მაგრამ, "ცნობილია, რომ ვინც მართავს „ჰამასს“ და მას ფულს, აღჭურვილობასა და იარაღს აწვდის, ესაა ირანი" - ეჭვი არ ეპარება ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ეჰუდ ოლმერტს, რომლის აზრით, ირანის მხარდაჭერის გარეშე „ჰამასი“ ასეთ ოპერაციას ვერ ჩაატარებდა.
საუბარია 7 ოქტომბერს ღაზიდან ისრაელში შეჭრისა და 1000-ზე მეტი ებრაელის დახოცვის შესახებ, რასაც ისრაელის საპასუხო დარტყმები და რეგიონში ახალი ომი მოჰყვა.
ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ისრაელზე ჰამასის თავდასხმა ისლამური რესპუბლიკისთვის მოულოდნელი იყო.
როგორც ოლმერტმა უთხრა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს, აშშ-ის დაზვერვის ზოგიერთი ანალიზის თანახმად, ირანელებმა შესაძლოა, მართლაც არ იცოდნენ ამ ოპერაციის, სულ მცირე, დაწყების კონკრეტული თარიღის შესახებ.
16 ოქტომბერს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნასერ ქანანიმ აშშ-ის, ევროკავშირის, კანადისა და თავად ისრაელის მიერ ტერორისტულად ცნობილი რადიკალური სამხედრო დაჯგუფების მოთხოვნები გაახმოვანა.
მან თქვა, რომ „წინააღმდეგობის პალესტინური მოძრაობა" მზად არის ტყვეების განთავისუფლებისთვის საჭირო ზომების მისაღებად და, რომ მათგან შევიტყვეთ, რომ სამოქალაქო ტყვეები ჰყავთ, მაგრამ ტყვეების გათავისუფლებისთვის საჭიროა მომზადება, რომელიც ისრაელის სამხედრო მოქმედების გაგრძელების გამო შეუძლებელიაო.
ირანის ოფიციალური პირები ისრაელს არ აღიარებენ და მას „სიონისტურ რეჟიმად“ მოიხსენიებენ, ხოლო თავის მოკავშირეებს რეგიონში - „წინააღმდეგობის მოძრაობად“.
16 ოქტომბერს ალი ხამენეის მრჩეველმა, ალი აკბარ ველაიათიმ, თეირანში, „ჰამასის“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას, თქვა, რომ „ისლამური რესპუბლიკა მხარს უჭერს პალესტინის ჩაგრულ ხალხს" და აგრძელებს "სულიერად მათ თანადგომას“.
აშშ-ის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, 15 ოქტომბერს CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ირანის ჩარევას ისრაელის და ღაზის ომში.
„უნდა მოვემზადოთ ყველა გაუთვალისწინებელი სიტუაციისთვის“, - თქვა მან ინტერვიუში.
ისრაელმა ომი გამოუცხადა „ჰამასს“ მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ 7 ოქტომბერს შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე, რასაც თავდაპირველად 1300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.