Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანმა და ფაშინიანმა ნიუ-იორკში „მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს“ ნორმალიზაციის გზაზე


სომხეთისა და თურქეთის ლიდერები ნიუ-იორკში შეხვდნენ ერთმანეთს. ერდოანმა ფაშინიანს თავისი წიგნი აჩუქა.
სომხეთისა და თურქეთის ლიდერები ნიუ-იორკში შეხვდნენ ერთმანეთს. ერდოანმა ფაშინიანს თავისი წიგნი აჩუქა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ნიუ-იორკში ერთმანეთს შეხვდნენ და „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზების საქმეში.

ეს იშვიათი შეხვედრაა ორი ქვეყნის ლიდერს შორის - ქვეყნებისა, რომელთაც დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის შემდეგ შეწყვეტილი აქვთ.

„ახალი იმპულსი“

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესცენტრის თანახმად, თურქეთისა და სომხეთის ლიდერები 24 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს 79-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს.

ამავე წყაროს თანახმად, თანამოსაუბრეებმა „დეტალურად ისაუბრეს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და არსებულ შეთანხმებებზე“.

ფაშინიანის ოფისის თანახმად, „ხაზი გაესვა მზადყოფნას, გაგრძელდეს ნორმალიზაციის პროცესი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე და ახალი იმპულსი მიეცეს ურთიერთობებს“.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს „რეგიონულ საკითხებზე“, - უფრო კონკრეტულად არ დაუზუსტებიათ.

ნიკოლ ფაშინიანი ხვდება რეჯეპ ტაიპ ერდოანს. 2024 წლის 24 სექტემბერი
ნიკოლ ფაშინიანი ხვდება რეჯეპ ტაიპ ერდოანს. 2024 წლის 24 სექტემბერი

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა პრეზიდენტ ერდოანს „მიაწოდა ინფორმაცია სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების პროცესში არსებული ვითარების, ურთიერთობათა მოგვარების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მზადყოფნისა და, ასევე, სომხეთის მთავრობის ინიციატივის, „მშვიდობის გზაჯვარედინის“ შესახებ“.

ფაშინიანი ერდოანს აცნობს სომხეთის მთავრობის ინიციატივას რეგიონში საკომუნიკაციო არხების „განბლოკვის“ შესახებ, „მშვიდობის გზაჯვარედინს“.
ფაშინიანი ერდოანს აცნობს სომხეთის მთავრობის ინიციატივას რეგიონში საკომუნიკაციო არხების „განბლოკვის“ შესახებ, „მშვიდობის გზაჯვარედინს“.

„მშვიდობის გზაჯვარედინი“ სომხეთის მთავრობის მიერ 2023 წელს თბილისში წარდგენილი ინიციატივაა, რომელიც სამხრეთ კავკასიისა და უფრო ფართო შავი ზღვის რეგიონში საკომუნიკაციო არხების გახსნას ითვალისწინებს, მათ შორის - სომხეთისა და თურქეთის ტერიტორიებს შორის კავშირების აღდგენას.

„მნიშვნელოვანი პროგრესი“

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოანმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ლიდერებმა ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობათა „წინაპირობის გარეშე“ ნორმალიზაციის გზაზე „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს.

თურქული მედია წერს, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, „პრეზიდენტმა ერდოანმა ნიკოლ ფაშინიანი თურქულ სახლში მიიღო“.

თურქული სახლი მანჰეტენში, გაეროს შტაბბინის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. იგი თურქული დიპლომატიური მისიების შტაბბინაა.

ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთი „მხარს უჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას და ახალ პერიოდში ორ ქვეყანას შორის მტკიცე მეგობრობის დამყარებას“.

მისი განცხადებითვე, ანკარა მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ პროცესს და „გულწრფელი მხარდაჭერა“ გამოხატა სომხეთთან თურქეთის დიალოგის გასაგრძელებლად.

მინისტრებთან ერთად

ქვეყნების პირველ პირთა შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობების სხვა წარმომადგენლებიც.

სომხეთის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი ნაზელი ბაღდასარიანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი.

თურქეთის მხრიდან კი - საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი და ეროვნული სადაზვერვო სამსახურის დირექტორი იბრაჰიმ კალინი.

ფაშინიანი და ერდოანი ნიუ-იორკში სომხეთისა და თურქეთის დელეგაციის წევრებთან ერთად.
ფაშინიანი და ერდოანი ნიუ-იორკში სომხეთისა და თურქეთის დელეგაციის წევრებთან ერთად.

თურქული მედიის ცნობით, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ნიკოლ ფაშინიანს აჩუქა თავისი წიგნი, სათაურად „უფრო სამართლიანი სამყარო შესაძლებელია“. ეს წიგნი ერდოანმა 2021 წელს გამოსცა.

ურთიერთობები: გენოციდი და ყარაბაღი

1991 წელს, სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. თუმცა, 1993 წელს, ყარაბაღის პირველი ომის მიმდინარეობისას, ანკარამ ერევანთან ურთიერთობები გაწყვიტა.

მას შემდეგ მხარეებს არ ჰქონიათ დიპლომატიური და კომერციული კავშირები.

უთანხმოებას სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებასთან ერთად, სომეხთა გენოციდის საკითხი განაპირობებს.

მხარეებს უთანხმოება აქვთ იმ დაახლოებით მილიონ-ნახევარი ადამიანის გამო, რომლებიც 1915-18 წელს დახოცეს ოსმალეთის იმპერიაში, - რასაც სომხეთი გენოციდს უწოდებს.

სომეხთა გენოციდი 2021 წელს აღიარა აშშ-ის სენატმაც. თურქეთი აღიარებს, რომ ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები მრავალი სომეხი დაიღუპა, მაგრამ აცხადებს, რომ მათი რიცხვი საკამათოა და უარყოფს, რომ ამას სისტემატური ხასიათი ჰქონდა.

ყარაბაღის მეორე ომის (2020 წელს) დასრულების შემდეგ, 2021 წელს, ანკარამ და ერევანმა სპეციალური წარმომადგენლები დანიშნეს ურთიერთობათა ნორმალიზაციისათვის: სერდარ კილიჩი და რუბენ რუბინიანი.

2022 წელს პრაღაში შედგა ქვეყნის პირველ პირთა პირველი შეხვედრა 30 წლის განმავლობაში. შეხვედრას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც ესწრებოდა.

ილჰამ ალიევი, ვიქტორ ორბანი, ჯეიჰუნ ბაირამოვი, თურქეთის ყოფილი საგარეო მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, რეჯეპ ტაიპ ერდოანი, ნიკოლ ფაშინიანი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი. 2022 წლის 6 ოქტომბერი
ილჰამ ალიევი, ვიქტორ ორბანი, ჯეიჰუნ ბაირამოვი, თურქეთის ყოფილი საგარეო მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, რეჯეპ ტაიპ ერდოანი, ნიკოლ ფაშინიანი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი. 2022 წლის 6 ოქტომბერი

მაშინ ერდოანი, ფაშინიანი და ალიევი პრაღაში, „ევროპული პოლიტიკური საზოგადოების“ სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს.

მოგვიანებით, 2023 წლის ივნისში კი, ფაშინიანი ერდოანის ხელახალ ინაუგურაციას დაესწრო ანკარაში. „ფაშინიანის მიერ ჩვენი მოწვევის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო“, - განაცხადა მაშინ ერდოანმა.

ბოლო წლებში ურთიერთობათა ნორმალიზაციაზე საუბრები გაძლიერდა:

  • სპეციალური წარმომადგენლების, კილიჩისა და რუბინიანის შეხვედრების სერიის შემდეგ, სომხეთ-თურქეთს შორის სავაჭრო ტვირთებისათვის ფრენები ნაწილობრივ აღდგა;
  • ასევე, შეთანხმდნენ, რომ გაიხსნება სახმელეთო საზღვარი, თუმცა მხოლოდ მესამე ქვეყნების მოქალაქეებისათვის.

2024 წლის ივლისში სპეციალურმა წარმომადგენლებმა მეხუთე შეხვედრა გამართეს ალიკან-მარგარას სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, საზღვარზე, და კვლავ გამოხატეს მზაობა, „წინასწარი დათქმების გარეშე“ გააგრძელონ ნორმალიზაციის საკითხი.

„ზანგეზურის დერეფანი“ - აქაც საკვანძო

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ანკარა თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნისა და დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების წინაპირობად წლების განმავლობაში ასახელებს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვიარებას, - ისეთი ფორმით, რაც ბაქოს ინტერესებშია.

2024 წლის ერდოანმა გაიმეორა, რომ სამშვიდობო შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს სახმელეთო დერეფანს, რომელიც აზერბაიჯანს დააკავშირებს მის ექსკლავ ნახიჭევანთან, რომელიც თურქეთსა და სომხეთს ესაზღვრება.

თურქეთის დაზვერვის სამსახურის უფროსმა იბრაჰიმ კალინმა, რომელიც ნიუ-იორკშიც ახლდა ლიდერებს, ეს პოზიცია ბაქოში ბოლო ვიზიტის დროსაც გაიმეორა.

17 სექტემბერს მან განაცხადა, რომ „სტაბილური მშვიდობა ქვეყნებს შორის ხელს შეუწყობს „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნას, რაც გააჩენს პირდაპირ სატრანსპორტო კავშირებს აზერბაიჯანი-სომხეთი-ნახიჭევანი-თურქეთი-ევროპის მიმართულებით“.

სომხეთის მთავრობის პოზიციით, ნახიჭევანიდან დანარჩენ აზერბაიჯანამდე ადამიანებისა და ტვირთის გადაადგილება/მოძრაობა უნდა ექვემდებარებოდეს სომხეთის სახელმწიფოს სასაზღვრო/საბაჟო კონტროლს. ფაშინიანის პრესცენტრის თანახმად, პრემიერმა ამის შესახებ აცნობა ერდოანს.

გზა, - რასაც აზერბაიჯანი და თურქეთი „ზანგეზურის დერეფანს“ უწოდებენ, - პოტენციურად გაივლის სომხეთის სიუნიქის პროვინციას, რომელიც ირანს ესაზღვრება.

ირანის ისლამური რესპუბლიკა გამუდმებით აპელირებს, რომ ეწინააღმდეგება მსგავს „ექსტრატერიტორიულ დერეფანს“. ეს საკითხი უთანხმოების საფუძველი გახდა ტრადიციულ მოკავშირეებს, ირანსა და რუსეთს შორის.

ხვალ, 2024 წლის 26 სექტემბერს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი ნიუ-იორკში კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთად.

როგორც აზერბაიჯანული გამოცემა „ტურანი“ იუწყება წყაროებზე დაყრდნობით, ბლინკენი ეცდება, მხარეები დაარწმუნოს, სამშვიდობო მოლაპარაკებები „ბოლო ეტაპზე“ გადაიყვანონ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG