2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლები რჩება და პროცესებიც სულ უფრო ცხელ ფაზაში შედის. რა არის ახალი და გარკვეული ამ დროისთვის, როგორია ძალთა გადანაწილება, რა პოზიციაზე დგანან პოლიტიკური პარტიები და აქვს თუ არა პერსპექტივა ოპოზიციური სპექტრის ძალების გაერთიანების იდეას?
„დღეს წარვადგენთ გუნდის ნაწილს, მათ შორის იმის გამოც, რომ ჯერ კიდევ გვინდა, რომ კარი იყოს ღია და მზად ვართ და ვმართავთ კონსულტაციებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ 3 აგვისტოს, მაჟორიტარი კანდიდატების წარსადგენად გამართულ პრეზენტაციაზე.
დასახელებული კანდიდატები პარტიის ლიდერები და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები არიან, მათ შორის: გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ზურაბ ჭიაბერაშვილი, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე.
მარტივი არითმეტიკით თუ ვიმსჯელებთ, კონსულტაციებისთვის ღიად დატოვებული კარი რეგიონების მასშტაბით მხოლოდ 8 საარჩევნო ოლქს შეეხება, რადგან „ევროპულმა საქართველომ“ 22 შესაძლოდან კანდიდატები 14 ოლქისთვის დაასახელა.
რეგიონებში ღიად დარჩენილ 8 ოლქში შედის, მაგალითად: ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ბორჯომი; ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა; გორი, კასპი; ბათუმი; ქობულეთი.
ამ ეტაპისთვის უცვლელია სიტუაცია თბილისთან დაკავშირებით - „ევროპულ საქართველოს“ დედაქალაქის 8 ოლქიდან კანდიდატები მხოლოდ ორ ოლქში ჰყავს დასახელებული - ვაკესა და მთაწმინდა-კრწანისში.
რეგიონებისგან განსხვავებით, თბილისის ოლქების კანდიდატები ოპოზიციური ერთობის ფორმატის ფარგლებში შეთანხმდა. ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვედრებისას, ოპოზიციამ 8-დან სულ 6 კანდიდატის შეთანხმება მოახერხა.
რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების შეთანხმებაზე უარი თავიდანვე თქვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ამ მხრივ შედეგი ვერც „ევროპული საქართველოს“ ბოლოდროინდელმა მცდელობებმა გამოიღო.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, პარტიას რეგიონების 22-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატები ეყოლება და მათ ვინაობას საზოგადოება ახლო მომავალში შეიტყობს - „ეს პროცესი ძალიან არ გაიწელება, რადგან ხალხსაც აინტერესებს და ჩვენს ინტერესშიც შედის“.
ხომ არ გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ საკუთარი კანდიდატები დააყენოს თბილისის მასშტაბით ჯერ ისევ შეუთანხმებელ ორ ოლქშიც?
რადიო თავისუფლების შეკითხვას უდუმაშვილი ასე პასუხობს:
„ჯერ ჩვენთვისაც გაუგებარია, რა ხდება... ველოდებით... როდესაც ვთქვით, რომ თბილისში 8-დან მხოლოდ ორ ოლქს იტოვებს „ნაციონალური მოძრაობა“, ამით დანარჩენ ოპოზიციას მივეცით შესაძლებლობა, რომ თავად განესაზღვრათ კანდიდატები... ჯერ ველოდებით წინადადებებს და იმის მიხედვით გაირკვევა“.
რაც შეეხება ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის დასახელების პერსპექტივას, ზაალ უდუმაშვილის განმარტება ასეთია - „ვნახოთ, ვნახოთ, შესაძლოა, გრიგოლ ვაშაძე იყოს ქუთაისში ჩვენი კანდიდატი“.
"ვაჭრობა" თუ რა?
3 აგვისტოს ვანო მერაბიშვილმა გადაწყვიტა საზოგადოებისთვის ეცნობებინა, რომ ის არ აპირებს ადგილისთვის ბრძოლას არც მომავალ პარლამენტსა და არც მომავალ მთავრობაში.
ამავე დროს, ექსპრემიერმა თავის ფეისბუკპოსტში ადგილი დაუთმო „ნაციონალური მოძრაობის“ პირველობის ხაზგასმასა და ოპოზიციის მწვავე კრიტიკასაც - „ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება“.
მანამდე და კერძოდ - 2 აგვისტოს, „მთავარი არხის“ ეთერში ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა მოიგოს ერთპიროვნულად ეს არჩევნები“ და რომ გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“ წასული გიორგი ვაშაძე ოპოზიციის დაშლის მიზნით ბიძინა ივანიშვილის თამაშში ჩაება. ვაშაძე ივანიშვილის ინტერესების მსახურებაში „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლებმაც დაადანაშაულეს.
ვანო მერაბიშვილის პოსტის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 3 აგვისტოს უთხრა ჟურნალისტებს, რომ „როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილმა ახლა აღმოაჩინა ის, რაც საზოგადოებისთვის დიდი ხანია ნათელია".
გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“ წასულებმა - გიორგი ვაშაძემ (პარტია „ახალი საქართველო“) და თაკო ჩარკვიანმა (პარტია „კანონი და სამართალი“) ახალი პოლიტიკური პლატფორმა - „სტრატეგია აღმაშენებელი“ ივლისის ბოლოს დააფუძნეს. ეს პოლიტიკური ძალა 2020 წლის არჩევნებზე დამოუკიდებელად აპირებს გასვლას. თუმცა 3 აგვისტოს გაცემულ პასუხში ვაშაძემ სააკაშვილს „ერთიანი ფრონტის“ შექმნისა და „ერთმანეთთან თანამშრომლობის“ აუცილებლობაც შეახსენა.
- გიორგი ვაშაძე ერთ-ერთია მაჟორიტარი დეპუტატობის თბილისის მასშტაბით შეთანხმებულ 6 კანდიდატს შორის.
- ოპოზიციური ერთობის ფორმატში შეთანხმებულ კანდიდატებს და მათ შორის - გიორგი ვაშაძეს, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ დაუჭირა მხარი. თუმცა ის მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გასული გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“.
- ბოლო ხმაურიანი პროცესების ფონზე კი, ბევრისთვის საეჭვოა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველმა გიორგი ვაშაძეს დაუჭიროს მხარი.
განხეთქილება თუ ნორმალური ამბავი?
კამათის, დაპირისპირების, ბევრი ეჭვისა და შეკითხვის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ შესაძლებლობების გაერთიანების იდეა ჯერ ისევ ცოცხალია ოპოზიციური ერთობის ფორმატში შემავალი პოლიტიკური პარტიებისთვის.
როგორც ამ ჭრელი ფორმატის მასპინძელი პარტიის, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა გვეუბნება - „აზრთა სხვადასხვაობა ყველგან არის“ და სულაც არ არის ეს ყველაფერი განხეთქილებისა და დაშლის მომასწავებელი.
„ოპოზიცია მთავარ სტრატეგიაზე შეთანხმებულია, რომ ოლიგარქია უნდა დასრულდეს და ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს... ზოგან იქნება შეთანხმებული კანდიდატები, ზოგან იქნება კონკურენცია. ეს ტაქტიკური საკითხებია და არსებითად არაფერს ცვლის“, - გვეუბნება გუგავა.
ასევე მისი თქმით, რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას ლეიბორისტული პარტიაც „უახლოეს ხანში“ გეგმავს. რამდენ მაჟორიტარს და სად წარადგენს, ეს ჯერ საიდუმლოდ რჩება.
მაჟორიტარი დეპუტატების დასახელებას რეგიონების მასშტაბით 2 ან 3 ოლქში გეგმავს ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო“.
როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ანზორ ბიწაძე გვეუბნება, ჯერ ისევ მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა „პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან“ და თავად „ერთიანი საქართველო“ მზად არის კონკურენტუნარიანი და სანდო კანდიდატების მხარდაჭერისთვის.
„ჩვენთვის უმთავრესი ამოცანაა, რომ ოპოზიცია არჩევნებზე წარმოდგენილი იყოს ისეთი მაჟორიტარი კანდიდატებით, რომლებიც დაათმობინებენ კონკრეტულ ოლქებს „ქართულ ოცნებას“... ჩვენთვის განმსაზღვრელი არის არა ის, თუ რა პარტიული კუთვნილება ექნება ამა თუ იმ კანდიდატს, არამედ რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ის „ოცნების“ კანდიდატის წინააღმდეგ... გამორიცხულია ისეთი კანდიდატების მხარდაჭერა, რომლებიც რაღაც მომენტში შესაძლოა „ქართული ოცნების“ სატელიტები აღმოჩნდნენ“, - ეუბნება ანზორ ბიწაძე რადიო თავისუფლებას.
ის თვლის, რომ აუცილებელია ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ დააფიქსირონ თავიანთი პოზიციები - დასაშვებად მიაჩნიათ თუ არა „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნა, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში.
ასევე მისი ინფორმაციით, ოპოზიცია აპირებს „ერთმანეთის ხმების დაცვას“ და საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს, თუ რა მექანიზმი ამოქმედდება ამისათვის. ამ ტიპის შეთანხმების გარშემო მოლაპარაკებების მიმდინარეობა დაგვიდასტურა გიორგი გუგავამაც.
თავიდანვე აცხადებდა და ახლაც ასეა, რომ - არჩევნებში დამოუკიდებლად ბრძოლას აპირებს „ლელო საქართველოსთვის“. თუმცა პარტიის ლიდერებმა ასევე არაერთხელ თქვეს, რომ ეს მოხდება ოპოზიციური ერთობის ფორმატთან გარკვეული კოორდინირების პირობებში.
მაგალითად, უკვე ცნობილია, რომ საბურთალოს ოლქში, სადაც ოპოზიციურ ერთობას საერთო შეთანხმებული კანდიდატი არ დაუსახელებია, კენჭს იყრის „ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე.
საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით კენჭს იყრის დავით სერგეენკო. შესაძლოა ამავე ოლქის კანდიდატად ვიხილოთ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და ასევე „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი, რომელმაც ასეთი მიზნის შესახებ ჯერ კიდევ ივნისში ილაპარაკა.
თავდაპირველად იყო, მაგრამ ალეკო ელისაშვილმა უარი თქვა ოპოზიციური ერთობის ფორმატში შემდგომ თანამშრომლობაზე. ოპოზიციის მწვავე კრიტიკის ფონზე, მან საზოგადოებრივი აზრის წინასწარ გამოკითხვის იდეა წამოაყენა, კონკურენტუნარიანი კანდიდატების გამოვლენის მიზნით. თუმცა ეს იდეა არ იქნა გაზიარებული.
„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სრული სპექტრი საზოგადოებას 20 ივლისს წარუდგინა. პოლიტიკურ პარტიებს შორის ეს ჯერჯერობით სხვას არავის გაუკეთებია.
რაც შეეხება საარჩევნო სიების გამოქვეყნებას, პარტიები ამას აგვისტო-სექტემბერში გეგმავენ.