არაფერი ახალი.
მოსკოვი ამას დიდი ხანია ამტკიცებს და ბოლო თვეებია, მას არც საქართველოს ხელისუფლება ჩამორჩება.
რუსეთი არაფერ შუაშია. კანონი „უცხოეთის აგენტებზე” ამერიკულია და ვინმემ ეს ქართულ ოპოზიციას უნდა აუხსნას, - თქვა 4 აპრილს კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
ასე გამოეხმაურა იგი “ქართული ოცნების” მიერ კანონპროექტის ხელახლა დაანონსებას.
“ქართული ოცნება” უბრალოდ სხვა ქვეყნების ზეგავლენას ზღუდავს და ამის რუსეთთან დაკავშირება “აბსურდულია”, - დაამატა პესკოვმა.
ეს ძველი ფირფიტაა, რომელსაც კრემლი 2013 წლიდან ატრიალებს. “უცხოეთის აგენტებზე” კანონის მიღება მოსკოვმა მაშინ იმით ახსნა, რომ მსგავსი კანონი აშშ-ს აქვს.
ოღონდაც აშშ-ში კანონი მიმართულია, ძირითადად, ლობისტების წინააღმდეგ, კრემლი კი ერჩის დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
მათ შორის ამ კანონის წყალობით, თავისუფალი აზრი რუსეთში ახლა თითქმის გამქრალია.
ამ განსხვავებებზე თვალს ხუჭავს “ქართული ოცნებაც”. როგორც 2023 წელს, ისე ახლაც.
თბილისური “მაიდანი”
ამერიკისთვის თუ შეიძლება, მაშინ საქართველომ რა დააშავა? - კითხულობენ პროკრემლისტური ტელეგრამარხები.
რადიო თავისუფლების მიერ შესწავლილ ათამდე არხს შორის, განსაკუთრებით აქტიურია ტელეწამყვანი რუსლან ოსტაშკო, რომელიც ხშირად ავრცელებს კრემლისთვის ხელსაყრელ შეთქმულების თეორიებს.
მისი გზავნილების მოკლე შინაარსი ასეთია:
2023 წლის მარტში დასავლეთმა გადაუხადა ათასობით ქართველ მომიტინგეს, რათა „უცხოეთის აგენტების” კანონის წინააღმდეგ გამოსულიყვნენ. დასავლეთი იცავს არასამთავრობოებს და მედიას, რადგან ისინი მის ინტერესებს ატარებენ.
ახლა „საქართველოში მორიგ მაიდანს მოაწყობენ. დაქირავებული ოპოზიციონერები უკვე გამოდიან საპროტესტო აქციებზე”, - გამოეხმაურა ოსტაშკო 4 აპრილს თბილისში გამართულ შეკრებას.
„დასავლეთის კვალსა” და თბილისურ „მაიდანზე” ოსტაშკო 2023 წლის მარტის აქციების დროსაც წერდა. მაშინაც და ახლაც - მტკიცებულებების გარეშე.
ოსტაშკო ერთადერთი არ არის.
2019 წლის საპროტესტო აქციებს, რომელიც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას მოჰყვა, რუსეთის პირველმა არხმა „თბილისური მაიდანი” შეარქვა.
2023 წლის სექტემბერში საქართველოში მოსალოდნელ გადატრიალებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც (სუსი) ალაპარაკდა. მას შემდეგ, კრემლის პროპაგანდისტები ხშირად იმეორებენ, რომ დასავლეთს „პრორუსული ხელისუფლების” შეცვლა უნდა.
„მაიდანი” ენჯეოების ხელით
„მაიდანი” საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით მოეწყობა, - ამტკიცებენ პროპაგანდისტები.
არასამთავრობოებს და მედიას „მშვენივრად ესმით, რომ მისი [კანონპროექტის] მიღების შემდეგ, მიისრისებიან სრულიად აშკარა რამეების გამო. აი, ამიტომაც ჭყვიტინებენ”, - წერს ე.წ. სამხედრო ჟურნალისტი ბორის როჟინი.
ზოგი ამტკიცებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება კანონს სარგებლის დაკარგვის შიშით ეწინააღმდეგება.
„ადგილობრივი ენჯეოების ხელმძღვანელები ეუბნებიან პატრონებს, რომ ფულს მრგვალ მაგიდებსა და სემინარებზე ხარჯავენ, სინამდვილეში კი მას პირადი მიზნებით იყენებენ”, - წერს „ბრიფი”, ერთ-ერთი უმსხვილესი პროკრემლისტური არხი.
არასამთავრობო ორგანიზაციების დაკნინება რუსეთში ჩვეულებრივი ამბავი ზუსტად 2013 წლიდან, „უცხოეთის აგენტებზე” კანონის მიღების შემდეგ გახდა.
საქართველო რუსეთის ორბიტაზე
საქართველოს ამბებს განიხილავენ შედარებით დამოუკიდებელი ანალიტიკოსებიც.
ისინი ამბობენ, რომ კანონპროექტის შემობრუნება რუსეთის ზეგავლენის მოძლიერებაზე მიუთითებს. და იმაზე, რომ იმავე მოლდოვისგან განსხვავებით, კრემლი ჯერაც ახერხებს საქართველოს საკუთარ ორბიტაზე შენარჩუნებას.
„საქართველომ ევროპაზე ოცნება კითხვის ქვეშ დააყენა”, - დაწერა 5 აპრილს გამოცემა „ნეზავისიმაია გაზეტამ” (დამოუკიდებელი გაზეთი).
„თუკი უცხოური ძალა საქართველოს დაამუშავებს და აცდუნებს, მაშინ მოვლენები სულაც უსიამოვნო ხასიათს მიიღებს. ეს აშკარა გამოწვევაა რუსული გავლენისთვის“, - წერს საავტორო სვეტში პოლიტოლოგი დმიტრი დრიზე.
მან დაასკვნა, რომ რუსეთმა მეტისმეტად ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანა დაკარგა და ამიტომ საქართველოს მარტივად აღარ შეელევა.