაშვილი განმარტავს, უგუნურებაა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იმის მტკიცება, რომ 2014-2018 წლებში კომპანია OGT ბიუჯეტში გადასახადებს არ იხდიდა. ამ პერიოდში, მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 100 190 258 ლარი, ანუ წელიწადში, საშუალოდ, 25 მილიონი ლარი. ლევან აღდგომელაშვილი ამბობს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი დავალიანება, 38 მილიონი ლარის ოდენობით, ამ ხნის მანძილზე კომპანიის მიერ აღიარებული გადასახადების მხოლოდ ერთი მეოთხედია.

„კომპანიის მიერ დაგროვილი დეკლარირებული გადასახადები 38 მილიონი ლარია, ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი. ამას ემატება 14 მილიონი საურავი და თვეში 900 000, ახლა უკვე მილიონი ლარი. კომისიას აქამდე არ განუხილავს კომპანიის მიერ რიცხული გადასახადის რესტრუქტურიზაცია“, - აღნიშნავს ლევან აღდგომელაშვილი, რომლის განმარტებითაც, დაგროვილი გადასახადებისგან განსხვავებით, კომპანია OGT-ს მის მიმართ რიცხული საურავების ჩამოწერა არასდროს მოუთხოვია.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ზემოხსენებული 28 სექტემბრის განცხადების თანახმად კი, საქმე ეხება გადამხდელს, რომელიც სისტემატურად არღვევდა არაერთხელ გადავადებულ საგადასახადო ვალდებულებებს და ნაცვლად იმისა, რომ გადაეხადა და შეემცირებინა, მუდმივად ზრდიდა მის ოდენობას.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ამ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითა ამჯერად უკვე „ომეგა ჯგუფის“ პასუხად 2 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაშიც. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც ფინანსთა სამინისტროს სახელით კომპანია OGT-ს საგადასახადო დავალიანების საკითხზე გავრცელდა, სრული სიმართლეა და შესაბამისი დოკუმენტაციით დასტურდება. ამავე განცხადებით, 2016 წლიდან დღემდე „ომეგა ჯგუფს“ ბიუჯეტში გადახდილი აქვს 16 182 788 ლარი, დღეის მდგომარეობით, კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება კი 52 830 844 ლარს შეადგენს.

„ომეგა ჯგუფში“ შემავალი OGT-ის დავალიანება, კომპანიის დირექტორის, ნიკოლოზ ასანიძის განმარტებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბაზარზე არსებული იმ დემპინგური პოლიტიკის შედეგად დაგროვდა, რომლის მიზანიც ადგილობრივი წარმოების ბაზრიდან განდევნის მცდელობა იყო:

„დავალიანება დაგროვდა, მაგრამ მოვითხოვეთ რესტრუქტურიზაცია. ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ ამ დავალიანებას არ გადავიხდიდით. უნდა გადავიხადოთ, რა თქმა უნდა, და იმ რესტრუქტურიზაციაში გაწერილი გეგმის მიხედვით ვითხოვეთ და განაცხადი გავაკეთეთ 2017 წლის 25 აპრილს. უფრო ადრეც გვინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ 6 აპრილს მოხდა პარლამენტში ამ რესტრუქტურიზაციის კანონის ვადის გაგრძელება და მაგის გამო ეს ვერ მოხერხდა. შემდეგ, როცა ჩვენ უკვე შევიტანეთ ეს განაცხადი, წელიწად-ნახევარი გავიდა და ამ ხნის მანძილზე არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ ჩატარებულიყო რესტრუქტურიზაცია და ეს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება გადახდილიყო“.

„ომეგა ჯგუფის“ ამ პრეტენზიის პასუხად, ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამინისტრომ რესტრუქტურიზაციის პროცედურების გარეშეც კომპანიას მარტივი და მოქნილი მექანიზმით მისცა მუშაობის საშუალება, თუმცა კომპანიამ ახალი საგადასახადო დავალიანების დაგროვება მაინც გააგრძელა.

ფინანსთა სამინისტროსა და „ომეგა ჯგუფის“ მონაცემები განსხვავებულია იძულების ღონისძიების გამოუყენებლობის შესახებ მიმართვის სტატისტიკაშიც. კერძოდ, ფინანსთა სამინისტრო ამბობს, რომ სულ 13 დოკუმენტი შედგა, რომელთაგან 11 გადავადებას შეეხება, 2 კი გრაფიკის შედგენას, „ომეგა ჯგუფში“ კი აღნიშნავენ, რომ მიმართვა კომპანიამ მხოლოდ 7-ჯერ გააკეთა.

ფინანსთა სამინისტროს თანახმად, თავის მხრივ, მიმდინარე აღიარებული საგადასახადო დავალიანება, 86 811 ლარის ოდენობით, ერიცხება ტელეკომპანია „იბერიასაც“. ტელეკომპანიისა და „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებმა 2 ოქტომბერს სწორედ ფინანსთა სამინისტროს წინ გამართეს მორიგი საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეებმა სახელმწიფოს მხრიდან შრომისა და ბიზნესის წარმოებაში ხელის შეშლა გააპროტესტეს.

ფინანსთა სამინისტროს წინ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები კომპანია OGT-ის ამუშავება მოითხოვეს. ფაბრიკის 300-მდე თანამშრომელი 3 თვეა უმუშევარია.

XS
SM
MD
LG