„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში პირველ რიგში პროპორციული არჩევნების გზით უნდა დაამარცხონ. „ევროპული საქართველოს“ მიერ 27 ივლისს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, მან თქვა, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა ის, რომ არჩევნების ბედი მაჟორიტარებზე გადის:
„ნუ მოვატყუებთ ჩვენს საზოგადოებას, რომ მაჟორიტარებს აქვთ გადამწყვეტი როლი – არც ამ არჩევნებში აქვთ, არც წინა არჩევნებში და არ იმის წინა არჩევნებში. ამიტომ ჩვენ არანაირ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რაც დააზიანებს ჩვენს ინტერესებს, რაც შეეხება პარტიული პროპორციული სიით რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერის მოპოვებას, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი პირველ რიგში უნდა დავამარცხოთ სწორედ პროპორციული არჩევნების გზით, არა მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არამედ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად უნდა ავიღოთ მეტი ხმები პროპორციულ არჩევნებში, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ 27 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რეგიონებში 22 საერთო კანდიდატის დაყენებაზე დაწყებული მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა და ახლა უკვე დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ამ კუთხით გაერთიანდნენ.
ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა“, თბილისში 8 მაჟორიტარი კანდიდატის დასახელების დროს გაერთიანდნენ და დედაქალაქის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატზე შეთანხმდნენ.