პროკურატურამ “ომეგა ჯგუფის“ დირექტორების გამოკითხვა მოსამართლესთან ერთად დაიწყო. მოსამართლის თანდასწრებით 28 თებერვალს "ომეგა ჯგუფში" შემავალი ორი კომპანიის დირექტორი გამოიკითხა. მესამეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 29 სექტემბერს ელოდებიან. დირექტორების ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განმარტებით, გამოკითხულმა მოწმეებმა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და გამოძიებას ფართო სპექტრის ინფორმაცია მიაწოდეს-კერძოდ ისაუბრეს კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტულ პიროვნებებზე და ინფორმაციაზე, რომელიც ფარულ აუდიო ჩანაწერებში არ ისმის.
„ომეგა ჯგუფთან“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებული შესაძლო კორუფციული ფაქტების გამოძიების პროცესში „ომეგა ჯგუფში" შემავალი სამივე კომპანიის დირექტორმა გამოკითხვა მოსამართლის თანდასწრებით თავად მოითხოვა. პროკურატურამ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა.„როგორც ყველა დანარჩენმა, მეც ვარჩიე მესარგებლა ჩემთვის კანონით მინიჭებული უფლებით“ - განუცხადა 28 სექტემბერს მედია-საშუალებებს კომპანია „OGT“-ის დირექტორმა, ნიკოლოზ ასანიძემ. 27 სექტემბერს, პროკურატურაში ანალოგიური პოზიცია გამოხატეს და მხოლოს გამომძიებელთან გამოკითხვაზე უარი თქვეს „ომეგა მოტორსის“ და „ომეგა 2“-ის დირექტორებმაც, ლელი აბულაძემ და გიორგი ქურდაძემ. მოსამართლის თვალწინ მიცემულ ჩვენებას, დირექტორებისა და მათი ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას შეფასებით, „უფრო მეტი სამართლებრივი სტანდარტი“ აქვს.
რას გულისხმობს სტანდარტი
უფრო მალე უნდა დადგეს პასუხი ასეთ მძიმე საკითხებზე, როდესაც საკითხი ეხება შენს ფუნდამენტალურ ღირებულებას, რომლითაც მოხვედი, რომლითაც თავს აწონებდი ამომრჩეველს და რომლითაც დღესაც თავს იწონებ.რომან კაკულია
კანონით განსაზღვრული სტანდარტით კი გამოძიების ეტაპზე მოწმის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა ალტერნატიული ფორმაა, რომელიც მოწმეზე პროცესუალური დარღვევების მინიმუმამდე შემცირების საშუალებას იძლევა. ამ სტანდარტის „ომეგა ჯგუფის“ მიერ აქტიურად გამოყენებას კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“პროგრამების მენეჯერის, გია გვილავას შეფასებით, სავარაუდოდ საგამოძიებო ორგანოს მიმართ უნდობლობა უდევს საფუძვლად. „ერთადერთი ყველაზე რეალური მიზეზი არის ნდობის ფაქტორი, რაც ალბათ ამ შემთხვევაზე ვრცელდება. მოსამართლე, პროცედურის თანახმად, ესწრება დაკითხვის პროცესს და შესაბამისად არსებობს დამატებითი გარანტია, რომ გამოკითხვის შემდეგ შედგენილი ოქმი არ გაყალბდება. ის, რასაც გამოკითხვის დროს იტყვის ადამიანი, შემდეგ უკვე ზუსტად აისახება შემდეგ ჩვენებაში, რომელიც დოკუმენტად შედგება. ალბათ ყველაზე მთავარი ეს უნდა იყოს.“ - ვარაუდობს გია გვილავა. ზოგადად კი „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული შესაძლო კორუფციული ფაქტების გამოძიების პროცესს სამოქალაქო სექტორი ყურადღებით აკვირდება. მათი შეფასებით, „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმიანობასთან დაკავშირებით გასაჯაროვებული მასალები მძიმე კორუფციული დანაშაულისა და ქონების უკანონოდ გადაცემის ნიშნებს შეიცავს, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით.
პროკურატურა საქმეს თაღლითობის მუხლით იძიებს
თბილისის პროკურატურა მედიით გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე „ომეგა ჯგუფთან“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებულ, შესაძლო კორუფციულ ფაქტებს 12 სექტემბრიდან იძიებს. საქმეზე სამართლებრივი პროცედურები დაიწყო დიდ ბრიტანეთშიც.
ავთენტურობის დადგენის მიზნით, ჩანაწერებზე ექსეპრტიზის ჩატარება იგეგმება. ექსპერტიზის პასუხებს, თავის მხრივ, ელოდება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია, რომელიც უკმაყოფილოა საქმის გამოძიების ტემპით:
„არ მომწონს ტემპი. უფრო მალე უნდა დადგეს პასუხი ასეთ მძიმე საკითხებზე, როდესაც საკითხი ეხება შენს ფუნდამენტალურ ღირებულებას, რომლითაც მოხვედი, რომლითაც თავს აწონებდი ამომრჩეველს და რომლითაც დღესაც თავს იწონებ“. რომან კაკულია ამ ღირებულებებში პირველ რიგში ბიზნესის თავისუფლებასა და ხელშეუხებლობას გულისხმობს და ამბობს, რომ არ ისურვებდა იყოს იმ გუნდის წევრი, სადაც „ასეთი თანამდებობის პირები ასეთი ტიპის ზეწოლას ახორციელებენ“.
გამოსავალი რჩება ერთი. რომ ეს ვალი დაფარული იქნეს და თუკი კომპანიას სჭირდება, როგორც წარსულში, მასთან კომუნიკაცია გაიმართოს, მე არამგონია, რომ საგადასახადო ორგანომ ამაზე უთხრას უარი.თეა წულუკიანი
რომან კაკულიას ამ განცხადების პათოსი, თავის მხრივ, თავის განცხადებაში გაიზიარა საქართველოს პარლამენტის „ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე“ აკაკი ზოიძემაც: “ მე რომ მჯეროდეს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყო ჩართული და ხელს უწყობს სისტემურ კორუფციას, მაშინვე მოვიხსნიდი ჩემს უფლებამოსილებას.“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ, თუმცა, მეორეს მხრივ, ისიც და რომან კაკულიაც იმედოვნებენ და შეიძლება ითქვას, დარწმუნებულები არიან, რომ სიმართლე ხელისუფლების მხარესაა. თუმცა ამის მიუხედავადაც, თავიანთი მკვეთრი პოზიციებით, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის უმცირესობაში აღმოჩნდნენ. გიორგი ვოლსკი, მაგალითად აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფი“ შანტაჟის საშუალებით ცდილობს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას აარიდოს თავი, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი კი ამბობს, რომ კიდევ სამჯერ და ოთხჯერ მეტი ჩანაწერი რომ გავრცელდეს, საგადასახადო დავალიანება ყველა კომპანიამ უნდა გადაიხადოს:
“გამოსავალი რჩება ერთი. რომ ეს ვალი დაფარული იქნეს და თუკი კომპანიას სჭირდება, როგორც წარსულში, მასთან კომუნიკაცია გაიმართოს, მე არამგონია, რომ საგადასახადო ორგანომ ამაზე უთხრას უარი. თუკი ეს იქნება რეალური განზრახვა და არა როგორც 11-ჯერ მოხდა ბოლო ოთხი წლის მანძილზე, რომ კომპანია ცდილობს მოატყუოს სახელმწიფო ბიუჯეტი. რისი საშუალებაც, უკვე დრო დადგა, სახელმწიფომ მას არ მისცეს.“
როგორ დაგროვდა „ომეგა ჯგუფის“ დავალიანება
„ომეგა ჯგუფის“ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, თავის მხრივ, 28 სექტემბერს საქმის გარემოებების შესახებ დეტალური ინფორმაციით გამოეხმაურა ფინანსთა სამინისტრო. სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შპს „OGT“-ის საგადასახადო დავალიანება თავდაპირველად 2014 წლის ოქტომბერში წარმოეშვა, 18 444 ლარის ოდენობით. 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით კი კომპანიის დავალიანება 49 159 970 ლარამდე გაიზარდა.სამინისტროს თანახმად, საქმე ეხება გადამხდელს, რომელიც სისტემატიურად არღვევდა არაერთხელ გადავადებულ საგადასახადო ვალდებულებებს და ნაცვლად იმისა, რომ გადაეხადა და შეემცირებინა საგადასახადო დავალიანება, პირიქით, მუდმივად ზრდიდა მის ოდენობას. ამავე განცხადებით, მთლიანობაში, კომპანიამ სამინისტროს 11-ჯერ მიმართა მის მიმართ იძულებითი ღონისძიების გამოუყენებლობის თხოვნით, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. ამ დროისათვის „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია „OGT’-ის, ძირითადად თამბაქოს აქციზის გადაუხდელობის გამო დავალიანების სახით 51 მილიონი ლარი ეკისრება. “OGT”-ის დირექტორი, ნიკოლოზ ასანიძე შესაბამისად, მნიშვნელოვან მოწმედ ითვლება მედიით გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული, შესაძლო კორუფციული ფაქტების გამოძიების საქმეშიც. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, თაღლითობის მუხლითაა აღძრული.