Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას ელოდებიან, საქართველოში - მისი გაუქმების ეშინიათ


სომხეთის მოქალაქის პასპორტი სომხეთისა და ევროკავშირის დროშების ფონზე - ფოტოილუსტრაცია
სომხეთის მოქალაქის პასპორტი სომხეთისა და ევროკავშირის დროშების ფონზე - ფოტოილუსტრაცია

სომხეთის მოქალაქეები მოუთმენლად ელოდებიან დღეს, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია - ერევანმა და ბრიუსელმა ოფიციალურად გამოაცხადეს მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.  

გარდა იმისა, რომ სავიზო ლიბერალიზაცია სომხეთის მოქალაქეებს ვიზების მომლოდინეთა გრძელ რიგებში დგომას აარიდებს, ამ შანსის გაჩენა ექსპერტებისთვის სომხეთის პროევროპულ გზაზე დგომის საიმედო ნიშანია.

საქართველოს შემთხვევაში პროცესის დასრულებასა და ბრიუსელის საბოლოო გადაწყვეტილებას 5 წელიწადი დასჭირდა. სომხეთში იმედი აქვთ, რომ მათთან პროცესი უფრო სწრაფი იქნება.

საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით უკვე 7 წელიწადზე მეტია სარგებლობენ - 2017 წლის 28 მარტიდან. მაგრამ ბოლო დროს სულ უფრო ბევრს ლაპარაკობენ საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეზღუდვის საფრთხეზე - თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ - როცა ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულად გამოცხადდა.

სომხეთმა ნანატრი პროცესი დაიწყო

სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება 9 სექტემბერს გამოცხადდა, როცა ერევანში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარგარიტის სხინასი ჩავიდა. ევროპელი მაღალჩინოსნის განმარტებით, უვიზო მიმოსვლის შემოღების შესახებ პროცესის დაწყება მოწმობს, რომ ევროკავშირი აფასებს სომხეთის მისწრაფებას განამტკიცოს ურთიერთობები ბრიუსელთან.

მხარეებს შორის გაფორმებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ უვიზო რეჟიმის ასამოქმედებლად საჭიროა არსებითი რეფორმები - უსაფრთხოების, სამგზავრო დოკუმენტების, საზღვრის დაცვის, მიგრაციის, ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით და, რომ ეს არ იქნება სწრაფი პროცესი.

„სავიზო დიალოგი ნაწილია ევროკავშირსა და სომხეთს შორის არსებული უფრო ფართო ურთიერთობების ჩარჩოსი, რომლის ფარგლებშიც მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი 2017 წელს - ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის (CEPA) შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ“, - წერია ევროკომისიის ოფიციალურ ვებსაიტზე. ევროკავშირი სომხეთს რეფორმების პროცესში დახმარებას ჰპირდება.

„სურვილი საკმარისი არ არის, დიდი სამუშაო უნდა გასწიოს სომხეთმა. მაგრამ ჩვენ დავაფიქსირეთ მთავარი - პოლიტიკური ბარიერები არ არსებობს არც ერევანსა და არც ბრიუსელში. ევროკავშირი მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთში უკვე გატარებულ რეფორმებს და სამომავლო მზადყოფნას რეფორმებისთვის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პროდასავლური ოპოზიური პარტიის „რესპუბლიკისთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტოლოგი რუბენ მეგრაბიანი, რომლისთვისაც სომხეთის ევროკავშირისკენ სვლა ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი პირობაა.

მეგრაბიანი აღნიშნავს, რომ სომხეთმა სწორი გზა აირჩია, მაგრამ რუსეთთან - „მტრულ, დამნაშავე ქვეყანასთან, რომელთანაც საქმე არავინ უნდა დაიჭიროს“ - მეგობრობის ზიანი, სამწუხაროდ, გვიან გააცნობიერა.

ევროკავშირისკენ და ზოგადად - დასავლეთისკენ სომხეთის სვლა თვალსაჩინოა ყველასთვის და ეს პროცესი მოსკოვისგან ერევნის ასევე აშკარა დაშორების პარალელურად მიმდინარეობს.

სომხეთის პარლამენტის ყოფილი წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციის „თანაბარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი გაიანე აბრაჰამიანი გვეუბნება, რომ სომხეთის მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის უფლებას უკვე ათწლეულებია ელოდებიან და ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ახლა ასევე ლაპარაკია „მეტ მისწრაფებაზე ევროპისკენ, ისევე როგორც ეს საქართველოს შემთხვევაშია“.

„ვიცით პრობლემების შესახებ საქართველოში, მთავრობის დონეზე, მაგრამ ხალხის მისწრაფება ძლიერია ევროკავშირისკენ... სომხეთისთვის გაცილებით ძნელია ევროკავშირისკენ სვლა, ვიდრე საქართველოსთვის, რადგან თქვენ ასოცირების შეთანხმება გაქვთ და მეტ-ნაკლებად ინტეგრირებულები ხართ ევროპულ ეკონომიკაში... სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია და რუსეთის ძლიერი წნეხია ჩვენზე, მაგრამ სომხეთის ხელისუფლება დეცენტრალიზებას ცდილობს“, - აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას გაიანე აბრაჰამიანი.

სომეხი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირისკენ სომხეთის სვლის სიმტკიცე და სისწრაფე დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პროცესები განვითარდება საქართველოში.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მარგარიტის სხინასი საქმის კურსში იმის შესახებაც ჩააყენა, რომ სომხეთში მიმდინარე დისკუსიები ევროკავშირში გაწევრიანების საკითხსაც შეეხება და, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია ევროკავშირელი პარტნიორების მოსაზრებების გაგება.

რა დრო დასჭირდება სომხეთს სავიზო ლიბერალიზაციისთვის?

„სავსებით რეალისტურია 1,5 -2 წელიწადი“, - ამბობს რუბენ მეგრაბიანი.

საქართველოს შემთხვევაში, პროცესს ხუთი წელიწადი დასჭირდა - მოლაპარაკებების დაწყების გამოცხადების [2012 წლის 4 ივნისი] შემდეგ. თუმცა ეს აუცილებელი ვადა არ არის.

ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს გადაეცა სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა [2013 წლის 25 თებერვალს] და შემდეგ მომზადდა პროგრესის შემფასებელი ოთხი დოკუმენტი [2013, 2014 და 2015 წლებში]; ევროკომისიამ დასტური 2016 წლის 9 მარტს გასცა. ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 2017 წლის 2 თებერვალს დაამტკიცა, ხოლო ევროპულმა საბჭომ - 2017 წლის 27 თებერვალს.

სავიზო დიალოგის პროცესი მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: დოკუმენტების დაცულობა, ბიომეტრიული მონაცემების ჩათვლით; საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მენეჯმენტი, თავშესაფრის მოთხოვნა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; საგარეო ურთიერთობები და ფუნდამენტური უფლებები.

გრძელი რიგები

სომხეთის მედია ბევრს წერს სიძნელეებზე, რომლებსაც მოქალაქეები ევროკავშირის ვიზების აღების პროცესში აწყდებიან. ლოდინი ხშირად თვეებს საჭიროებს.

უზარმაზარი რიგებია საელჩოებსა თუ ერევანში მდებარე სავიზო ცენტრში, სადაც საბერძნეთის, ავსტრიის, ლიეტუვისა და ხორვატიის ვიზები გაიცემა. მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მათ პრობლემები ხვდებათ მრავალჯერადი ვიზების მოთხოვნის შემთხვევაშიც და ყოველ ჯერზე - გრძელ რიგებში თავიდან უწევთ ჩადგომა.

სომეხმა ექსპერტებმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ პრობლემები მართლაც არსებობს. თუმცა ისინი ამას არა ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ შექმნილ წინაღობად განიხილავენ, არამედ - ევროპაში გამგზავრების მსურველთა დიდი ნაკადებით ხსნიან.

სავიზო ლიბერალიზაცია სომხეთის მოქალაქეებს უჩენს იმედს, რომ გრძელ რიგებში დგომა დასრულდება.

და საქართველოს პრობლემები შვიდი წლის შემდეგ

საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით უკვე შვიდ წელიწადზე მეტია სარგებლობენ - 2017 წლის 28 მარტიდან. მაგრამ ბოლო დროს, საქართველოსა თუ ევროკავშირის ქვეყნებში, სულ უფრო მეტს მსჯელობენ სავიზო ლიბერალიზაციის შეზღუდვის საფრთხეზე.

თბილისსა და მის საერთაშორისო პარტნიორებს შორის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა „აგენტების კანონის“ დამტკიცების შემდეგ. ამ კანონს ევროკავშირი და აშშ დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელად თვლიან.

კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრი, ახლად არჩეული ევროპარლამენტარი ლატვიიდან - რიჰარდ კოლსი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ადასტურებს, რომ ბრიუსელის დერეფნებში განიხილავენ ინდივიდუალურ სანქციებს „მათთვის, ვინც ხმა მისცა და მიიღო ეს ე.წ. რუსული „აგენტების კანონი“ და ასევე ლაპარაკობენ საქართველოსთვის „უვიზო მიმოსვლის გაყინვაზეც“, თუმცა ბრიუსელში აცნობიერებენ, რომ ეს იდეა ქართველ ხალხს დააზარალებს. მას არც პირადად რიჰარდ კოლსი ემხრობა.

ივნისის მიწურულს, მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა ილაპარაკა სხვადასხვა ზომაზე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ განიხილება.

ზომებში გათვალისწინებულია წევრი სახელმწიფოებისათვის რეკომენდაციის გაცემა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დიპლომატებს შეუჩერდეთ უვიზო მიმოსვლის უფლება და დასჭირდეთ შენგენის ვიზების აღება.

მინისტრების მიერ საბჭოში განხილული დოკუმენტის თანახმად, ზომების დამძიმება შესაძლოა მოჰყვეს, მაგალითად - „მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას“ ან „მნიშვნელოვან დარღვევებს საარჩევნო პროცესში“.

უფრო სწრაფად დასაწესებელი [პირველი ეტაპის] ზომების ნუსხაში იყო: მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერება და ევროპული სამშვიდობო ფონდიდან საქართველოს მხარდაჭერის გადახედვა [30 მილიონი ევრო], რაც უკვე შესრულებულია.

ივნისის დასაწყისში, რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ევროკომისიის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც - ვითარების უკიდურესად გამწვავების შემთხვევაში, ევროკომისია განიხილავს, რომ საქართველოს ცხრა თვით შეუჩეროს უვიზო მიმოსვლა.

„აგენტების კანონის“ მიღების პასუხად უვიზო რეჟიმის გადახედვა ევროკომისიას ევროპარლამენტარებმა 25 აპრილს მიღებული რეზოლუციით მოსთხოვეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG