Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა რესტორნების სესხის სუბსიდირებას იწყებს


საქართველოს მთავრობა სარესტორნო ბიზნესის სესხის და ლიზინგის სუბსიდირებას იწყებს. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ განაცხადების მიღება ხვალ, 4 დეკემბერს დაიწყება.

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ პანდემიიდან გამომდინარე სარესტორნო ბიზნესი არის მძიმე მდგომარეობაში და ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად გვინდა, რომ შევუმსუბუქოთ საბანკო სესხების ტვირთი", - თქვა მინისტრმა.

მანვე აღნიშნა, რომ სესხის პროცენტი "პრაქტიკულად სრულად" 6 თვის განმავლობაში "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში დაიფარება.

"ეს ის მოთხოვნა იყო, რასაც ჩვენთან აქტიურად აყენებდა რესტორნების ასოციაცია და ეს მათთვის მნიშვნელოვანი დახმარება იქნება", - თქვა თურნავა და დასძინა, რომ ეს მთავრობას, დაახლოებით, 30 მლნ ლარი დაუჯდება.

საქართველოში მოქმედი ახალი შეზღუდვების მიხედვით, სარესტორნო ბიზნესი ქვეყანაში თითქმის სრულად გაჩერებულია. მათ მხოლოდ მიტანის სერვისით მუშაობა შეუძლიათ. რესტორნების ასოციაცია, მთავრობას ასევე სთხოვდა თანამშრომლების ხელფასების 50 პროცენტის დაფინანსებას, რადგან უმუშევრად დარჩენილი ადამიანები მინიმალური შემოსავლის გარეშეც არ დარჩენილიყვნენ.

XS
SM
MD
LG