ბოლო პერიოდში „ომეგა ჯგუფის“ გარშემო გავრცელებულმა ფარულმა ჩანაწერებმა, რომელთა ავთენტურობა ჯერაც დასადგენია, გააჩინა ვარაუდი, რომ, მაღალი ალბათობით, საქმე გვაქვს კორუფციულ შემთხვევასთან, რომლის ბენეფიციარები მაღალი თანამდებობის პირები და მმართველი პარტია იყვნენ - ასეთ დასკვნას, ფაქტებისა და გარემოებების ანალიზით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აკეთებს წერილში „კორუფციის კვამლი: დიდი განაწილება თამბაქოს ბიზნესში“. ორგანიზაციის თანახმად, ბიზნესჯგუფებთან ერთად, კორუფციულ გარიგებებში, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ როგორც აღმასრულებელი, ისე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, 2018 წლის 17 სექტემბერს გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, საუბრის მონაწილეები-„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და „თბილისის თამბაქოს“ წარმომადგენლები ირაკლი ჩუბინიშვილი და ვანო ჩხარტიშვილი - საქართველოში თამბაქოს ბაზრის განაწილების სქემას განიხილავენ. საუბრის მიხედვით კი ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა უჩა მამაცაშვილმა „ომეგა ჯგუფსა“ და „თბილისის თამბაქოს“, სავარაუდოდ, ერთიანი სადისტრიბუციო კომპანიის შექმნა შესთავაზა, გარიგების პირობები კი თავად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული. კერძოდ, საუბარში ნახსენები „ფონდი“, იგივე „პარტია“, სქემის მიხედვით, თამბაქოს ბაზარზე დისტრიბუტორი კომპანიის შემოსავლის 50 %-ს მიიღებდა. 24 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერში კი, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“თანახმად, საუბარია პარტიის უკანონო დაფინანსების სქემაზე. საუბარში ირკვევა, რომ „პარტიის“ დაფინანსების საკითხს „მინისტრი“ - სავარაუდოდ, დიმიტრი ქუმსიშვილი - კურირებდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ ფარული ჩანაწერების ავთენტურობის დამტკიცებისა და გამოთქმული ვარაუდების დადასტურების შემთხვევაში, გამოიკვეთება სერიოზული კორუფციული დანაშაული, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირები და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მაღალი თანამდებობის პირების მართლსაწინააღმდეგო ჩარევისა და კორუფციის კვალს ხედავს იმ სასამართლო გადაწყვეტილებებშიც, რომლებიც თამბაქოს ბაზარზე დამკვიდრებისათვის მიმდინარეობდა. გავრცელებული ჩანაწერებით კი ორგანიზაციას კიდევ უფრო უმყარდება მანამდე გამოთქმული მოსაზრება, რომ სასამართლო გავლენიანი პირების მიერ კორუფციულ სქემაში ერთ-ერთ ინსტრუმენტად იყო გამოყენებული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ ფარული ჩანაწერების ავთენტურობის დამტკიცებისა და გამოთქმული ვარაუდების დადასტურების შემთხვევაში, გამოიკვეთება სერიოზული კორუფციული დანაშაული, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირები და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აქედან გამომდინარე, “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, გავრცელებულ მასალებზე რეაგირება და საქმის გამოძიება მნიშვნელოვანი ტესტი იქნება იმის გამოსავლენად, თუ რამდენად აქვს საქართველოს ხელისუფლებას მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური ნება.