აქტივისტები სამოქალაქო მოძრაობებიდან „ჯიუტი“, „ტალღა“ და „კარი“ ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად პარლამენტთან შეიკრიბნენ. მათ პლაკატებიც მიიტანეს წარწერებით: „რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი“, „თავისუფლება ლაზარეს“, „ორი წელი ჯიუტად ევროპისკენ“.
შეკრებილებს სიტყვით მიმართა აქტივისტმა ნატა ფერაძემ. მისი თქმით, დღეს პარლამენტთან მისვლის მიზანი ტექნიკური დეტალების შეთანხმებაა - შეიქმნება ჯგუფი, სახელად "ტალღა", რომელშიც მოქალაქეები აქციებისთვის მოემზადებიან და გადაწყვეტილებებს დემოკრატიულად მიიღებენ, უმრავლესობით.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.