Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე: ეს ყველაფერი მერაბიშვილმა ახლა ნახა, თუმცა საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ის, რაც ვანო მერაბიშვილმა ახლა აღმოაჩინა, საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია.

„განსაკუთრებით ძველ ოპოზიციას გამოვყოფდი, რომელიც არის დესტრუქციული და მას პოზიტიური დღის წესრიგი არ გააჩნია. ეს ვანო მერაბიშვილმა ახლა აღმოაჩინა. როგორც ჩანს, მან უკვე ჩაიხედა ძველი ოპოზიციის სამზარეულოში და ის უპრინციპობა ნახა, რაც იქ ხდება“, - უთხრა მედიას თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, როდესაც ქვეყანა პანდემიას ებრძოდა, ძველი ოპოზიცია ებრძოდა ჯანდაცვის სისტემას და როდესაც ქვეყანა დემოკრატიულ ნაბიჯებს დგამდა და კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსს ცვლიდა, ძველი ოპოზიცია ამ პროგრესულ ცვლილებებს ებრძოდა.

„დღეს, როცა ოპოზიციაში გარკვეული განახლების პროცესი მიმდინარეობს, ძველი ოპოზიცია ისევ დესტრუქციული ქმედებებითაა გამორჩეული. ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს. ის ხალხი, რომელიც გულზე მჯიღს იცემდა, რომ ნებისმიერ ოლქში „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებდა, ხედავთ, რომ რიგ-რიგობით უარს ამბობენ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებსა და არჩევნებზე ოლქებში მონაწილეობაზე. შესაძლოა, ეს ყველაფერი ვანო მერაბიშვილმა ახლა ნახა, თუმცა ეს საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს შს-თა ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ „სამწუხაროდ, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება“.

ამასთან, მერაბიშვილი „განახლებულ ნაციონალურ მოძრაობას“ მიიჩნევს ერთადერთ ძალად, რომელსაც შესწევს უნარი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ ბრძოლაში, დაასრულოს არჩევნები გამარჯვებით და ხალხს დაუბრუნოს მომავალი“.

XS
SM
MD
LG