Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფოს ბიუჯეტი კორონას ჩრდილში - რა შემოვა და რას დავხარჯავთ


2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები და ყველაფერი კორონავირუსის მომავალ ქცევაზე თუ ვაქცინის მოსწრებაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ბიუჯეტში არც ის ზიანია გათვალისწინებული, რაც კორონავირუსმა უკვე მოუტანა საქართველოს ეკონომიკას. მათთვის ამაზე საგადასახადო შემოსავლების ოპტიმისტური დაგეგმვაც მიუთითებს. ოპონენტები ფიქრობენ, რომ ბიუჯეტის პროექტში ხელისუფლებას არც "ქამრების შემოჭერაზე" უფიქრია.

რა წერია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში? რას აკრიტიკებენ ხელისუფლების ოპონენტები? რას აპირებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება? როდისთვის აისახება საბიუჯეტო კანონში COVID 19-ის მიერ შექმნილი რეალობა?

შემოსავლების შესახებ

სახელმწიფო ბიუჯეტი მომავალ წელს კორონამდელ პერიოდზე უფრო მაღალი შემოსავლის - 11 მილიარდ 285 მილიონი ლარის მიღებას გეგმავს (შემოსულობები სულ დაახლოებით 14 მილიარდ 760 მილიონი ლარია) . 2019 წელთან შედარებით, ასევე გაზრდილია მოლოდინი საგადასახადო შემოსავლების ნაწილშიც და 10 მილიარდ 450 მილიონი ლარის მიღება იგეგმება.

  • 2019 წელთან შედარებით გაზრდილია საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელიც და ის თითქმის 3 მილიარდ 600 მილიონ ლარს უტოლდება;
  • გაზრდილია მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი და განისაზღვრება 935 მლნ ლარის ოდენობით;
  • გაზრდილია დამატებითი ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელიც და დაახლოებით 4 მილიარდ 347 მილიონ ლარს შეადგენს.

„რანაირად აპირებენ ამას კორონავირუსისგან გაჩერებული ეკონომიკის პირობებში?! ამ ტიპის გადასახადების მოცულობის ზრდა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის პირობებშია შესაძლებელი... ამჟამინდელი რეალობით კი, საწარმოები პირიქით იხურება, უამრავმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, კრიზისი ჯერ ისევ მძვინვარებს და უკვე ჩანს, რომ მომავალ წელზეც გადავა“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი რამაზ გერლიანი.

ის ფიქრობს, რომ პარლამენტში წარმოდგენილი ბიუჯეტი "უკან არის გასაბრუნებელი" და მის განხილვას ამ ფორმით უბრალოდ აზრი არა აქვს - „ვიცი, რომ ეს ყველაფერი შესაბამისი მოდელის მიხედვით, ტრენდულად არის გათვლილი, მაგრამ პანდემიის ზეგავლენების ფონზე, ასეთი პროგნოზების ჩაწერა, ჩემი აზრით, მინიმუმ შეცდომაა“.

თუკი ვაქცინა მოგვისწრებს

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების დონეზე, 7 ოქტომბერს დაიწყო. ავტორი უწყება, ფინანსთა სამინისტრო არ მალავს, რომ კანონპროექტში შესაძლოა, ბევრი რამის შეცვლა გახდეს საჭირო და ეს დიდწილად სწორედ კორონავირუსის გამო მოხდება.

თუმცა როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ უთხრა დეპუტატებს, 7 ოქტომბერს გამართულ პირველ საკომიტეტო მოსმენაზე - უარყოფით რისკებთან ერთად, პოზიტიური მოლოდინიც არსებობს. მისი თქმით:

  • გეგმის ცვლილებისთვის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება „ეპიდემიის გავრცელების მდგომარეობა, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელ მსოფლიოში“ და „იქნება თუ არა ვაქცინა ხელმისაწვდომი უმოკლეს პერიოდში“.
  • მაგრამ თუკი ვაქცინა წლის პირველ ნახევარში იქნება ხელმისაწვდომი, შესაძლოა „ტურიზმის გაცილებით მაღალი ზრდა მივიღოთ“ და ეკონომიკა არათუ 5%-ით, არამედ შესაძლოა 6-7%-ითაც გაიზარდოს.

გადასახადების შემცირების გარეშე, ვალებით დამძიმებული საწარმოების ამუშავება უტოპიად მიაჩნიათ ოპოზიციაში.

„მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს გადასახადები, 2 მილიარდით უნდა შემცირდეს მთავრობისა და ბიუროკრატიის ხარჯები, უნდა გადაეცეს ქონება მთავრობისგან ხალხს და ამ ყველაფრის შედეგად შეიქმნას სამუშაო ადგილები... ეს ბიუჯეტი გახლავთ გაჭირვების, უმუშევრობის, სიღარიბისა და კარგად მცხოვრები მთავრობის ბიუჯეტი“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე.

საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებისა და „ქამრების შემოჭერის“ გარეშე ეკონომიკის ფაცოცხლება და მეტი შემოსავლის მიღება არც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოუდგენია. როგორც პარტიის წარმომადგენელი, რომან გოცირიძე ამბობს - „ეს ბიუჯეტი გულარხეინად არის შედგენილი“ და ხელისუფლებამ ფუფუნებისთვის დასახარჯი ფული ვერ დათმო - „რა ქამრების შემოჭერა, რის ქამრების შემოჭერა“.

ხარჯების შესახებ

პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, პროექტში გაზრდილია ბიუჯეტის ხარჯებიც და ის თითქმის 11 მილიარდ 563 მილიონ ლარს შეადგენს.

  • დაახლოებით 1 მილიარდ 607 მილიონ ლარამდეა შრომის ანაზღაურებისთვის“ - რაც სახელფასო ანაზღაურების გარდა, სხვადასხვა სახის სარგოსაც გულისხმობს (დანამატს, ჰონორარს თუ კომპენსაციას).
  • თითქმის 1 მილიარდ 360 მილიონ ლარს უტოლდება დაგეგმილი ხარჯი სექციისთვის - „ საქონელი და მომსახურება „, რაც მათ შორის - საოფისე და სამივლინებო ხარჯებს გულისხმობს;
  • დაახლოებით 1 მილიარდ 751 მილიონ ლარამდეა გაზრდილი „სხვა ხარჯებიც“, რაც - მათ შორის, სხვადასხვა სახის მიმდინარე და კაპიტალურ ხარჯებს გულისხმობს.

რადიო თავისუფლების კონკრეტულ შეკითხვებს პარლამენტში უპასუხეს, რომ განმარტებები პროექტის კარგად შესწავლის შემდეგ გაკეთდება. თუმცა მანამდე, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ოპონენტებს პასუხობს - უსაფუძვლო სპეკულაციები და სიცრუე, რომ მთავრობას ეზრდება ხელფასები... ეს არის ტყუილი და ნურავინ ნუ შეიყვანს ჩვენს მოქალაქეებს შეცდომაში .

როდის აირეკლება პანდემია ბიუჯეტის პროექტში?

უმრავლესობაში იციან, რომ პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ჯერჯერობით არ ასახულა, თუმცა თალაკვაძის თქმით, ყველაფერი იქნება - როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკის და სოციალური მიმართულებით ჯერ კიდევ მთელი რიგი მნიშვნელოვანი პროგრამები ამ პირველ პროექტში არ არის მოცემული, ჩვენ ერთად ვმუშაობთ ამაზე და ასახული იქნება".

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პროექტის დადებით ფაქტორებად გამოყოფენ ასევე შემდეგს:

  • ამჟამინდელი 4,9%-იანი კლების შემდეგ, პროექტი გათვლილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე;
  • პროექტში გათვალისწინებულია პენსიების დაგეგმილი ყოველწლიური ზრდა და ამ მიზნით 300 მილიონი ლარია გამოყოფილი;
  • გათვალისწინებულია ასევე ვალდებულებები მასწავლებლებთან, ჯარისკაცებთან, პოლიციელებთან დაკავშირებით;
  • პროექტში ასახულია მოსახლეობისთვის პანდემიის გამო დაპირებული კომპენსაციები, მათ შორის - კომუნალური გადასახადებისთვის;
  • ბიუჯეტში გათვალისწინებულია დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა და მიგრანტთა ხელშეწყობის ხარჯები;
  • მომავალ წელს დაიწყება საგარეო ვალების შემცირება;
  • 199 მილიონი ლარით იზრდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროს დაფინანსება.

ვითარება, როცა პანდემიის პირობებში სახელმწიფო ბიუჯეტი არ ითვალისწინებს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების ზრდას, არაადეკვატურ მიდგომად მიაჩნია რამაზ გერლიანს - „შეიძლება არ დაგვჭირდეს, მაგრამ ამ სექტორში სახელმწიფოს თადარიგი უნდა ჰქონდეს დაჭერილი“.

როგორც გერლიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ჯანდაცვის სექტორისთვის სულ მცირე 2 მილიარდი ლარის გამოთავისუფლება შეიძლებოდა საბიუჯეტო ორგანიზაციების საწვავის, საოფისე, სატელეფონო თუ სხვა მსგავსი ხარჯებიდან - „რთულ კრიზისში ვართ და პრიორიტეტები სწორად უნდა იყოს განისაზღვროს“.

პროექტის თანახმად, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 663 მილიონი ლარით შემცირდა, 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით.

პარლამენტში ამბობენ, რომ განხილვების შემდეგ, მთავრობას ექნება ხარების დაზუსტებისა და განახლებული პროექტის ნოემბრის დასაწყისში, უკვე მომავალ პარლამენტში წარდგენის შესაძლებლობა. როგორც ბუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი - იმ დროისთვის კორონავირუსის პანდემიის შესაძლო ზეგავლენები უკვე აშკარა და გამოკვეთილი იქნება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG