Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ხედავს პლუსებს და ვინ მინუსებს


ოპოზიციურმა ერთობამ თბილისის მასშტაბით 8-დან 6 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შეათანხმა - ყველა მათგანი პოლიტიკოსია. კარი ისევ ღიაა და დარჩენილი ორი ადგილი შესაძლოა, საზოგადოებისთვის ცნობილ, არაპოლიტიკოსებსაც დაეთმოთ.

რისი იმედი აქვთ ოპოზიციურ ერთობას? რამდენად საფუძვლიანია ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოლოდინი? მეტს დაკარგავენ თუ მეტს მიიღებენ პარტიები ჭრელი გაერთიანებით?

თუკი ახალი საარჩევნო სისტემა პარლამენტში დამტკიცდება, 2020 წელს არჩეულ ახალ პარლამენტში 120 დეპუტატი პარტიული სიებიდან, ხოლო 30 დეპუტატი მაჟორიტარის სტატუსით შევა. აქედან 8 მაჟორიტარ დეპუტატს თბილისი აირჩევს, შესაბამისად - 8 ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში.

ერთთვიანი პაუზის შემდეგ, 19 ივნისს, ოპოზიციურმა ერთობამ მორიგი შეხვედრა გამართა ლეიბორისტული პარტიის ოფისში და 8-დან 6 შეთანხმებული კანდიდატი დაასახელა.

ესენი არიან:

  • ვაკის ოლქი - ელენე ხოშტარია:

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი; პარლამენტის წევრი 2016 წლიდან - „ნაციონალური მოძრაობა“; 2007-2012 წლებში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე; 2017 წელს კენჭი იყარა დედაქალაქის მერის პოსტზე - „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერით; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე (2007-2012 წლები).

  • მთაწმინდა-კრწანისის ოლქი - შალვა შავგულიძე:

„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე; მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი 2012 წლიდან - კოალიცია „ქართული ოცნება“; 2019 წელს კენჭი იყარა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე; „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატთან, ვლადიმერ კახაძესთან ის მეორე ტურში დამარცხდა; შავგულიძეს მხარს უჭერდა „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ ერთიანი საარჩევნო ბლოკი.

  • გლდანის ოლქი - ნიკა მელია:

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი; მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან; 2019 წელს შეუწყდა დეპუტატის უფლებამოსილება 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამო; მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა (225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი); სასამართლო პროცესი არ დასრულებულა.

  • სამგორის ოლქი - ლევან ხაბეიშვილი:

თბილისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრი 2017 წლიდან - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრი; თბილისი მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე (2013-2014 წლები); საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - მთავარი სპეციალისტი (2012/2013 წლები); ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა - ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი (2008-2011 წლები).

  • ისნის ოლქი - გიორგი ვაშაძე:

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე; „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკის - „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელი; მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი 2012 წლიდან - „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“; იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე; 2017 წელს კენჭი იყარა დედაქალაქის მერის არჩევნებზე - „ერთობა ახალი საქართველო“.

  • ნაძალადევის ოლქი - შალვა ნათელაშვილი:

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი; პარტიის თავმჯდომარე 1995-2014 წლებში; პარლამენტის წევრი ორჯერ - 1992 და 2007 წლებში; 2018 წელს კენჭი იყარა საპრეზიდენტო არჩევნებში - „ლეიბორისტული პარტია“.

6-წევრიანი სია 5 პარტიის წარმომადგენლებს აერთიანებს და, შედეგად, დაკმაყოფილდა „ნაციონალური მოძრაობის“ პირობაც, რომ თბილისში მხოლოდ 2 ოლქის შერჩევის სანაცვლოდ, დანარჩენ კანდიდატებზე ფართო კონსენსუსი უნდა შემდგარიყო და პროცესში მაქსიმალურად ბევრი პარტია უნდა ჩართულიყო.

პარტიები პრობლემად არ თვლიან, რომ 2 კანდიდატის ადგილი ჯერ ისევ თავისუფალია - საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქებისთვის. ისინი ამბობენ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება და შეთანხმებაც შედგება.

თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები რომ არ ეყოლებოდათ, ეს წინასწარ განაცხადეს, მაგალითად, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩმა“ და ნინო ბურჯანაძის „ერთიანმა საქართველომ“.

  • წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიციურ ერთობაში იყო სურვილი, რომ საბურთალოს ოლქისთვის შეთანხმებულ კანდიდატად „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დასახელებულიყო. თუმცა ელისაშვილი, რომელიც ერთ დროს მონაწილეობდა ოპოზიციონერთა შეხვედრებში, ახლა საკუთარ პარტიას აფუძნებს, სრულად ეთიშება და მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიციურ ერთობას.
  • ასევე ოპოზიციურ ერთობაში იყო სურვილი, რომ შეთანხმებულ კანდიდატებს შორის ყოფილიყვნენ „ლელოს“ წარმომადგენლებიც. თუმცა ამ ერთობის შეხვედრებში მონაწილე ეს პოლიტიკური ძალა არასოდეს მალავდა, რომ ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენებას აპირებს. იყო ლაპარაკი გარკვეულ ოლქებში კოორდინაციის შენარჩუნებაზე, მაგრამ ამ მხრივ გარკვევით არაფერი თქმულა.

ოპოზიციური ერთობის წარმომადგენლები 19 ივნისს კმაყოფილები ჩანდნენ იმით, რომ მოხერხდა ამომრჩევლების დაკვეთის შესრულება და, მათი თქმით, გაჩნდა სახელისუფლებო კანდიდატების პირველსავე ტურში დამარცხების რეალური შანსი. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მძიმე ბრძოლა აქვთ წინ, მაგრამ მზად არიან.

  • „საპასუხისმგებლო ბრძოლის ეტაპზე გადავდივართ და თბილისში ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის მოპოვება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ის ერთობა, რომელიც არის აქ, ამ ადგილას და რომელიც შეძლეს პოლიტიკურმა ძალებმა, არის ის საზოგადოებრივი დაკვეთა, რის გარეშეც შეუძლებელია ჩვენს ქვეყანაში ცვლილებების მოტანა“ - ელენე ხოშტარია, „ევროპული საქართველო“.
  • „ბრძოლა გველოდება - ეს არ იქნება ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია, ვინაიდან ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური ოპონენტი; ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის ადამიანი, რომელიც აკეთებს პოლიტიკას და რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში. ჩვენი ყველას (პოლიტიკოსებისა და ხალხის) მოწინააღმდეგე არის ოლიგარქი“ - ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობა“.
  • „მე მინდა გამოვთქვა უდიდესი რწმენა, რომ 31 ოქტომბერს გამარჯვების არწივი აფრინდება სწორედ თბილისიდან, საქართველოს გამარჯვების არწივი“ - შალვა ნათელაშვილი, „ლეიბორისტული პარტია“.

ოპოზიციური ერთობის მიერ მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებას დროში დაემთხვა საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით კვლევა ჩაატარა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC). 27 თებერვლიდან 18 მარტამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 1,763 ადამიანი გამოიკითხა.

თქვენი აზრით, არის თუ არა საჭირო ქართულ პოლიტიკაში ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა? ამ შეკითხვას დადებითად წელს 79%-მა უპასუხა (შარშან 80% იყო).

ოპოზიციური ერთობის წარმომადგენელი პოლიტიკური პარტიები 19 ივნისს აცხადებდნენ, რომ ისინი საზოგადოებას ახალ სინერგიას სთავაზობენ და ამომრჩეველი აუცილებლად დააფასებს, რომ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე წინ ერთიანობის იდეა დადგა.

რეალისტურია თუ არა გამარჯვების იმედი, რომელიც ოპოზიციურ ერთობაში შემავალ ძველ და შედარებით ახალ პარტიებს აქვთ? რამდენად კარგი იდეა იყო ერთიან მაჟორიტარებზე შეთანხმება, როცა კონკრეტული კანდიდატები ერთმანეთისა და სხვა პარტიების ამომრჩეველთა იმედზეც უნდა იყვნენ? ამ შინაარსის შეკითხვები ძალიან ხშირია ამ ბოლო დროს.

ერთიანი ოპოზიციური კანდიდატების დასახელებას დადებით მოვლენად აფასებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, თუმცა სინერგიის ხიბლით ყველა ამ პარტიის ამომრჩეველთა სრულ მობილიზებას ნაკლებად მოელის. ის თვლის, რომ გაერთიანებული ოპოზიციისთვის უკეთესი იქნება, თუკი ის „ქართულ ოცნებასთან“ პირისპირ არ დარჩება და თამაშში ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრებიც შემოვლენ.

„ამომრჩეველი, რომელსაც დღეს არც წარსულთან ასოცირებული პარტია უნდა, არც აწმყოს პარტია უნდა და ეძებს ახალ არჩევანს, ამ არჩევნის გარეშე თუ დარჩება, ის უფრო ადვილი საყიდელი იქნება ხელისუფლებისთვის... შესაბამისად, თამაშში უნდა შემოვიდნენ ალტერნატიული ცენტრები, რათა ხელისუფლებას არ მისცენ ამ ამომრჩეველთა ამ რესურსის კაპიტალიზაციის საშუალება პირველ ტურში. ხოლო მეორე ტურისთვის უფრო მეტი კოორდინაცია უნდა მოხდეს ამ ცენტრებთან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გია ხუხაშვილი.

ასეთ ცენტრებად ანალიტიკოსი მოიაზრებს, მაგალითად, იმავე „ლელოსა“ და ალეკო ელისაშვილის სამომავლო პოლიტიკურ ძალას.

ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია გვეუბნება, რომ უფრო მომგებიანი იქნებოდა, ოპოზიციურ ერთობას საერთო მაჟორიტარ კანდიდატებად საზოგადოებისთვის ცნობილი, არაპოლიტიკური სახეებიც რომ დაესახელებინა.

თუმცა, მისი თქმით, ეს კანდიდატები უბრალოდ ცნობილები არ უნდა იყვნენ და გარკვეულ სოციალურ კაპიტალსაც უნდა ფლობდნენ - „საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა პოლიტიკოსებისა და ასეთი ადამიანების შერეული სია“.

ოპოზიცია არ გამორიცხავს და ეს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიგი უგულავამაც აღნიშნა, რომ დარჩენილ კანდიდატებს შორის საზოგადოებამ კარგად ცნობილი ადამიანებიც იხილოს. იყო ინფორმაცია, რომ მოლაპარაკება უშედეგო იყო ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.

ანალიტიკოს ხათუნა ლაგაზიძეს ყველა მაჟორიტარული ოლქისთვის სამყოფი გამორჩეული, პოლიტიკაში წასვლის მსურველი არაპოლიტიკოსები არ ეგულება საქართველოში. ოპოზიციური ერთობის მიერ წარმოდგენილი სიიდან კი - ის კანდიდატებს სხვადასხვა დოზის წარმატებას უწინასწარმეტყველებს.

მართალია, პარტიათა ამომრჩევლების ხმები ავტომატურად არ ჯამდება, მაგრამ ლაგაზიძისთვის ერთმნიშვნელოვანია,რომ მაჟორიტარების გარშემო გაერთიანებით ოპოზიციური ერთობა ხმების ჩაშლისა და დაკარგვის საფრთხეს ამცირებს.

„სად, როცა ბევრი პარტია აყენებს ერთ კანდიდატს და სად, როცა ბევრი პარტია აყენებს ბევრ კანდიდატს, საიდანაც გამარჯვების შანსი აქვს მხოლოდ ერთს ან არცერთს... ამომრჩეველთა ხმები ისე დაიქსაქსება და ჩაიშლება, რომ ეს იქნება იმ მაჟორიტარული ოლქის ლანგარზე მირთმევა ხელისუფლებისთვის“, - ეუბნება ხათუნა ლაგაზიძე რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG