Accessibility links

რას ვუყუროთ?
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
თავშექცევა სახიფათო ლაბირინთში

თავშექცევა სახიფათო ლაბირინთში


„ეტყობა, ცენზურამ უბრალოდ ყურადღება მოადუნა, ანდა ბევრი ვერაფერი გაიგო კინოში, რომელიც სათამაშო „ლოგოს“ ჰგავს...“
„ეტყობა, ცენზურამ უბრალოდ ყურადღება მოადუნა, ანდა ბევრი ვერაფერი გაიგო კინოში, რომელიც სათამაშო „ლოგოს“ ჰგავს...“

„სარაგოსაში ნაპოვნი ხელნაწერი“ (1965, პოლონეთი, რეჟისორი ვოიცეკ ჰასი)

სულ ვფიქრობდი, რა გაახალისებდა დღეს ჩვენს კინოს მოყვარულებს, ქვეყანაში (და მთელ მსოფლიოში) მიმდინარე მოვლენების ფონზე რომელი ნაკლებად ცნობილი ფილმი გაართობდათ, მაგრამ არ გააღიზიანებდათ. სწორედ ასეთი კინოს ძებნაში აღმოვაჩინე, რომ 1 აპრილს 100 წელი გავიდა ვოიცეკ ჰასის დაბადებიდან. დიდი პოლონელი რეჟისორის დავიწყებულ შედევრს „სარაგოსაში ნაპოვნი ხელნაწერი“ სრული სახით მთლად „იუტუბზე“ გადავეყარე.

ჩემი თაობისთვის „სარაგოსა“, სამსაათიანი ფილმი, რომელსაც საფუძვლად დაედო პოლონელი მწერლის, არქეოლოგის, მოგზაურის იან პოტოცკის ამავე სახელწოდების დაუმთავრებელი პიკარესკული რომანი, მთელი ისტორიაა - სინათლის სხივია წყვდიადში, უპასუხოდ დატოვებული კითხვაა: „როგორ მოხვდა ეს სიურრეალისტური სიგიჟე საბჭოთა კინოთეატრებში?“

ეტყობა, ცენზურამ უბრალოდ ყურადღება მოადუნა, ანდა ბევრი ვერაფერი გაიგო კინოში, რომელიც სათამაშო „ლოგოს“ ჰგავს - შეგიძლია არა მარტო უყურო, არამედ თავად გადააწყო ეპიზოდები, წარმოიდგინო ფილმის დაუვიწყარი სახეების ახალ კომბინაციები... მოკლედ, ჩაერთო კაპიტან ალფონს ვან ვორდენის თავგადასავალში და მასთან ერთად იმოგზაურო არა იმდენად სივრცეში, რამდენადაც დროში.

ასეთი კინო, გადატენილი რებუსებით, გადაკრული სიტყვებით, ქარაგმებით, ასეთი სარკაზმი და პაროდია ყოველთვის სძულდათ იდეოლოგებს, რომლებიც პროპაგანდის ხარჯზე ინარჩუნებდნენ ძალაუფლებას. პროპაგანდის ენა სწორხაზოვანი და პრიმიტიულია. ამიტომ გვიკვირდა, როგორ არ დაგვიმალეს ჯერ პოტოცკის წიგნი, პაროდია „რაინდულ რომანებზე“, შემდეგ კი მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს დაწერილი ამ რომანის ეკრანიზაცია.

ვიცნობ ხალხს, ვინც „სარაგოსაში ნაპოვნი ხელნაწერი“ რამდენჯერმე ნახა, რათა როგორმე აეხსნა საიდუმლო, რომელსაც ფილმის რთული ნარატიული სისტემა გვთავაზობს. ესაა პოტოცკის წიგნის კინემატოგრაფიული ვერსიის ძალა - გიზიდავს, მაგრამ არ გაძლევს საშუალებას ბოლომდე ჩასწვდე, თუნდაც იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, არა აქვს ფინალი, უსასრულოა.

ვფიქრობ, პირველ რიგში ამიტომ აღფრთოვანდა ფილმით დევიდ ლინჩი, სწორედ ეს მოეწონა ლუის ბუნუელს, როცა წერილით მიმართა მექსიკის კულტურის სამინისტროს აუცილებლად შეესყიდათ ჰასის ფილმი და ეჩვენებინათ მექსიკის კინოთეატრებში (ბუნუელი „სარაგოსაში ნაპოვნ ხელნაწერს“ თავის ყველაზე საყვარელ ფილმებს შორის ასახელებს). იგივე შეიძლება ითქვას მარტინ სკორსეზესა და ფრენსის ფორდ კოპოლაზე, რომლებმაც 2001 წელს პირადად მიიღეს მონაწილეობა „სარაგოსას“ რესტავრაციაში და ვოიცეკ ჰასის ფილმის აღდგენილი ვერსია კანის ფესტივალზე წარადგინეს.

მადრიდისკენ მიმავალ გზაზე ალფონსი უამრავ განსხვავებულ ადამიანს ხვდება. ადამიანებს და ასევე „სულებს“, მისტიკურ არსებებს. ეს გზა მრავალჯერ მრუდდება, ქვესკნელს და ზესკნელს გაივლის. ლაბირინთის გავლა მოუწევს მაყურებელსაც, რომელსაც თავიდან შეიძლება გაუჭირდეს თხრობის ორიგინალური სტილის აღქმა: ისევე როგორც პოტოცკის რომანში, აქაც, ჰასის ფილმში, თხრობა მუდმივად ორმაგდება, სამმაგდება - პერსონაჟები გვიამბობენ ამბავს, რომლის... პერსონაჟები გვიამბობენ საკუთარ ამბავს. ასე იკვრება ამბავი ამბავში, ფილმი ფილმში. თანაც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ უსასრულოდ.

ლაბირინთის ვიზუალურ სახეს თან ერთვის დიდი პოლონელი კომპოზიტორის ქშიშტოფ პენდერეცკის მუსიკა (მისი დებიუტი კინოში), ერთგვარი პოსტმოდერნისტული ხალიჩა ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის, ბაროკოს ეპოქის ნაწარმოებების, ესპანური გიტარის ციტატებით. ვოიცეკ ჰასი თხრობის ამ მანერას უწოდებს „სიცოცხლის დინებას“ და ერთ ინტერვიუში ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ სწორედ ასეთმა „ფსიქოდელიურმა კინომ“ უნდა გააძლიეროს მაყურებელში სიცოცხლის შეცნობის სურვილი, რეალურსა და ირეალურს შორის გადებული საზღვრის გადალახვის სურვილი, შემოქმედების სურვილი.

არაა შემთხვევითი, ალბათ, რომ ალფონსის როლში იმ პერიოდის პოლონური კინოს ვარსკვლავი, ზბიგნევ ციბულსკი ვიხილეთ. ფილმის პრემიერიდან 2 წლის შემდეგ მსოფლიო ციბულსკის ტრაგიკული გარდაცვალების ამბავს შეიტყობს (მსახიობმა სცადა იმ მატარებელზე შეხტომა, რომელშიც მარლენ დიტრიხი იჯდა. ფეხი დაუცდა და მატარებლის ქვეშ მოყვა). პოლონური კინოს თავისებური სიმბოლოს ასეთმა დასასრულმა კიდევ უფრო გააძლიერა რომანტიკული ჭაბუკის იმიჯი (შავი სათვალით), რომელიც ციბულსკიმ ანჯეი ვაიდას ფილმებში შესრულებული როლებით დაამკვიდრა.

„პოლონური ჯეიმს დინის“ ლეგენდა გულისხმობდა ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ფათერაკების არა თუ არ ეშინოდა, არამედ თავად ნადირობდა ფათერაკებზე, უყვარდა წინააღმდეგობის გადალახვა და სიკვდილთან ასე მარტო, პირისპირ დარჩენა. „სარაგოსაში“ მისი პერსონაჟი ნელ-ნელა იცვლის როლს - მთავარი მოქმედი გმირიდან გადაიქცევა მთავარ „მოქმედ მაყურებლად“, „მოქმედ მსმენელად“, მაგრამ ამით სულაც არ იქმნება უხერხულობა. პირიქით, მაყურებელი გრძნობს, რომ სინამდვილეში ეს ჩვენ გავერთიანდით ციბულსკის რომანტიკულ გმირთან, ახლა უკვე ფათერაკების სამყაროში მოგზაურობა, ინკვიზიციასთან შეჯახება, აჩრდილების, ჯადოქრების და დემონების დამარცხება ჩვენ მოგვიწევს, მაყურებელს... და ჩვენ ეს აუცილებლად უნდა შევძლოთ!

ამბობენ რომ იან პოტოცკიმ ეს წიგნი მძიმედ ავადმყოფი ცოლის გასართობად დაწერა. სასოწარკვეთილი და უიმედო ქალის საწოლთან იჯდა და ჯერ „1001 ღამე“ წაუკითხა, მერე კი, როცა წიგნი დაასრულა, საკუთარ ტექსტზე გადავიდა. „სარაგოსაში ნაპოვნ ხელნაწერს“ სასომიხდილი ადამიანისთვის უსასრულობის რწმენა უნდა დაებრუნებინა. მწარე ირონია ისაა, რომ პოტოცკიმ დაგვიტოვა სიცოცხლით სავსე, რენესანსული მასშტაბების წიგნი, ერთგვარი ახალი „დეკამერონი“, თავად კი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.


ფილმის ორიგინალური ვერსია ინგლისური სუბტიტრებით:

ფილმის რუსულად დუბლირებული ვერსია, რომელიც ჩვენს კინოთეატრებში გადიოდა:

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG