საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2021 წელს დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტი 4.3 %-ით გაიზარდოს. რამდენად რეალისტურია ასეთი გეგმა და, რაც მთავარია, თუ არის ის საკმარისი სიდუხჭირის დასაძლევად?
ამ და სხვა საკითხებზე რადიო თავისუფლებას ეკონომიკის დოქტორი, ირაკლი მაკალათია ესაუბრა.
კახა მჭედლიძე: რას ნიშნავს ეკონომიკური ზრდა ეკონომიკის შემცირების შემდეგ, ანუ რასთან შედარებით იზრდება?
ირაკლი მაკალათია: ბიუჯეტის მიხედვით დაგეგმილი 4.3 %-იანი ეკონომიკური ზრდა, დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ოპტიმისტური პროგნოზია. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებს მთავრობა. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება შეზღუდვები, მეტად დაზარალდება ეკონომიკა. შემცირებული და რიგ შემთხვევებში გაჩერებული ბიზნესი რამდენად შეძლებს მომავალში განვითარებას, ეს ძნელი სათქმელია. ერთი უნდა აღვნიშნოთ, რომ ყოველი გაჩერებული დღე ფინანსურად მძიმედ აისახება ბიზნესზე და მას განვითარების პერსპექტივებსაც უმცირებს.
როცა საუბარია 2021 წლის დადებით ეკონომიკურ ზრდაზე, ეს ზრდა გამოითვლება წინა წელთან შედარებით, ანუ 2021 წლის მშპ შეუდარდება 2020 წლის მშპ-ს, რომელიც, თავის მხრივ, მკვეთრად შემცირებულია, ამიტომ მკვეთრად შემცირებულ მშპ-სთან მიმართებით 4.3 %-იანი ეკონომიკური ზრდაც დიდი ოპტიმიზმის საშუალებას არ გვაძლევს. ამ შემთხვევაში ჩვენი ეკონომიკის სამიზნე წელი 2019 წლის ეკონომიკური მდგომარეობაა.
რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება შეზღუდვები, მეტად დაზარალდება ეკონომიკაირაკლი მაკალათია
კახა მჭედლიძე: როდის გაუტოლდება ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდელ მაჩვენებელს, ანუ რა დონის ზრდაა ამისთვის საჭირო?
ირაკლი მაკალათია: ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გზას აირჩევს მთავრობის ეკონომიკური გუნდი. ოქტომბერში ეკონომიკა 3,9 %-ით შემცირდა. ჯამში, 2020 წლის 10 თვის მაჩვენებელიც 5,1 %-ით მცირდება. ახალი ეკონომიკური შეზღუდვები უარყოფით ეკონომიკურ ზრდას მოგვცემს ნოემბერსა და დეკემბერში. ამიტომ 2021 წლისთვის დაგეგმილი 4,3 %-იანი ეკონომიკური ზრდით ნამდვილად ვერ გავუთანაბრდებით 2019 წლის მაჩვენებელს. პირველ რიგში, ჩვენ უნდა დაველოდოთ 2020 წლის ეკონომიკური ზრდის დაზუსტებულ შეფასებას და ზუსტი სურათის შეფასება შემდეგ შეგვეძლება, მანამდე კი, დღევანდელი მოცემულობისთვის, 2019-თან დასაბრუნებლად 5 %-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა გვჭირდება, რომელიც მომდევნო ორ თვეში მოსალოდნელი ეკონომიკური კლების პირობებში კიდევ უფრო გაიზრდება.
კახა მჭედლიძე: გასულ წლებში სხვადასხვა პუბლიკაციებში ვაწყდებოდით ხოლმე საინტერესო გათვლებს იმის შესახებ, თუ როგორი ზრდით როდის შეიძლება დაეწიოს საქართველო ევროპის ყველაზე სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყანას. ახლანდელი პრობლემების გათვალისწინებით, რა დონის ზრდაა საჭირო?
იმისათვის რომ ქვეყანა განვითარდეს, აუცილებელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა...ირაკლი მაკალათია
ირაკლი მაკალათია: პანდემიამდე ხაზს ვუსვამდით იმ ფაქტს, რომ თუ გვინდა ეკონომიკური ზრდა რეალურად აისახოს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, უნდა გვქონდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. სამწუხაროდ, შეზღუდვების შედეგად 2020 წლის II კვარტალში პირიქით, ორნიშნა ეკონომიკური კლება მივიღეთ. ამასთან, ერთ მნიშვნელოვან გარემოებასაც უნდა გავუსვათ ხაზი: აღნიშნული მაჩვენებლები მიღებულია დაკვირვებადი ეკონომიკის მონაცემებიდან, მაგრამ ქვეყანაში დიდია არადაკვირვებადი ეკონომიკის წილი, ანუ მასზე მონაცემები არ მიიღება. ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებიან ძირითადად თვითდასაქმებულები, რომლებიც ოფიციალური სტრუქტურების მიერ არ აღირიცხებიან. პანდემიის შედეგად დაკვირვებადის გარდა დაზარალდნენ დაუკვირვებადი ეკონომიკის წარმომადგენლებიც, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობა არც აქამდე იყო სახარბიელო. შედეგად, მათი სოციალური მდგომარეობა ბევრად გაუარესდა, რაც არ ხვდება ოფიციალურად გამოქვეყნებულ რიცხვებში. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში ბევრად მძიმე მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე ეს ოფიციალურად გამოქვეყნებულ რიცხვებშია ასახული.
იმისათვის რომ ქვეყანა განვითარდეს, აუცილებელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჰაერიდან მოტანილი სიტყვები არ არის და რომლის მიღწევაც სავსებით რეალურია. დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკას რომ შევნატრით, ამისთვის ჩვენი ეკონომიკური სტრუქტურა უნდა დაემსგავოს მათსას. დღეს ეკონომიკური აქტივების უდიდესი წილი სახელმწიფოს საკუთრებაშია. ესენია: სასოფლო-სამეურნეო მიწების, დაახლოებით, 60 %, წიაღის 100 %, ტყის 100 %, უამრავი შენობა-ნაგებობა (მათი დიდი ნაწილი ქალაქების ცენტრებშია), ურბანული მიწები, სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც წლიდან წლამდე ზარალზე მუშაობენ და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ეს არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივები, რომლებიც არ ქმნიან ეკონომიკურ დოვლათს და, პირიქით, მათ შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე კიდევ დამატებით იხარჯება მილიონები. სახელმწიფო ამ აქტივებს აკონსერვებს, არ უშვებს ეკონომიკაში და მისგან სარგებელს არ აძლევს თავის მოქალაქეებს. შედეგად ვიღებთ იმ შეუსაბამობას, რომ ჩვენ ვართ ,,მდიდარი ქვეყანა, სადაც ღარიბი მოსახლეობა ცხოვრობს“. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდისათვის ეს აქტივები უნდა გადავიდეს რეალურ ეკონომიკაში, რითაც ქვეყანაში გაჩნდება კერძო საკუთრება, ეკონომიკაში შემოსული აქტივები შექმნის ახალ ბიზნესებს, რაც შექმნის მეტ სამუშაო ადგილს, მეტად გაიზრდება ადამიანების შემოსავლების დონე და ა.შ. საქართველოს მთავრობამ ის ეკონომიკური ზრდა უნდა აირჩიოს, რითაც დღეს დასავლეთის ქვეყნებია განვითარებული და წარმატებული.
აქტივები როცა ჭარბად შევა ეკონომიკაში, წინა პერიოდებთან შედარებით მოგვცემს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, ხოლო მას შემდეგ, რაც სახელმწიფო აქტივების მიწოდება დასრულდება, ჩვენი ეკონომიკური ზრდა ერთნიშნაზე ჩამოვა, მაგრამ ერთი განსხვავებით: ჩვენ უკვე მდიდარი და განვითარებული ქვეყანა ვიქნებით.