Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მეორე რანგზე ინაცვლებს, პრიორიტეტი სომხეთი ხდება - რეგიონში აშშ-ის პოლიტიკა იცვლება


სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენა მცირდება, სომხეთი მისგან დისტანცირდება, საქართველო კი მოსკოვისკენ იწევს. უნდა შეიცვალოს აშშ-ის სტრატეგიაც, - ამბობს „ჰელსინკის კომისია“.
სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენა მცირდება, სომხეთი მისგან დისტანცირდება, საქართველო კი მოსკოვისკენ იწევს. უნდა შეიცვალოს აშშ-ის სტრატეგიაც, - ამბობს „ჰელსინკის კომისია“.

შეერთებული შტატები, საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი პოლიტიკის გადახედვის დაწყების პარალელურად, ცვლის სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავისი ჩართულობის პოლიტიკას. ახალ სტრატეგიაში საქართველო, შტატების ყოფილი მტკიცე მოკავშირე, მეორე რანგზე გადასვლის კანდიდატია და მას სომხეთი ანაცვლებს.

აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ ახალი ანგარიში უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე სამხრეთ კავკასიაში რუსეთის, როგორც ტრადიციული „ჰეგემონის“ როლის შესუსტებას აღწერს და ვაშინგტონს რეკომენდაციას აძლევს, როგორ გააგრძელოს ურთიერთობები ერევანთან, თბილისსა და ბაქოსთან.

სომხეთი შორდება მოსკოვს, საქართველოს მთავრობა კი, პირიქით, მოსკოვისკენ გადაიხარა, - ასე ჩანს მოვლენები ვაშინგტონიდან. „ჰელსინკის კომისიას“ აქვს ინიციატივა, „ფორმალიზდეს“ სომხეთის, როგორც აშშ-ის პარტნიორის სტატუსი. რეგიონის ქვეყნებიდან სომხეთთან მეტ ჩართულობაზე დაიწყეს ფიქრი ევროკავშირშიც.

„ჰელსინკის კომისიის“ ახალი ანგარიში

„სამხრეთ კავკასიის რეგიონი ამჟამად ისტორიის გადამწყვეტ მომენტში იმყოფება და დგას შესაძლებლობისა და საფრთხეების ზღვარზე“, - წერია „ჰელსინკის კომისიის“ ახალ ანგარიშში, რომელიც 2024 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ის შეეხება აშშ-ის მიერ რუსეთთან კონკურენციას და „მზადებას გრძელვადიანი რუსული საფრთხისათვის“.

70-გვერდიანი დოკუმენტი მოიცავს დეტალებს უკრაინაში, ვიშეგრადისა და ბალტიის ზღვის ქვეყნებში, ცენტრალურ აზიაში, თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში, დასავლეთ ბალკანეთსა და, მათთან ერთად, სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთისა და აშშ-ის ინტერესების შესახებ.

„მოსკოვი კვლავ მოწადინებულია, შეინარჩუნოს თავისი გავლენა როგორც ღია, ისე ფარული საშუალებებით. აგრესიულ რუსეთთან ხანგრძლივი ევროატლანტიკური დაპირისპირების კონტექსტში, სამხრეთი კავკასია მნიშვნელოვანი თეატრია. ეს რთული დინამიკა სამხრეთ კავკასიას დანის პირზე აყენებს, რაც მოითხოვს შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების რეგიონისადმი მიდგომის გადახედვას“, - წერია ანგარიშში.

ვითარების აღწერასთან ერთად, „ჰელსინკის კომისიის“ ანალიტიკოსების მომზადებული დოკუმენტი არაერთ რეკომენდაციას გასცემს, თუ როგორი უნდა იყოს შტატების გრძელვადიანი პოლიტიკა ამა თუ იმ რეგიონში, - მათ შორის სამხრეთ კავკასიაში, - მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების პარალელურად.

„წინასწარგანწყობები ძველდება“

„აშშ-ის ტრადიციული წინასწარგანწყობები რეგიონის პოლიტიკური წყობისა და მოკავშირეობის შესახებ სულ უფრო და უფრო ძველდება“, - წერს „ჰელსინკის კომისია“ და აღწერს, რომ ათწლეულების განმავლობაში, აშშ-ის პოლიტიკა ეფუძნებოდა „შედარებით გამარტივებულ გაგებას“:

  • „სომხეთი განიხილებოდა, როგორც რუსეთის მტკიცე მოკავშირე,
  • საქართველო, როგორც ერთგული პროდასავლური პარტნიორი, და
  • აზერბაიჯანი კი როგორც მრავალვექტორიანი სახელმწიფო, რომელიც აბალანსებს თავის ურთიერთობებს დასავლეთსა და რუსეთს შორის“.

„თუმცა, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა შეცვალა ეს წინასწარგანწყობები და გამოავლინა უფრო რთული და ფლუიდური გეოპოლიტიკური ლანდშაფტი“.

ამ ჩანაწერის შემდეგ, - და ყველა შემთხვევაში, - რეგიონის ქვეყნების განხილვისას, პირველ რიგში სომხეთზე საუბრობენ, - ქვეყანაზე, რომელსაც, ავტორების თანახმად, შეუძლია, ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორი იყოს.

2018 წელს ნიკოლ ფაშინიანის დაწყებული მშვიდობიანი მსვლელობა ქალაქ გიუმრიდან ერევნისაკენ მშვიდობიანი რევოლუციით დასრულდა
2018 წელს ნიკოლ ფაშინიანის დაწყებული მშვიდობიანი მსვლელობა ქალაქ გიუმრიდან ერევნისაკენ მშვიდობიანი რევოლუციით დასრულდა

სომხეთი: „პარტნიორობის ფორმალიზება“

აი, როგორია სომხეთისადმი „ჰელსინკის კომისიის“ ხედვის მოკლე შეჯამება:

  • „2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ სომხეთის პოლიტიკურმა ტრანსფორმაციამ, რომელიც ოდესღაც ძირითადად რუსეთის მოკავშირედ განიხილებოდა, ის დასავლეთთან უფრო ღრმა ჩართულობის კანდიდატად აქცია.
  • პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის მმართველობის პირობებში სომხეთი ცდილობს, შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება და უფრო მჭიდროდ დაუკავშირდეს დასავლურ ინსტიტუტებს.
  • ეს ცვლილება წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას შეერთებული შტატებისთვის, გააძლიეროს კავშირები სომხეთთან.
  • დიპლომატიური, ეკონომიკური და უსაფრთხოების მხრივ მხარდაჭერის გაფართოებით, აშშ-ს შეუძლია, დაეხმაროს სომხეთს უსაფრთხოების არასტაბილურ გარემოში ნავიგაციაში, რათა მან მოახერხოს, წინააღმდეგობა გაუწიოს გარე ზეწოლას და განავითაროს უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები“.

როცა საქმე შეერთებული შტატების აღმასრულებელი შტოსათვის გაცემულ რეკომენდაციებზე მიდგება სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით, აი, რა რჩევებს გასცემს „ჰელსინკის კომისია“ სომხეთზე:

  • „პირველ რიგში, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააფართოოს ჩართულობა სომხეთთან, აღიაროს იგი, როგორც დემოკრატიული პარტნიორი, რომელსაც აქვს უფრო ღრმა თანამშრომლობის პოტენციალი;
  • ეს შეიძლება მოიცავდეს სომხეთის, როგორც აშშ-ის პარტნიორის სტატუსის ფორმალიზებას, რაც დაშენდება ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დიალოგის დონეს, რაც მიღწეულ იქნა ამ წლის დასაწყისში.
  • გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა უფრო მდგრადი და არსებითი დიპლომატიური დახმარება უნდა გაუწიოს სომხეთის ძალისხმევას:
    • თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საქმეში,
    • აზერბაიჯანთან გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად,
    • რეგიონული იზოლაციის შესამცირებლად და
    • მისი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პარტნიორობის დივერსიფიკაციისთვის“.

სომხეთმა და შტატებმა 2024 წლის 11 ივნისს გამოაცხადეს სტრატეგიული დიალოგის დაწყების შესახებ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ნიუ-იორკში 25 სექტემბერს ერთმანეთს შეხვდნენ და „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზების საქმეში.

საქართველო: „ორმხრივი სტრატეგია“

სომხეთის გარშემო განვითარებული მოვლენების მიმოხილვის შემდეგ, ანგარიში აღწერს ცვლილებებს საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკაში და ასკვნის, რომ „საქართველოს პოლიტიკის ცვლილება წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას აშშ-ის სტრატეგიისათვის“.

ამავე დროს, ის არ ივიწყებს საზოგადოების პროდასავლურ განწყობებს და ამბობს, რომ „ქართველ მოსახლეობაში ძლიერი პროდასავლური განწყობები მიუთითებს იმაზე, რომ ჯერ კიდევ არსებობს აშშ-საქართველოს პარტნიორობის განახლების პოტენციალი“.

„ჩვენ ვირჩევთ ევროპას“ - რუსული სტილის „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები გაიმართა
„ჩვენ ვირჩევთ ევროპას“ - რუსული სტილის „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები გაიმართა

აქედან გამომდინარე, კომისია ფიქრობს, რომ „შეერთებულმა შტატებმა უნდა აამუშაოს ორმხრივი სტრატეგია“. ეს, მათი განმარტებით, გულისხმობს:

  • „ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას დემოკრატიული უკანდახევის გამო;
  • მეორე მხრივ კი, დემოკრატიული მმართველობის დაბრუნების პირობით, ითვალისწინებს დასავლურ ინსტიტუტებთან უფრო ღრმა ინტეგრაციის უზრუნველყოფას“.

ამ კონტექსტში ავტორები მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ქმედებები, როგორიცაა „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარის, ჯო ვილსონის ორპარტიული MEGOBARI აქტი, შეიძლება გახდეს „მოდელი საქართველოს მიმართ აშშ-ის მომავალი პოლიტიკისათვის“.

იგივე წერია რეკომენდაციების ნაწილშიც: „ზეწოლა მთავრობაზე კონკრეტული პირობების შესასრულებლად და დემოკრატიული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა“.

აზერბაიჯანი: დიპლომატიის და ზეწოლის ბალანსი

სომხეთისა და საქართველოს შემდეგ, „ჰელსინკის კომისიის“ ანგარიში აზერბაიჯანს მიმოიხილავს და ხაზს უსვამს, რომ რუსეთმა, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, მასთან სტრატეგიული პარტნიორობა გააძლიერა.

ამის მიუხედავად, ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ბაქოს კვლავ აქვს პოტენციალი, კონსტრუქციული პარტნიორი იყოს შეერთებული შტატებისათვის - კონკრეტულ საკითხებში.

თუმცა იქვე ხაზგასმულია აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები ყარაბაღში და ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევები.

რეკომენდაციებში წერია, რომ „აზერბაიჯანთან დაკავშირებით შეერთებულმა შტატებმა უნდა დააბალანსოს დიპლომატია და ზეწოლა“:

„ვაშინგტონმა უნდა აჩვენოს, რომ აზერბაიჯანისთვის შესაძლებელი იქნება უფრო მჭიდრო კავშირები დასავლეთთან, მათ შორის ეკონომიკურად და უსაფრთხოების მხრივ, თუკი ის რეფორმების ვალდებულებას აიღებს“.

რა არის „ჰელსინკის კომისია“?

„ჰელსინკის კომისია“ არის აშშ-ის ხელისუფლების კომისია, დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვას, სამხედრო უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას ევროპის, ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის 57 ქვეყანაში.

მისი ფორმალური დასახელებაა „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია“.

მართალია, იგი არ ექვემდებარება სახელმწიფო დეპარტამენტს ან კონგრესს, მაგრამ მნიშვნელოვან როლს ასრულებს შტატების ამა თუ იმ რეგიონის მიმართ პოლიტიკის შემუშავებაში.

კომისიის ცხრა წარმომადგენელი სენატის წევრია, ცხრა - წარმომადგენელთა პალატისა, სამი კი - აღმასრულებელი ხელისუფლების ოფიციალური პირია.

  • წარმომადგენელთა პალატაში საქართველოზე წარდგენილი MEGOBARI აქტის ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონია, - რომელიც „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარეა;
  • სენატში წარდგენილი „ქართველი ხალხის აქტის“ თანაავტორები კი ამავე კომისიის წევრი ჯინ შაჰინი და კომისიის თანათავმჯდომარე ბენ კარდინი არიან.

რეალისტურია ეს ცვლილება?

„დემოკრატიის მიმართ სომხეთის გამოხატული მზაობის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანასთან აძლიერებს სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს, თუმცა ეს კავშირები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სომხეთმა სრულად უარი თქვას რუსეთთან პარტნიორობაზე“, - ამბობს ირაკლი სირბილაძე, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი.

მართალია, რუსეთის გარშემო შეკრულ ალიანსში, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ წევრობა სომხეთს უკვე მრავალი თვეა, გაყინული აქვს, თუმცა იგი დღემდე რჩება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრად.

სომხეთის ეკონომიკა თითქმის სრულად არის რუსეთზე დამოკიდებული, - მათ შორის ვაჭრობის, გაზის მიწოდების, ელექტროენერგიის, ტელეკომუნიკაციებისა თუ სხვა არაერთ სექტორში.

ამასთან, როგორც „ჰელსინკის კომისიაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა ანალიტიკოსმა ტიგრან გრიგორიანმა, რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხის გარდა, სომხეთისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხეს წარმოადგენს აზერბაიჯანის მხრიდან „ეგზისტენციალური საფრთხე“.

სომხეთისათვის სამხედრო კომპონენტის გაძლიერება ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ამ საქმეში რუსეთით იმედგაცრუების ფონზე, ერევანი ცდილობს სამხედრო საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებას ინდოეთსა და საფრანგეთთან.

„იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სხვა გარე აქტორებთან შედარებით უპირატესობა მოიპოვოს, მან უნდა გააძლიეროს სამხრეთ კავკასიაში სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ჩართულობა, განსაკუთრებით რეგიონში ჩინეთის გავლენის მკაფიო ზრდის ფონზე“, - ამბობს ირაკლი სირბილაძე.

რუსეთი კი, მაგრამ ჩინეთი?

„ჰელსინკის კომისიის“ ანგარიში როგორც სამხრეთ კავკასიის, ასევე სხვა რეგიონების მიმოხილვასა და რეკომენდაციებში ძირითად აქცენტს რუსეთის ფედერაციის შეკავებაზე სვამს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ, მართალია, კომისია სწორად აფასებს უკრაინის ომის შემდგომ რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების შეცვლას, მაგრამ, ამასთანავე, რეგიონში გამოჩენილია სხვა გლობალური მოთამაშეც - ჩინეთი.

„რუსეთის გავლენის შესუსტების ფონზე, სამხრეთ კავკასიაში შეინიშნება გეოპოლიტიკური აქტორების მრავალფეროვნება. სხვა სიტყვებით, აღარ არსებობს ერთი გამოკვეთილი ძლიერი ძალა, რომელსაც შეუძლია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე საკუთარი სამხედრო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესები მათი წინააღმდეგობის გარეშე გაავრცელოს“, - ამბობს ირაკლი სირბილაძე. მან 2024 წლის სექტემბერში აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდისათვის გამოაქვეყნა ვრცელი პუბლიკაცია: „სამხრეთ კავკასიაში რუსეთის "უნიპოლარული ეპიზოდის" დასასრული“.

ირაკლი სირბილაძე
ირაკლი სირბილაძე

შექმნილი ვითარება, მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს აძლევს შესაძლებლობას, იყვნენ უფრო გამბედავები დიდ ქვეყნებთან ურთიერთობაში:

  • „საქართველოში ეს გამბედაობა ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების შესანარჩუნებლად ანტიდასავლური ნაბიჯების განხორციელებაში - მათ შორის ამერიკის კონკურენტ ჩინეთთან დაახლოებაში - გამოიხატა;
  • სომხეთში ეს რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური უთანხმოებების საჯარო დაფიქსირებასა და ამერიკასთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების მცდელობებში გამოჩნდა;
  • აზერბაიჯანი კვლავ აძლიერებს საკუთარ პოზიციებს, მათ შორის რუსეთთან მიმართებით“, - ამბობს ანალიტიკოსი.

მისი თქმით, აშშ-ის შემდეგი ადმინისტრაციის დილემა ეს იქნება: დათმოს თუ არა - ან რა დოზით დათმოს - დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხები გეოპოლიტიკისა და გეოეკონომიკის სასარგებლოდ.

„განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და ახლა უკვე საქართველოსაც აქვთ მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თვალს დახუჭავს შიდაპოლიტიკურ საკითხებზე და გააგრძელებს ამ ქვეყნებთან ურთიერთობას ტრანზაქციულად, ისეთ თემებზე, როგორიც არის ტრანზიტი, ვაჭრობა და ენერგეტიკა“, - ამბობს სირბილაძე.

„ურთიერთობების გადახედვა“

შეერთებული შტატების მთავრობამ უკვე გამოაცხადა, რომ დაიწყო საქართველოსთან ურთიერთობების „სიღრმისეული გადახედვა“:

  • ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩასულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიღებაზე მიწვევა გაუუქმა - „მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და აშშ-ისა და დასავლეთის მიმართ უარყოფითი რიტორიკის გამო“;
  • შტატებმა „მაგნიტსკის აქტზე“ დაყრდნობით სანქციები დაუწესა შსს-ს სპეცრაზმის უფროს ზვიად ხარაზიშვილსა და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ასევე, „ალტ-ინფოს“ ლიდერებს; სავიზო შეზღუდვები შეეხო კიდევ 60-მდე პირს - მათი ვინაობა დაუზუსტებელია.
  • მანამდე, 23 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა „აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა“; მთავრობას შეუჩერდა 95 მლნ-იანი დახმარებაც.

კონგრესის ორივე პალატაში წარდგენილია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვაზე კანონპროექტები.

  • წარმომადგენელთა პალატა განიხილავს MEGOBARI აქტს, - და 11 ივლისს მას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მწვანე შუქი აუნთო;
  • სენატი კი განიხილავს დაახლოებით მსგავსი შინაარსის „ქართველი ხალხის აქტს“; სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 25 სექტემბერს დანიშნული სხდომა, რომელზეც „ქართველი ხალხის აქტი“ უნდა განეხილათ, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

4 ოქტომბერი მესამე დღეა, რაც აშშ-ის საელჩო ფეისბუკზე გამოქვეყნებული „ქარდებით“ მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG