„მოგვეცით უფლება, ნაცვლად 24 დეკემბრისა, გავიხსნათ 15 დეკემბერს“ - ამ თხოვნით სავაჭრო მოლებისა და საცალო ვაჭრობის სექტორის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ მიმართავენ. ამავე შინაარსის ოფიციალური წერილით, სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებმა ერთი კვირის წინაც მიმართეს მთავრობის ადმინისტრაციას, თუმცა, როგორც ისინი რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, მათ გზავნილს, ჯერჯერობით, არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია.
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა. სავაჭრო ობიექტები მხოლოდ რამდენიმე დღით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით გაიხსნებიან, შემდეგ კი 31 იანვრამდე კვლავ დაიხურებიან.
სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები შიშობენ, რომ ამ ტიპის შეზღუდვა, ანუ, მხოლოდ წინასაახალწლო დღეებში გახსნილი სავაჭრო ობიექტები, ეპიდემიის გავრცელების რისკს წარმოადგენს. გარდა ამისა, მათივე თქმით, ჯერ კიდევ გაზაფხულზე გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა, სავაჭრო სფერო სერიოზული გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დააყენა, ხოლო დეკემბერში, წინასაახალწლოდ გაჩერებული ვაჭრობა, არაერთი მაღაზიის, ქსელისა თუ სავაჭრო ცენტრის არსებობას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.
სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეს, მათი რესურსი სრულად, წინასწარ და გადაჭარბებით გახარჯულია, ოპერირების შეზღუდვის პირობებში კი თანამშრომლების შენარჩუნებას ბიზნესი ვეღარ შეძლებს.
რეზო მაღალაშვილი, „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არ არის გამორიცხული, დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეულმა კრიზისმა ათასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დატოვოს:
„დეკემბერი, წინასაახალწლო დღეები, ყოველთვის იყო ის პერიოდი, როდესაც განსაკუთრებულად დიდი შემოსავალი შემოდიოდა სავაჭრო ობიექტებში. რაც შეეხება იანვარსა და თებერვალს, ცნობილია, რომ ამ თვეებში ყველგან იკლებს ვაჭრობის მაჩვენებელი. ამიტომ, თუკი ჩვენ მთელ დეკემბერს ჩავაგდებთ, შემდეგ უკვე ძალიან რთული იქნება სამუშაო ადგილების შენარჩუნება. ამიტომ გვჭირდება დახმარება. ამიტომ გვჭირდება, რომ ხელისუფლებამ გაიგოს ჩვენი თხოვნა. დღეს მხოლოდ დიდი სავაჭრო ცენტრები ჯამში 25 ათასამდე თანამშრომელს აერთიანებს. არ არის გამორიცხული, ზოგიერთმა კომპანიამ საერთოდ ვერ მოახერხოს თანამშრომლების შენარჩუნება“.
„რითეილ გრუპ ჯორჯია“ 60 მაღაზიასა და 30-ზე მეტ ბრენდს წარმოადგენს, მათ შორის ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Zara, Massimo Dutti, Marks & Spencer, Mango, Gap, Bershka, Pull & Bear, Aldo, CHARLES & KEITH, Promod, Stradivarius, Oysho და სხვა. რეზო მაღალაშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლების პასუხს ელოდებიან არა მხოლოდ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები, არამედ ის ინვესტორები და კომპანიები, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებენ.
რეზო მაღალაშვილი დარწმუნებულია, რომ თუკი მთავრობის გადაწყვეტილებით, სავაჭრო ობიექტები გაიხსნება არა 24 არამედ 15 დეკემბერს, ისინი გაცილებით უკეთ მოახერხებენ სავაჭრო ცენტრებში უსაფრთხოების ზომების დაცვას:
„ჩვენ გაცნობიერებული გვაქს ეს პასუხისმგებლობა. თუკი სავაჭრო ცენტრები მხოლოდ ერთი კვირით გაიხსნება, ალბათ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, განმეორდება „შავი პარასკევის“ სიტუაცია. ხოლო თუკი მოგვეცემა უფლება, რომ მაღაზიები ორი კვირით გავხსნათ, ჩვენ გაცილებით უკეთ მოვახერხებთ ნაკადების მართვას. ამის თქმის საფუძველს ჩვენი მონაცემებით გვაძლევს, რადგან, ფაქტობრივად, არ გვაქვს ვირუსის მასობრივი გავრცელების შემთხვევები. სავაჭრო ცენტრები არის სწორედ ის ობიექტები, სადაც საუკეთესოდ არის დაცული რეგულაციები. მაგრამ თუკი ლაპარაკია მხოლოდ ერთი კვირით მოხსნილ შეზღუდვებზე, რისკების რეგულირება გაგვიჭირდება. თუმცა, ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაშიც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უსაფრთხოდ ივაჭრონ ადამიანებმა“.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შეზღუდვების გამოცხადებამდე, რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასა და სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელებს შორის, ისინი რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ამ შეხვედრებზე, სავაჭრო ცენტრებთან ამგვარ შეზღუდვაზე ლაპარაკი არ ყოფილა.
თეიკო ლომინაძე, სავაჭრო ცენტრ „ისტ პოინტის“ მარკეტინგის დირექტორი, იმედს იტოვებს, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება სავაჭრო ობიექტებისათვის დაწესებული შეზღუდვების შესახებ, აუცილებლად გადაიხედება:
„ის შეზღუდვა, რომელიც დღეს მოქმედებს, ჩვენი ინდუსტრიისთვის არის ტოტალური ლოკდაუნის ტოლფასი. ჩვენ ახლა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რაც იმას გულისხმობს, რომ გადავარჩინოთ ბიზნესი და ყველა ის სამუშაო ადგილი, რომელიც დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. „ისტ პოინტისთვის“ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ 100%-ით წარმოვადგენთ უცხოელ ინვესტორებს, შესაბამისად, ჩვენი ინვესტორებიც ელოდებიან გადაწყვეტილებებს“.
გარდა ჩამოთვლილი პრობლემებისა, სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეს, ყველა სავაჭრო ცენტრს და საცალო სავაჭრო ობიექტებს, შეექმნათ მიმდინარე საბანკო ვალდებულებების მომსახურების პრობლემა და დღის წესრიგში დადგა სესხების შემდგომი რესტრუქტურიზაციის აუცილებლობა.
მათვე გათვლებით, საქართველოს ეკონომიკას და საცალო ვაჭრობის სექტორს, ამ პერიოდში, მიადგება 1 მილიარდ ლარამდე ზარალი, სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ მიიღებს ასეულობით მილიონ შემოსავალს სხვადასხვა გადასახადების სახით და მნიშვნელოვნად შეარყევს იმ საერთაშორისო ინვესტორების ნდობას, რომლებმაც 500 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს ამ დარგში.
სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები მოითხოვენ, 2020 წლის ივლისში გადავადებული ქონების გადასახადისგან გათავისუფლებასაც. მათი განცხადებით, ეს საშუალებას მისცემს ობიექტებს, გამოთავისუფლებული თანხები მიმართონ საოპერაციო სტაბილურობის შენარჩუნებაზე და ასევე, მინიმუმ შემდგომი 4 თვის განმავლობაში, შეინარჩუნონ დასაქმებული პერსონალის 80%-ზე მეტი.
სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელობა ასევე მოითხოვს სახელისუფლებო ბლოკთან და ეპიდემიოლოგებთან შეხვედრას, რათა განიხილონ ის ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სავაჭრო ობიექტებში კიდევ უფრო მაღალი დონის უსაფრთხოების ზომებს.
ეპიდემიის პირველ ეტაპზე, თითქმის სამთვიანი შეზღუდვის შემდეგ, სავაჭრო ობიექტები და პირველ ივნისს, უსაფრთხოების წესების დაცვითა და მთელი რიგი რეგულაციებით გაიხსნა. მათ შორის, პირველ ეტაპზე, გარკვეული ბრენდების მაღაზიებში გაუქმებული იყო გასახდელები. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი კი ე.ს. 48-საათიან კარანტინს გადიოდა. შემცირებული იყო სავაჭრო ცენტრების სამუშაო საათებიც, ისინი ნაცვლად 12 საათისა, 10-საათიანი გრაფიკით მუშაობდნენ.
28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით, არ მუშაობენ ასევე ღია და დახურული ბაზრობები. ისინი, ისევე როგორც დიდი სავაჭრო მოლები და საცალო ვაჭრობის ქსელის ობიექტები, ერთი კვირით, 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე გაიხსნებიან.