Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივანი „აგენტების კანონზე“: ვეწინააღმდეგები ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას


ფოტო არქივიდან: ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
ფოტო არქივიდან: ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ე.წ. აგენტების კანონის მიღება ძირს გამოუთხრის იდეას, საქართველო უფრო ძლიერი და დემოკრატიული საზოგადოება გახდეს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტელეკომპანია „იმედის“ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს.

„ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე ან უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას, ვინაიდან ეს რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ ძალისხმევაა...

ასე რომ, ვშიშობ, ნებისმიერი კანონს, რომელსაც ეს „უცხოური აგენტების“ იდეა შემოაქვს, გავლენა ექნება ბევრ მედიასაშუალებაზე, რომლებიც მუშაობს საერთაშორისო დონეზე და ასევე საქართველოში, ძირს გამოუთხრის თავად იდეას, რომ საქართველო უფრო ძლიერი და დემოკრატიული საზოგადოება გახდეს“, - ამბობს ნატოს გენერალური მდივანი.

დამატებით მან გაიხსენა ცოტა ხნის წინ განხორციელებული ვიზიტი საქართველოში და აღნიშნა, რომ ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანია რეფორმების გატარება.

„საქართველომ რეფორმებზე უნდა იმუშაოს, რათა ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოვდეს და ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო იყო. საქართველოს, თბილისს, რამდენიმე კვირის წინ ვეწვიე და, რა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო რეფორმების მნიშვნელობა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ქართველმა ხალხმაც ნათელი გახადა, რომ მას დემოკრატიული, აყვავებული მომავალი სურს ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში“, - თქვა იენს სტოლტენბერგმა.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კანონს საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიიღებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG