Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაცვის სპეცსამსახურის უფროსი "ომეგასთან" რაიმე კავშირს უარყოფს


ანზორ ჩუბინიძე
ანზორ ჩუბინიძე

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ აბდაუბდა უწოდა ბოლო ხანს გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე გამოთქმულ ეჭვს, რომ მას შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს კორუფციულ გარიგებებთან „ომეგა ჯგუფის“ გარშემო. ჩუბინიძის თქმით, არ აპირებს ამ აბდაუბდაზე თავის მართლებას.

„სამარცხვინოც კი არის, რომ ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი კავშირი არ მქონდა, და არ მექნება ასეთ დალაგების მექანიზმში მონაწილეობა მიღებული. როდესაც პროკურატურაში გაირკვევა ეს საქმე, დიდი ალბათობით არანაირი კითხვა არ იქნება ჩემთან. შესაბამისად, ვაცდი იმ ორგანოს, რომელსაც ეკუთვნის ამის შესახებ განმარტება“ - განუცხადა ჟურნალისტებს ანზორ ჩუბინიძემ. მისივე თქმით, „იბერია“ ბავშვობაში ახსოვს და ახლახან გაიგო, რომ ასეთი ტელეკომპანია ისევ არსებობს, არც „ომეგას“ შესახებ სმენია, სიგარეტის მომხმარებელი არ არის და არც ზაზა ოქუაშვილს იცნობს. შეკითხვას, ბიძინა ივანიშვილთან უსაუბრია, თუ არა „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფზე,“ ანზორ ჩუბინიძემ უპასუხა: „პირობას გაძლევთ და მთელ ჩემს სამსახურეობრივ კარიერას ვდებ სასწორზე, არასდროს ამნაირ გარიგებაში და დალაგებაში მონაწილეობა არ მიმიღია. მზად ვარ, მივიდე ნებისმიერ ადგილას და გავცე ნებისმიერ კითხვას პასუხი.“

„რუსთავი 2“-მა რამდენიმე ხნის წინ გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, სპორტის და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება კომპანიის საგადასახადო პრობლემების მოგვარებაზე რამდენიმე მილიონ ლარად და საკითხის მომგვარებლად ასახელებს ანზორ ჩუბინიძეს.

XS
SM
MD
LG