Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ უფრო გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯი და კოვიდი - სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია


სახელმწიფო ბიუჯეტის ახალ, საბოლოო პროექტში, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 30 ნოემბერს წარუდგინა, წინა ვერსიისგან განსხვავებით, ასახულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები. თუმცა ბევრი რამ ისევ ვაქცინის დროულად შემოსვლის იმედს უკავშირდება და, ექსპერტების შეფასებით, ბიუჯეტის პროექტი ზედმეტად ოპტიმისტურად, არარეალისტურად არის დაგეგმილი. ამასთან, კრიტიკის საგნად რჩება ბიუროკრატიული ხარჯების კიდევ უფრო გაზრდა - იქნება ეს სახელმწიფო მოხელეთა ანაზღაურება თუ სხვა.

შემოსავლების ნაწილში

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის მიხედვით, შემოსავლების მოცულობა 11 მილიარდ 179 მილიონ ლარზე მეტია. ეს მაჩვენებელი ნაკლებია წინა ვერსიასთან შედარებით, მაგრამ კვლავ მეტია პანდემიამდე არსებულ მონაცემებზე.

2019-2020 წლებთან შედარებით, გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები და ის დაახლოებით 10 მილიარდ 342 მილიონ ლარს უტოლდება.

ასეთ გათვლას უსაფუძვლოდ ოპტიმისტურს უწოდებს „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტი, რამაზ გერლიანი - გაზაფხულის „ლოკდაუნის“ შედეგებისა და 28 ნოემბერს დაწესებული მკაცრი შეზღუდვების მეორე ტალღის გათვალისწინებით.

„რანაირად აპირებენ ასეთი შემოსავლის მიღებას, როცა ბიზნესი მუშაობას აჩერებს, ადამიანები კარგავენ სამსახურებს... აი, მხოლოდ მოგების გადასახადი რომ ავიღოთ, რაც ეკონომიკური მდგომარეობის პულსად მიიჩნევა, აქაც ვხედავთ პროგნოზის ზრდას და არა მხოლოდ 2020 წლებთან შედარებით, არამედ 2019 წელთან შედარებითაც...

და ეს მაშინ, როცა კრიზისული მდგომარეობაა და არ უჩანს არანაირი პირი, გამოსწორდება თუ არა მომავალ წელს ეს მდგომარეობა.

მინდა, ვცდებოდე, მაგრამ - ამ დონის გადასახადების მობილიზება პრაქტიკულად შეუძლებელია... და შესაძლებელიც რომ იყოს, კრიზისულ პერიოდში იქით უნდა ვეხმარებოდეთ ეკონომიკას და აქეთ არ უნდა ამოვიღოთ ფინანსები“, - ეუბნება გერლიანი რადიო თავისუფლებას.

კრიზისის პირობებში რამაზ გერლიანს ასევე არარეალისტურად მიაჩნია ეკონომიკური ზრდის ის პროგნოზი, რომელიც 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტშია - „ესეც ზედმეტად ოპტიმისტურია“.

  • ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლად ბიუჯეტის წინა პროექტში 5% იყო ჩადებული.
  • ბიუჯეტის ბოლო პროექტი კი - 4,3%-იან ზრდაზეა გათვლილი.

26 ნოემბერს, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტი პარლამენტში დაბრუნდებოდა, ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროგნოზი პანდემიასთან დაკავშირებულმა, გართულებულმა მდგომარეობამ „დაამძიმა“ და კიდევ რაღაცები იქნება დასათვლელი, მაგრამ აქვეა - კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებული ოპტიმიზმიც.

„სასტარტო პირობები უფრო დამძიმებულია - მათ შორის, იანვარი, მათ შორის, ალბათ - თებერვლის ნაწილიც... დარწმუნებული ვართ, შეზღუდვები მაგ დროისთვის მოხსნილი იქნება, მაგრამ ეკონომიკა ასე იოლად ვერ აღდგება.

ეს არის ფაქტორი, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს იმ 4,3%-იან პროგნოზს, თუმცა არის მეორე ფაქტორი - უკვე დადასტურებული ვაქცინა, რომლის დროული მიღების შემთხვევაში, წლის მეორე ნახევარი, ან დარჩენილი 7 თვე უფრო სწრაფად აღდგება, ვიდრე თავდაპირველი პროგნოზი იყო (4,3% ზრდა 2021 წლისთვის)...

ახლა ეს ორი ფაქტორი - ერთი ნეგატიური და მეორე პოზიტიური - იმოქმედებს 2021 წელზე... დათვლები გასაკეთებელია, ეს შეზღუდვები რეალურად რა სურათს მოგვცემს. მე მაინც მგონია, რომ 4%-იანი ზრდის შენარჩუნება შესაძლებელია“.

ხარჯის ნაწილში

ბიუჯეტის დაგეგმილი ხარჯი 12 მილიარდ 778 მილიონ ლარს აღემატება და ეს მაჩვენებელი გაზრდილია როგორც 2019-2020 წლებთან შედარებით, ასევე მილიარდზე მეტი ლარით არის გაზრდილი პროექტის წინა ვარიანტთან (11 მილიარდ 563 მილიონი ლარი) შედარებითაც.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ მასში ასახულია როგორც სოციალური ვალდებულებები, ასევე ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული დაპირებები - მოქალაქეებთან თუ ბიზნესთან მიმართებით.

„ყველა სოციალური ვალდებულება, რაც ჩვენ გამოცხადებული გვქონდა, ბიუჯეტში დევს, მათ შორის, პენსიებთან დაკავშირებით - 70 წლამდე და 70 წელს ზევით პენსიონერებისათვის პენსიის ზრდა 20 და 25 ლარით. ამისთვის გათვალისწინებულია დაახლოებით 370 მილიონი ლარი.

ბიუჯეტში ასევე დევს 1,1-მილიარდიანი პაკეტი კოვიდთან დაკავშირებით - ჩვენი თანამემამულეებისთვის საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით, იგივე 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარებები; ასევე ბიზნესის დახმარებები - მასპინძლობის სექტორის და სხვა...

ჯანდაცვის სამინისტროს მნიშვნელოვანი დაფინანსებაა ასევე გათვალისწინებული. 2021 წელს (კოვიდთან დაკავშირებით) სახელმწიფო დახარჯავს 2,5 მილიარდი ლარით მეტს, ვიდრე ხარჯავს 2020 წელს. ასიგნებები მიაღწევს 18,4 მილიონ ლარს“, - განაცხადა 1 დეკემბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

რამაზ გერლიანი ბიუჯეტის პროექტის პლუსად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ კოვიდის პირობებში გაზრდილია ჯანდაცვის მიმართულების ხარჯი; მაგრამ მინუსების გაცილებით უფრო გრძელ ჩამონათვალში შედის ასევე, მაგალითად - სოციალური უზრუნველყოფის შემცირებული ხარჯი და, პარალელურად - ხარჯის გაზრდა საბიუჯეტო ანაზღაურებაზე მყოფი პირებისთვის.

  • თითქმის 1 მილიარდ 615 მილიონ ლარს შეადგენს შრომის ანაზღაურება“ - რაც სახელფასო ანაზღაურების გარდა, სხვადასხვა სახის სარგოსაც გულისხმობს (დანამატს, ჰონორარს თუ კომპენსაციას). ეს მაჩვენებელი აღემატება როგორც 2019-20 წლების, ასევე წინა პროექტის მაჩვენებლებსაც.
  • თითქმის 1 მილიარდ 662 მილიონი ლარია ხარჯი სექციისთვის - „საქონელი და მომსახურება“, რაც, მათ შორის, საოფისე ხარჯებს გულისხმობს. ეს მაჩვენებელი ასევე გაზრდილია 2019-20 წლებისა და წინა პროექტის მონაცემებთან შედარებით.
  • დაახლოებით 1 მილიარდ 837ლარს უტოლდება სხვა ხარჯები, რაც, მათ შორის, სხვადასხვა სახის მიმდინარე და კაპიტალურ ხარჯებს გულისხმობს. ეს მაჩვენებელიც გაზრდილია 2019-20 წლებისა და ბიუჯეტის წინა ვერსიის მაჩვენებლებთან შედარებით.

„ეს ბიუჯეტი უპასუხისმგებლო ხელისუფლების ბიუჯეტია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, რომან გოცირიძე. მისი შეფასებით, ბიუჯეტის ეს პროექტი „სასწრაფოდ შესაცვლელია“, რადგან კრიზისში მყოფი ქვეყნისთვის აუცილებელ ხარჯებზე მეტად „უსარგებლო, კორუფციული და შესაძლოა - სასარგებლო, მაგრამ არასაჭირო ხარჯებზეა ორიენტირებული“.

„რესურსები დღეს უნდა მოხმარდეს ადამიანების გადარჩენას და ნაცვლად იმისა, რომ რეალისტურად - გადარჩენის ბიუჯეტი უნდა იყოს ეს, კვლავაც შენარჩუნებულია ფლანგვის ბიუჯეტი... ერთადერთი რაც შემცირდა, ეს მივლინებისა და წარმომადგენლობითი ხარჯია და ესეც იმიტომ, რომ - ვერც საქართველოდან მიდის ვინმე და ვერც აქ ჩამოდის ვინმე სტუმარი... ამდენი ვალის აღებას ჯობდა, რომ არასაჭირო, ფუფუნებაზე გათვლილი ხარჯები შეემცირებინათ“.

სახელმწიფოს ვალი 2021 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 60,8%-ს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტში მითითებულია, რომ „ვალდებულებების ზრდა“ კიდევ თითქმის 5 მილიარდ 279 მილიონის ფარგლებშია დაგეგმილი.

თუმცა ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განმარტებით, მომავალ წელს, პანდემიის კრიზისიდან გამომდინარე, დამატებითი ვალის აღება აღარ იქნება საჭირო, რადგან 1,5 მილიარდი დოლარი ყველა ხარჯს გასწვდება:

  • „თანხები, რომლებიც ჩვენ მოვიზიდეთ წელს და უკვე ხელმოწერები გვაქვს, სრულად გვყოფნის დაფინანსებაზე... რაღაც განსაკუთრებული ახალი მოლაპარაკებები ვალების მოზიდვასთან დაკავშირებით არ იგეგმება“;
  • „იმ წელს მოხდება იმ ვალების აღება სხვადასხვა პროექტებისა და რეფორმების მიხედვით, რაც ყოველწლიურად გვაქვს და ასევე - იმ ნაწილი ვალების ჩამორიცხვა, რაზეც წელს მოვილაპარაკეთ“;
  • „გადაუდებელი 1,5-მილიარდიანი (დოლარი) ამ კრიზისზე რეაგირებისთვის მობილიზებული თანხების მსგავსი ჩვენ მომავალ წელს არ დაგვჭირდება, რადგან მეტობით გვქონდა და გავაგრძელებთ ხარჯვას. თუმცა მაღალი დეფიციტი (7%) თავისთავად მანიშნებელი იქნება იმისა, რომ ვალის შემცირებას იმ ტემპით ვერ დავიწყებთ, რაც გვქონდა ჩაფიქრებული“.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ახლა უკვე მე-10 მოწვევის პარლამენტის პრეროგატივაა და ეს დეკემბრის ბოლომდე უნდა მოხდეს. თუმცა პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მოსალოდნელია, რომ 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება მოუწიოს - ერთპარტიულ პარლამენტს, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნება“ იქნება წარმოდგენილი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG