Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლელოდან" საბურთალოზე კენჭს ბადრი ჯაფარიძე იყრის


ბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძე

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე მაჟორიტარ კანდიდატად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს თბილისის, საბურთალოს საარჩევნო ოლქში იყრის. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბადრი ჯაფარიძემ, კერძოდ, აღნიშნა, რომ საბურთალოს საარჩევნო ოლქი იქნება ის ადგილი, სადაც დაიწყება ქვეყანაში აუცილებელი ცვლილებების განხორციელება:

„ჩვენი ამოცანა იქნება, ქართულ პოლიტიკაში შევცვალოთ ის მოცემულობა, რომელიც დღეს არის - ღვარძლი, ურთიერთდაპირისპირება, შუღლი და ჩვენ კი არ გავარჩიოთ ერთმანეთი პოლიტიკური კუთვნილების თვალსაზრისით, არამედ გავერთიანდეთ და ჩემი მიზანი იქნება, რომ ჩვენ ეს გაერთიანება შევძლოთ საბურთალოს საარჩევნო ოლქში და ამით მაგალითი მივცეთ მთელს ქვეყანას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ, რომლის თქმითაც, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ხალხს იმედი და მომავლის რწმენა უნდა დაუბრუნონ. „ეს იქნება პირველი ნაბიჯი წარმატებისაკენ“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ, რომელიც აცხადებს, რომ მზადაა საბურთალოს ოლქში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქესთან მივიდეს და მათ პრობლემებს მოუსმინოს.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს დავით სერგეენკო იყრის. საბურთალოს მაჟორიტარობისთვის ბრძოლას აპირებენ ასევე „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და პარტიის „კანონი და სამართალი“ თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი.

XS
SM
MD
LG