თავის მხრივ რუსეთის მთავრობა მოითხოვს აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ენერგეტიკული ობიექტების (როგორც გამანაწილებელი ქსელებისა და ქვესადგურების, ასევე გენერაციის ობიექტების) განკერძოებას, რასაც ადგილობრივი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ეწინააღმდეგება. წელს რუსეთიდან ელექტროენერგიის ექსპორტის დაწყებას საეჭვოდ დაემთხვა ვარდნილჰესების კასკადის კერძო პირისათვის გადაცემის გადაწყვეტილება, რომელიც ე.წ. სახელმწიფო კომპანია „ჩერნომორენეგომ“ მიიღო, თუმცა დე ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობაში რამდენიმე თვის წინ შეტანილი ცვლილებების თავნახმად, საკითხის დადებითად გადაჭრისათვის პარლამენტის თანხმობაა საჭირო.
Telegram-არხ D News Абхазия-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო გაერთიანება “ჩერნომორენერგომ“ ე.წ. პარლამენტში გადაგზავნა იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კერძო კომპანია „სოხუმჰესს“ უნდა გადაეცეს ენგურის ვადნილჰესების კასკადის II, III და IV სადგურები. არხის ცნობით, „სოხუმჰესის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი, დეპუტატი რეზო ზანთარიაა, რომელსაც წელების განმავლობაში ასევე ეკავა აფხაზეთის მთავარი ენერგეტიკული კომპანიის, „ჩერნომორენერგოს“ დირექტორის თანამდებობა.
ვარდნილჰესების კასკადი — ჰიდროელექტროსადგურთა კასკადი საქართველოში, გალის რაიონში. შედის ენგურის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის შემადგენლობაში. შედგება ოთხი შედარებით ნაკლები სიმძლავრის ჰესისგან (ვარდნილჰესი-I, ვარდნილჰესი-II, ვარდნილჰესი-III, ვარდნილჰესი-IV). აშენებულია ენგურჰესის გამომყვან არხზე, მდინარე ენგურის ძირითადი ჩამონადენის გადაგდებით მდინარე ერისწყლის კალაპოტში. საერთო საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 340 მეგვტ.
ვარდნილჰესი-I - მდებარეობს მდინარე ერისწყალზე, ქალაქ გალის ჩრდილოეთით. ჰესის ძირითადი ნაგებობებია: კაშხალი (სიგრძე – 890 მ, სიმაღლე – 57,5 მ, სიგანე თხემზე – 10 მ), რომელიც წარმოქმნის გალის წყალსაცავს; საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 220 მეგვტ.
ვარდნილჰესი-II, -III და -IV - მდებარეობენ ვარდნილჰეს-I-ის ქვემოთ (5,5; 10,1 და 14,9 კმ-ზე შესაბამისად). სამივე ჰესს აქვს ერთნაირი დაწნევა (11,2 მ). სამივე ჰესის ჯამური სიმძლავრეა 120 მეგვტ (თითოეულის 40–40 მეგვტ).
დენი ისევ გრაფიკით?
კომპანია „ჩერნომორენერგომ“ განაცხადა, რომ 5 ნოემბერს დაიწყო დენის ექსპორტი რუსეთიდან. დაახლოებით ამავე პერიოდში „ჩერნომორენერგომ“ აფხაზეთის პარლამენტს გადაუგზავნა იჯარის ხელშეკრულება „სოხუმჰესისათვის“ ვარდნილჰესების კასკადის სამი ელექტროსადგურის (თითოეულის სიმძლავრე 40 მგვტ) საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
"რთული არაა ვივარაუდოთ, რომ ამ ორ საინფორმაციო შეტყობინებას შორის პირდაპირი კავშირია. შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობამ არ შეასრულა დაპირებები ენერგეტიკის კანონში იმ ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლებიც ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზებას გაუხსნიდნენ გზას“, - წერს Telegram-არხი D News Абхазия.
როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ სოხუმელი კორესპონდენტი ელენა ზავოდსკაია იტყობინება, ყოველი წლის გვიანი შემოდგომიდან აფხაზეთი განიცდის ელექტროენერგიის მწვავე უკმარისობას:
„წელსაც უკვე გავრცელდა ინფორმაცია ჯვრის წყალსაცავში წყლის დეფიციტის თაობაზე, რის გამოც დაიწყო ელექტროენერგიის გამორთვები. ჯერჯერობით დენი მხოლოდ დილა-საღამოს, ისიც მცირე ხნით ითიშება, მაგრამ მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე ყველა ხვდება, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად პრობლემები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. შესაბამისად, სახელმწიფო კომპანია „ჩერნომორენეგოსთან“ დაკავშირებული ცნობები ყველაზე აქტუალურია აფხაზეთში“.
კომპანია „ჩერნომორენერგო“ Facebook-ში მართლაც წერს, რომ 5 ნოემბრიდან დაიწყო ელექტროენერგიის შეტანა რუსეთის ფედერაციიდან და, რომ რუსული დენი განაწილდება რესპუბლიკის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში. კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ ენგურჰესის (ჯვრის) წყალსაცავში წყლის არასაკმარისი შედინების გამო, შეზღუდვები დაწესდეს აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე.
გაზეთი „ნეზავისიმაია რესპუბლიკა“ მოსალოდნელ ენერგოკრიზისთან დაკავშირებით ესაუბრა „ჩერნომორენერგოს“ გენერალურ დირექტორს, ტიმურ ჯინჯოლიას, რომლის თქმითაც, გვალვების გამო წელს ენგურჰესში წყლის შედინების მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით თითქმის სამჯერ ნაკლებია: „ახლა წყლის ხარჯი 50 კუბ. მ/წმ-ია მაშინ, როცა გასული წლის საშუალო თვიური მაჩვენებელი დაახლოებით 160 კუბ მ. იყო. წყლის დონეც მინიმუმამდე, 420 მეტრამდე დასული. დაწესდება თუ არა დენის მიწოდების გრაფიკი, ეს დამოკიდებული იქნება ენგურის წყალსაცავში წყლის დონესა და რუსეთიდან მიღებული ელ. ენერგიის მოცულობაზე “.
დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ენერგეტიკის სფეროში შექმნილი პრობლემების გადაჭრა რთული იქნება კერძო ინვესტიციების მოზიდვის გარეშე. ასეთივე მიდგომა, უფრო ზუსტად მკაცრი რეკომენდაცია, აქვს რუსეთის მთავრობასაც, რომელმაც არაერთხელ მიანიშნა სოხუმს, რომ რუსული ბიზნესი მხოლოდ პრივატიზების პროცესის დასრულების შემდეგ ჩადებს ფულს ადგილობრივი ენერგოქსელისა და გენერაციის ობიექტების რეაბილიტაციაში.
თუმცა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი წევრი, გარი კოკაია ფიქრობს, რომ ვარდნილჰესების კასკადის სამი სადგურის (II, III, IV) კერძო კომპანია „სოხუმჰესისათვის“ გადაცემა სწორედ ამ პროცესის ნაწილია და ის უნდა შეჩერდეს.
„პარლამენტის გარეშე ვერ გააფორმებენ იჯრას, რადგან რამდენიმე თვის წინ ენერგეტიკის კანონში შეტანილმა ცვლილებებმა სავალდებულო გახადა პარლამენტის თანხმობა. ეს რომ არ მომხდარიყო, დღეს კალმის ერთი მოსმით გაასხვისებდნენ ელექტროსადგურებს, რაც მიუღებელია. ეს იქნებოდა ეროვნული აქტივების მორიგი ძარცვა“, - ამბობს გარი კოკაია, რომლის თქმითაც, ინტერესი ვარდნილჰესების კასკადის სადგურებისადმი ადრეც არსებობდა:
„დაახლოებით ორი წლის წინ იყო რამდენიმე წინადადება, იყო რამდენიმე ბენეფიციარი, რომლებიც ცდილობდნენ სადგურების აღებას მაინინგისათვის, თანხებსაც განსხვავებულს ასახელებდნენ: ზოგი 10 მილიარდი რუბლის დახარჯვას აპირებდა სადგურის გაახლებისთვის, ზოგი - 3 მილიარდს. ზუსტად რა თანხაა საჭირო, არავინ იცის. არსად წერია, რა ფასი აქვს ამ ვარდნილ ჰესებს, ამბობენ, რომ მთლიანად დანგრეულია. თუ მთლიანად დაინგრა, მაშინ ნულიდან ააშენონ, ვნახავთ როგორ ააშენებენ. ეს არის უნიკალური ჰიდროკონსტრუქციები, სხვა მსგავსი პოტენციალი აფხაზეთში არ არსებობს. თუ სახელმწიფო თავად შეაკეთებს ვარდნილჰესებს, მომდევნო ორი, სამი, ოთხი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის დეფიციტი არ გვექნება, არ დაგვჭირდება რუსეთიდან დენის შემოტანა. მომავალი წლიდან ორ რუბლამდე ახალი ტარიფების შემოღების გათვალისწინებით კი, ეს ამბავი მომგებიანი იქნება“.
დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი წევრი დარწმუნებულია, რომ ვარდნილჰესების კასკადის რეაბილიტაცია კერძო მესაკუთრისათვის გადაცემის გარეშეც შესაძლებელია. კოკაია ასახელებს ორ გზას:
„I - 30 წელია ვთანამშრომლობთ ქართულ მხარესთან, „ენგურჰესთან“. ვარდნილჰესის I სადგური ამ პრინციპით უკვე გაარემონტა „ენგურჰესმა“ და ის უკვე მუშაობს აფხაზეთის სტრუქტურაში - ვიღებთ პროცენტებს. იყო წინადადება „ენგურჰესის“ გენერალური დირექტორის, ლევან მებონიასგან, რომ თავად აღადგენდა ვადნილჰესის სამივე სადგურს და პროცენტებს გაზრდიდა. იყო 40/60-ზე, ახლა კი მზადაა განიხილოს 50/50-ზე, მაგრამ ამაზე არ თანხმდება აფხაზეთის ხელისუფლება, რადგან პირადი დაინტერესება არ აქვთ. სხვა არანაირი პრობლემა არაა. მებონიას მხრიდან მზადყოფნა დღემდე შენარჩუნებულია. სადგურები ამუშავდება, თუ ჩვენი მხრიდან იქნება გაგება. ასეთი გაგება არ არსებობს ერთადერთი მიზეზის გამო, ამ სქემაში არ იქნება გათვალისწინებული ჩვენი უმაღლესი ხელისუფლების პირადი ინტერესები. სულ ეს არის. ხელისუფლება არ უდგება ამ საკითხს სახელმწიფოებრივად, ის მხოლოდ თავისი კომერციული ინტერესების დაკმაყოფილებას ცდილობს. ფაქტობრივად ასეთი მიდგომა აქვს ხელისუფლებას ყველა ობიექტისადმი.
II - სახელმწიფო კომპანია „ჩერნომორენერგო“ გაზრდილი ტარიფის პირობებში 2 მილიარდ რუბლამდე მოგებას მიიღებს წელიწადში. მაშინაც კი, თუ 1 მილიარდი რუბლი დაიხარჯება თავად ორგანიზაციის მომსახურებაზე, კომპანიას 1 მილიარდი რუბლი (10,7 მლნ $) დარჩება განვითარებისთვის. თუ ყოველწლიურად 1 მილიარდს დახარჯავს ვარდნილჰესებზე, მაშინ, საფიქრებელია, რომ სამ-ოთხ წელიწადში შესაძლებელი იქნება მათი ამუშავება ისე, რომ სახელმწიფოს აღარ დასჭირდეს მათი გასხვისება.
2022 წელს აფხაზეთში 1 კილოვატ/საათი ელექტროენერგიის ღირებულება 40 კაპიკიდან 90 კაპიკამდე გაიზარდა, ხოლო 2023 წლის იანვრიდან 1 რუბლი და 30 კაპიკი გახდა (1 რუბლი - 0,011 დოლარი).
თუმცა სახელმწიფო კომპანია „ჩერნომორენეგრგოს“ დირექტორის, ტიმურ ღვინიჯილიას თქმით, ვარდნილჰესების კასკადის სამი სადგურის რეაბილიტაციას , სულ ცოტა. 8-10 მლრდ რუბლი (დაახლოებით 100 მლნ $) სჭირდება, რაც, მისითვე თქმით, დიდი თანხაა. გარდა ამისა, ჩერნომორენერგოს უჭირს მოხმარებული დენის საფასურის სრულად ამოღებაც, რადგან მრიცხველების დაყენების პროცესი ახალი დაწყებულია. სოხუმშიც კი გამრიცხველიანების მაჩვენებელი 50%-ზე მაღალი არაა, არადა, როგორც ღვინჯილია ამბობს, აღრიცხვის მოწესრიგება მოხმარებული დენის მოცულობას 30-40%-ით ამცირეს. აფხაზეთისთვის კვლავ პრობლემად რჩება კრიპტოვალუტის იატაკქვეშა მაინინგი: ადმინისტრირების გამკაცრების შემდეგ მსხვილი ფერმები დაიშალა, თუმცა ისინი წარმატებით ჩაანაცვლეს წვრილ-წვრილმა მაინერებმა, რომლებიც კერძო სახლებში, სარდაფებში, სხვენებსა და მიტოვებულ შენობებში ამუშავებენ მინი-ფერმებს.
„შექმნილი დეფიციტის 90% არალეგალური მაინინგითაა გამოწვეული“, - ამბობს ტიმურ ღვინჯილია.
რაც შეეხება ვარდნილჰესების კასკადის კერძო კომპანიისათვის გადაცემას. გარი კოკაია დარწმუნებულია, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი ამ გარიგებას მხარს არ დაუჭერს.
„ენერგეტიკის შესახებ კანონში ცვლილებები იმისთვის არ შეუტანიათ, რომ შემდეგ ყველაფერი დაფანტონ და დაარიგონ. ვფიქრობ დეპუტატები ამ საკითხში თავს ისევე გამოიჩენენ, როგორც გასხვისების პირველი მცდელობის დროს გამოიჩინეს, როცა ენერგეტიკის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანეს და პარლამენტის თანხმობა სავალდებულო გახადეს. დარწმუნებული ვარ მეორე მცდელობაც განწირულია, არაფერი გამოუვათ. საზოგადოება, პოლიტიკური ორგანიზაციები, პარტიები არ დავუშვებთ ამას. ჩვენს თვალწინ სახელმწიფო ქონების მორიგი ქურდობა არ გამოუვათ, რაც არ უნდა მოიფიქრონ და საზოგადოებას გამოუვალი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავლად წარუდგინონ. მე სრულად ვენდობი ჩვენს დეპუტატებს. ვიცი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციას არ შეიცვლიან“, - ამბობს დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი წევრი.