25 მარტს, მაშინ, როცა მინსკში პროდემოკრატიულად განწყობილ მოქალაქეთა მარში მიმდინარეობდა, ჟურნალისტი ვიდეოინტერვიუს იღებდა ბელარუსის საპროტესტო გამოსვლების ვეტერანთან, ნინა ბაჰინსკაიასთან.
ვიდეოზე ჩანს, როგორ ლაპარაკობს ბაჰინსაკია და თან მოძრაობს. ამ დროს მის უკან, რამდენიმე მეტრის მოშორებით, მარშის ერთ-ერთ მონაწილესთან მიდის უშიშროების სამსახურის ნიღბიანი თანამშრომელი და მიათრევს მას. ყველაფერი რამდენიმე წამში ხდება, ბაჰინსკაია ვერც კი ამჩნევს ამას და სიარულს განაგრძობს.
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია იმედოვნებდა, რომ მარში, რომელიც 25 მარტს, ბელარუსის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის მე-100 წლისთავზე გაიმართა, ახალ სიცოცხლეს შთაბერავდა ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო მოძრაობას. მოძრაობის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ლუკაშენკა, რომელიც 1994 წლიდან უწყვეტად მართავს ქვეყანას, გადადგეს.
ბელარუსი მძლავრმა საპროტესტო ტალღამა მოიცვა მას შემდეგ, რაც 9 აგვისტოს საპარლამენტო არჩევნებში ოფიციალურ გამარჯვებულად კვლავ ლუკაშენკა გამოცხადდა. სვიატლანა ციხანოუსკაიას მომხრეები მიიჩნევენ, რომ არჩევნებში მათმა ლიდერმა გაიმარჯვა. ციხანოუსკაია ამჟამად დევნილობაშია მეზობელ ლიეტუვაში.
სადავო არჩევნების შემდეგ ათიათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში და თვეების განმავლობაში მართავდა საპროტესტო აქციებს ლუკაშენკასა და მისი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით. მაგრამ ზამთრის სუსხისა და ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების შიშის გამო გამოსვლების მუხტი განელდა.
აგვისტოდან დღემდე 33 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს, ასობით ადამიანს სცემეს ქუჩებსა თუ პოლიციის განყოფილებებში, უფლებადამცველთა თქმით, ხშირ შემთხვევაში ეს წამებას უტოლდებოდა, მოკლულია მინიმუმ ოთხი ადამიანი, დამოუკიდებელი ჟურნალისტები ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების სამიზნედ იქცნენ.
„ბელარუსის ხელისუფლება დაშინების გამიზნულ კამპანიას ატარებს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, რათა ჩააჩუმოს მთავრობის ყველა კრიტიკოსი,“ განაცხადა Human Rights Watch-მა 18 მარტს.
დაგეგმილი აქციის წინ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების სარდალმა, მიკალაი კარპიანკაუმ ბელარუსის საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს „სახელმწიფოს მტრები“ უწოდა. შემდეგ კი პირობა დადო, რომ მათ „სწრაფად გაუსწორდება“, დიდი „სიამოვნებით“, როგორც ამას წარსულში აკეთებდა.
ბელარუსის კგბ-ს თავმჯდომარემ, ივან ტერტელმა 9 მარტს ლუკაშენკას მოახსენა, რომ უცხოეთის აგენტები „უპრეცედენტო ზეწოლას ახორციელებენ ჩვენს სახელმწიფოზე“ და განაცხადა, რომ ისინი 25-27 მარტს ქვეყნის დესტაბილიზაციას აპირებენ. მტკიცებულებები მას არ დაუსახლებია.
სახელმწიფო ტელევიზიამ დაგეგმილი საპროტესტო დემონსტრაციების წინ აჩვენა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების წვრთნა. 25 მარტს მინსკში პოლიციისა და არმიის წარმომადგენლები და მანქანები შეინიშნებოდა. აშკარაა, ხელისუფლება ხალხს აფრთხილებდა, შინ დარჩენილიყვნენ.
Telegram-ის ოპოზიციურმა არხმა Nexta-მ, რომელიც აქტიურად მონაწილეობს დემონსტრანტთა მობილიზებასა და კოორდინაციაში, მათ მოუწოდა, შიდაეზოების გავლით იმოფრაონ და ფლეშმობები მოაწყონ.
როგორც უფლებადამცველი სამეთვალყურეო ორგანიზაცია „ვიასნა“ იტყობინება, დემონსტრანტთა რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, ხელისუფლებამ 245 ადამიანი დააკავა 23 ქალაქში, მათი უმრავლესობა - 176 ადამიანი - მინსკში.
როგორც სვიატლანა ციხანოუსკაიას მრჩეველმა ფრანაკ ვიაჩორკამ განაცხადა, იყო „ასობით სხვადასხვაგვარი“ აქცია, მათ შორის ფოიერვერკები, ფლეშმობები, ეზოებში შეკრებები, მაგრამ მან აღიარა, რომ ლუკაშენკას მიერ ქუჩებში გამოყვანილმა „ტანკებმა და ჯავშანმანქანებმა“ დააფრთხო ხალხი.
„ცხადია, ყველაფერმა ამან იმოქმედა ხალხის რაოდენობაზე,“ უთხრა ვიაჩორკამ რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ რუსულენოვან ტელეარხ Current Times-ს.
მართალია, ლუკაშენკა ამჟამად შეიძლება „აკონტროლებს ქუჩას“, როგორც თავად ციხანოუსკაიამაც აღიარა თებერვალში, მაგრამ ის კარგავს იმ ბერკეტებსაც, რაც ჰქონდა დარჩენილი საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებით - დასავლეთში.
24 მარტს გაეროს ადამიანის უფლების საბჭომ კენჭისყრაში მხარი დაუჭირა ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევის გამოძიების დაწყებას. რუსეთმა, რომელიც ბელარუსის მთავარი მოკავშირეა, ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.
ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს მთავარ წარმომადგენელს, მიშელ ბაშელეს მიმართეს თხოვნით, უხელმძღვანელოს გამოძიებას, რომლის მიზანია, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს.
საბჭომ 2,5 მილიონი დოლარის ბიუჯეტი დაამტკიცა გამოძიებისთვის და 20 ექსპერტი და თანამშრომელი დაიქირავა.
ვაშინგტონი, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში კრიტიკისგან თავს იკავებდა, თეთრ სახლში ჯო ბაიდენის მოსვლის შემდეგ უფრო აქტიური გახდა.
25 მარტს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოითხოვა ბელარუსში 290-ზე მეტი პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ განთავისუფლება. მან განსაკუთრებით გამოყო იჰარ ლოსიკისა და მარია კალესნიკავას შემთხვევები.
კალესნიკავას სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საზიანო ქმედებებში ედება ბრალი, რასაც მისი მომხრეები აბსურდულს უწოდებენ. ის სექტემბერში დააკავეს, მაგრამ 22 მარტს წინასწარი დაკავების ვადა 8 მაისამდე გაუგრძელეს.
პოპულარული ბლოგერი ლოსიკი, რომელიც რადიო თავისუფლების კონსულტანტია, ივნისის შემდეგ იმყოფება პატიმრობაში - როგორც მისი მომხრეები ამბობენ, შეთითხნილი ბრალდებით.
28 წლის ლოსიკმა მაჯის გადაჭრა სცადა და 11 მარტს ოთხდღიანი შიმშილობის აქცია წამოიწყო მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ მისთვის ახალი გაურკვეველი ბრალდებების წაყენებას აპირებენ.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებამდე ერთი დღით ადრე მინსკს პოლიტპატიმრების განთავისუფლებისკენ მოუწოდეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრებმა, დემოკრატმა გრეგორი მიკსმა და რესპუბლიკელმა მაიკლ მაკკოლმა.
„ჩვენ გავაგრძელებთ ბელარუსის ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას, სანამ უკანონო ლუკაშენკა გადადგება, სანამ გაათავისუფლებენ ყველა პოლიტპატიმარს - მათ შორის რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების კონსულტანტ იჰარ ლოსიკს - და სანამ ჩაატარებენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს,“ ნათქვამია მიკსისა და მაკკოლის განცხადებაში.
ევროკავშირი, აშშ, კანადა და სხვა სახელმწიფოები 66 წლის ლუკაშენკას არ ცნობენ ბელარუსის ლეგიტიმურ ლიდერად და მას და ბელარუსის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესეს არჩევნების „გაყალბებისა“ და პოსტსაარჩევნო პერიოდში დემონსტრანტთა წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებისთვის.
25 მარტს ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ ბელარუსის კიდევ 118 წარმომადგენელს დაუწესეს მოგზაურობაზე აკრძალვა.
ეს ამგვარი პირველი ზომაა ნოემბერში შემოღებული აკრძალვების შემდეგ, რომელშიც მაშინ თვითონ ლუკაშენკაც მოყვა. მთლიანობაში სანქციები ვრცელდება 274 ადამიანზე.
ლუკაშენკას ასევე ურთიერთობები გაუუარესდა პოლონეთთან, რომელიც ბელარუსს ბრალს სდებს ქვეყანაში მყოფ ეთნიკურ პოლონელთა დევნაში.
მართალია, ამჟამად ბელარუსელები შესაძლოა თავს იკავებდნენ ქუჩებში გასვლისგან, მაგრამ 750 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი ციხანოუსკაიას მიერ წამოწყებულ ონლაინ კამპანიას, რომლის მიზანია, ლუკაშენკასგან მოითხოვოს, საერთაშორისო შუამავლობით მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებებში, რათა დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი.
Nexta გამოვიდა 27 მარტს მასობრივი საპროტესტო აქციების მოწოდებით და განაცხადა, რომ „ამ დღეს ვიწყებთ ქუჩის საპროტესტო გამოსვლების მეორე ტალღას.“
როგორც ვიაჩორკა ამბობს, ლუკაშენკას მთავრობის მხრიდან რეპრესიების შიშის მიუხედავად, მხოლოდ დროის საქმეა, რომ საპროტესტო გამოსვლებზე დიდი რაოდენობით ხალხი გამოვიდეს.
„ხალხი მხარდამხარ უნდა იდგეს, რათა დაინახოს, რომ ის უმრავლესობაა, რათა იგრძნოს ის ენერგია, რომელიც იმ დიდი მარშებიდან მიიღეს.“