Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა კავშირშია სასამართლოს "კლანი" და გემოვნება?


  • თამარ ალანია თვლის, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყო 2012 წლამდეც და არის დღესაც;
  • თამარ ალანიასთვის სასამართლო სისტემის „კლანზე“ ლაპარაკი გემოვნების საკითხია; ლევან მურუსიძე კი არის სასამართლოს აქტივისტი (რაც იგივე ლიდერს ნიშნავს);
  • თამარ ალანია არ გადახედავდა წარსულში გამოტანილ სადავო განაჩენებს;
  • თამარ ალანია თვლის, რომ საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდის საჭიროება არ არსებობს.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა, თამარ ალანიამ თავისი პოზიციები 23 სექტემბერს საკომიტეტო მოსმენაზე გამოხატა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე იუსტიციის საბჭოდან პარლამენტში გადაგზავნილი 20-კაციანი სიის იმ ხუთეულშია, რომელიც (2018 წლის დეკემბრის) "სკანდალურ 10-კაციან სიაშიც" გვხვდებოდა.

არსებობს თუ არა „კლანი“ და ვის მფარველობს ის?

„მე ვარ მართლმსაჯულების განმახორციელებელი მოქმედი მოსამართლე და იმ იდეოლოგიის მატარებელი და წევრი, რომელიც გულისხმობს და ფიქრობს, რომ მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელი და განახორციელოს თავისი საქმიანობა მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად...

თქვენ ახლა ამას დაარქმევთ კლანს თუ ოჯახს, არ ვიცი... კლანი მე ვიცი, რომ შოტლანდიაში არსებობს - კლანებად დაყოფა ოჯახები და ასე შემდეგ... რას დაარქმევთ, ეს თქვენი გემოვნების საკითხია“.

ის, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ალანიას გემოვნების საკითხად მიაჩნია, ხელისუფლების ოპონენტებისა და არასამთავრობო სექტორის წუხილის ერთ-ერთი მთავარ საფუძველს წარმოადგენს. საქართველოში უკვე დიდი ხანია დარწმუნებით აცხადებენ, რომ სასამართლოს მართავს გავლენიანი ჯგუფი - ე.წ. „მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი“, რომლის ხელდასმითაც შედგა პარლამენტისთვის 2018 წლის დეკემბერში გადაგზავნილი და იქვე ჩავარდნილი 10-კაციანი სიაც.

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ალანია მიხეილ ჩინჩალაძის თავმჯდომარეობით მოქმედი სასამართლოს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა;
  • ამავე სასამარლოში უვადოდ არის გამწესებული ასევე ლევან მურუსიძეც.

ამ და სხვა გარემოებების გამო თამარ ალანიას კანდიდატურა მკვეთრად სადავოა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრისთვის, ნაზი ჯანეზაშვილისთვის.

„თამარ ალანია 2017 წლამდე, ოთხი წლის განმავლობაში იყო იუსტიციის საბჭოს წევრი, როდესაც ლევან მურუსიძე იყო საბჭოს მდივანი და ხმა არასოდეს ამოუღია უსამართლო დანიშვნებთან თუ სხვა ნებისმიერ პრობლემურ თემასთან დაკავშირებით - ის ჩვეულებრივად, ყოველთვის მხარს უჭერდა ლევან მურუსიძის პოლიტიკას... გამოდის, რომ არაფერი ხდებოდა და ყველაფერი კარგად იყო?!“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნაზი ჯანეზაშვილი.

სამაგიეროდ, ჯანეზაშვილი იხსენებს თუ როგორ უბრახუნა მუშტები მას თამარ ალანიამ „რუსთავი 2“-ის ეთერით გასული მწვავე სიუჟეტის შემდეგ და ძალიან დიდი აგრესიაც გამოამჟღავნა მის მიმართ - „ესე იგი, როცა სჭირდება, შეუძლია ხმის ამოღება“.

ვინ არის საქართველოს სასამართლოს ლიდერი და მიიჩნევს თუ არა ლევან მურუსიძეს სასამართლოს ლიდერად?

ამ შინაარსის შეკითხვები დაუსვა „ევროპული სასამართლოს“ წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ალანიას 23 სექტემბერს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამართული მოსმენის დროს და შეახსენა კიდეც, რომ ლიდერად ის ლევან მურუსიძეს თვლიდა.

„ეს არის ამონარიდი იმ პასუხისა, რომელიც მომდინარეობდა ლიდერიდან - ის თვლის, რომ ლიდერია და თქვენც თუ თვლით, რომ ლიდერიაო. ამაზე პასუხი მარტივია, თუ თვლის ის ადამიანი თავს ლიდერად, მე ამ ლიდერს განვმარტავ როგორც სასამართლოს აქტივისტი“, - ასეთი იყო ალანიას პასუხი. საბოლოოდ გაირკვა, რომ ლიდერებს ის აქტივისტებს უწოდებს და რომ მისთვის ეს ცნებები იდენტური შინაარსისაა.

როგორ მოხვდა თამარ ალანია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციან სადავო სიაში, რომელიც „პარტიზანულად“ შედგა? ამ შინაარსის შეკითხვა კანდიდატს 23 სექტემბერს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ოთარ კახიძემ დაუსვა.

ალანია თვლის, რომ ეს სრულიად კანონიერად მოხდა - იუსტიციის საბჭოდან მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ, უთხრეს, რომ საბჭო აპირებდა მისი კანდიდატურის წარდგენას და შემდეგ საკითხი მან საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან და მოსამართლე წევრებთან ერთად განიხილა.

ალანიას ეჭვებს არაფერი აღუძრავს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გადაწყვეტილებებს ჰაერიდან არ იღებენო. მან თქვა, რომ:

  • საბჭოს წევრები სამოსამართლეო კორპუსის ბიოგრაფიების, სტატისტიკის, მუშაობის ხარისხის შესწავლის შესაბამისად მოქმედებენ;
  • სიის ამ ფორმით წარმოდგენა არ ეწინააღმდეგებოდა კანონს და თავადაც, თუკი პროცესი მის ხელში იქნებოდა, კანონის მოთხოვნებით იხელმძღვანელებდა.

პარლამენტში ახლახან გადაგზავნილ ახალ 20-კაციან სიაში ვხვდებით ასევე იუსტიციის საბჭოს მდივანს - გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც პარლამენტში ჩავარდნილ 10-კაციან სიაშიც იყო. ალანიასა და მიქაუტაძის გარდა, ძველიდან ახალ სიაში მოხვდნენ ასევე: მერაბ გაბინაშვილი, ნინო ქადაგიძე და პაატა სილაგაძე.

  • ძველი სიის დანარჩენი ხუთი წარმომადგენლიდან მხოლოდ ორმა ვერ გაიმარჯვა კონკურში - გიორგი ტყავაძემ და ნინო სანდოძემ;
  • კონკურსში არ მონაწილეობდნენ დიმიტრი გვრიტიშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე;
  • ხოლო მარიამ ცისკაძემ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.

დამოუკიდებლობა და ბოდიშის მოხდა

„იყო თუ არა თქვენზე ზეწოლა?“ - ეს შეკითხვა თამარ ალანიას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ირაკლი სესიაშილმა დაუსვა „მუხროვანის ამბოხების“ სახელით ცნობილ საქმესთან დაკავშირებით.

ალანიას უარყოფითი პასუხი სასიამოვნოდ მოსასმენი არ უნდა ყოფილიყო, თუკი გავითვალისწინებთ სესიაშვილის განმარტებებს, რომ ის იცნობს ე.წ. „მუხროვანის ამბოხების“ საქმეს და ეს იყო „პოლიტიკურად მოტივირებული საქმე“, „უმძიმესი პოლიტიკური ანგარიშსწორება“ წინა ხელისუფლების მხრიდან.

„მუხროვანის საქმეზე“ თამარ ალანიასთან მიმართებით ძალიან მწვავე შეფასებები გააკეთა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, გენერალმა კობა კობალაძემ, რომელიც ასევე გასამართლებული იყო ამავე საქმეზე (არა ალანიას მიერ). კობალაძემ პრაქტიკულად გამოხატა თავისი პოზიცია, რომ ალანიას არ ეკუთვნის უვადოდ მუშაობა უზენაეს სასამართლოში.

წარსულში დაბრუნება რომ შეეძლოს, თამარ ალანია არც „მუხროვანის“ საქმის განაჩენს გადახედავდა და არც 14 წლის მოზარდისთვის, გვანცა ყუფარაძისთვის 2006 წელს შეფარდებულ 10-წლიან სასჯელს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ ამ ორივე შემთხვევაში, კანონზე დაფუძნებული სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო კანონებს - დეპუტატები ამტკიცებენ.

23 სექტემბერს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფიო კილაძემ თამარ ალანიას უთხრა, რომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე საზოგადოებას არაერთი შეკითხვა აქვს. კილაძეს აინტერესებდა, ხომ არ ფიქრობს ალანია, რომ 14 წლის ბავშვის მიმართ ასეთი მკაცრი სასჯელი არათანაზომიერი იყო?

იყო თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი 2012 წლამდე? ამ შინაარსის შეკითხვა თამარ ალანიას „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ დაუსვა. პასუხად კი მოისმინა:

  • „ცხადია, იყო დამოუკიდებელი“;
  • „უბრალოდ, საუბარი შეიძლება გვქონდეს ხარისხზე, იმ ანგარიშებიდან გამომდინარე, რომლებიც არსებობს“.

თვლის თუ არა თამარ ალანია საჭიროდ ბოდიშის მოხდას საზოგადოების წინაშე 2004-2012 წლების „რეპრესიული პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის“ ფაქტებზე სასამართლოს მხრიდან უსამართლო რეაგირების გამო? ეს შეკითხვაც ეკა ბესელიას ეკუთვნის.

„მე ნამდვილად არ მაქვს ბოდიში მოსახდელი“, - იყო თამარ ალანიას მოკლე პასუხი, რაც შემდეგ მან უფრო განავრცო.

„თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ჩემი განაჩენი ვინმეს მიმართ უმართებულო იყო, მე ასევე შეგახსენებთ, რომ არსებობენ ამ საქმის დაზარალებულებიც და არ მინდა ეს ჩრდილქვეშ დადგეს და ასევე, ყოველ დღე, როდესაც მე გავდივარ სხდომაზე და შემოდის ჩემთან მხარე, მე მათგან ვგრძნობ ნდობას და პატივისცემას“.

თამარ ალანიას ასევე ძალიან მწვავედ დაუპირისპირდნენ დამოუკიდებელი დეპუტატები ლევან გოგიჩაიშვილი და ლევან კობერიძე.

„ქართული ოცნების“ ყველაზე მთავარი დაპირება იყო, რომ „კლანისგან“ და რეჟიმისგან უნდა გაწმენდილიყო სასამართლო სისტემა. თუმცა, შემდეგ მოხდა აზრის ტრანსფორმაცია „ქართულ ოცნებაში“ და შემოვიდა ასეთი ცნება - ისინი ცუდები კი იყვნენ, მაგრამ ისინი ახლა გახდებიან კარგები და კითხვა მაქვს თქვენთან - თქვენც ერთ-ერთი ცუდი იყავით და ახლა კარგი ხდებით?! ანუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?!“- ჰკითხა დეპუტატმა კობერიძემ თამარ ალანიას.

დამატებითი კითხვების შემდეგ, თამარ ალანიამ საბოლოოდ განაცხადა, რომ - „ცუდმა ადამიანმა შეიძლება კარგი საქმით დაამტკიცოს კარგი ადამიანობა“.

10-კაციანი სიიდან 20-კაციანამდე

4 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭი უყარეს 48 კანდიდატს. კენჭისყრა ორეტაპიანი და ფარული იყო. პირველი ეტაპის შედეგად შეირჩა 20 კანდიდატი და იგივე ოცეული მოხვდა საბოლოო სიაშიც. ამავე სიაშია გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე.

სიაში შევიდნენ:

  • ალანია თამარ (11 ხმა);
  • გაბინაშვილი მერაბ (11 ხმა);
  • გეწაძე შოთა (11 ხმა);
  • ერემაძე მირანდა ( 10 ხმა);
  • ვასაძე მამუკა (10 ხმა);
  • ვაჩაძე მაია (11 ხმა);
  • ზამბახიძე თამარ (11 ხმა);
  • თადუმაძე შალვა (10 ხმა);
  • თავაძე ზაზა (10 ხმა);
  • კაკაბაძე ვლადიმერ (10 ხმა);
  • მიქაბერიძე ლევან (10 ხმა);
  • მიქაუტაძე გიორგი (11 ხმა);
  • სილაგაძე პაატა (10 ხმა);
  • სხირტლაძე ნუგზარ (11 ხმა);
  • ფაფიაშვილი ლალი (11 ხმა);
  • ქადაგიძე ნინო (11 ხმა);
  • ქოჩიაშვილი ლაშა (10 ხმა);
  • ცინცაძე ქეთევან (10 ხმა);
  • წულაძე ალექსანდრე (10 ხმა);
  • ჯეირანაშვილი გოჩა (10 ხმა).

ყველა მათგანს პარლამენტში ცალ-ცალკე მოუსმენენ.

ეს ახალი სია შედგა მას შემდეგ, რაც 10-კაციანმა სიამ გზა ვერ გაიკვლია პარლამენტში. სწორედ ამ 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა პირველი მწვავე განხეთქილება „ქართულ ოცნებაში“, 2018 წლის დეკემბერში.

მაშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის აწ უკვე ყოფილი წარმომადგენელი - ეკა ბესელია. მის გარდა, მოსამართლეთა მიუღებელი სიისა და თანმდევი პროცესების გამო, უმრავლესობას სხვადასხვა დროს გაემიჯნა კიდევ არაერთი დეპუტატი, მათ შორის: გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე.

იმ ხანად არაერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საბოლოო შედეგი განსაზღვრავდა „ქართულ ოცნების“ უმრავლესობაში დარჩენა-არდარჩენის საკითხს. მათ შორის იყო დეპუტატი ბიძინა გეგიძეც, თუმცა ის უკვე აღარ დგას ასეთი არჩევნის წინაშე, რადგანაც რამდენიმე დღის წინ თავად უმრავლესობამ გარიცხა თავისი რიგებიდან.

სასამართლო სისტემაში „ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის" ზეგავლენებზე ლაპარაკობდნენ არასამთავრობო სექტორი და ხელისუფლების ოპონენტები. პროცესების კლანის ინტერესების შესაბამისად განვითარებას მუდმივად უსვამდა ხაზს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი: ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე.

სადავო10-კაციან სიასთან დაკავშირებული ხმაურიანი პროცესების შემდეგ, დაიწყო მუშაობა მოსამართლეთა შერჩევის ახალ წესებზე.

2019 წლის 1 მაისს (87 ხმით 33-ის წინააღმდეგ) პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ("საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში).

ეს იყო ასევე ხმაურიანი პროცესი ოპონენტთა უმთავრესი პრეტენზიით, რომ - უმრავლესობამ არ გაიზიარა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი.

შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ გარდა, ამ პროცესმა ძალიან უკმაყოფილო დატოვა ყველა - პოლიტიკოსები თუ არასამთავრობო სექტორი. მკვეთრად უკმაყოფილო იყო სახალხო დამცველიც, რომელიც დეპუტატებს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდებდა.

ასევე ხმაურიანი იყო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ხანგრძლივი პროცესი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 15 აგვისტოს დასრულდა. არაერთ უხეშ დარღვევაზე ლაპარაკობდნენ საბჭოს არამოსამართლე წევრები - ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, რის გამოც მათ მოსამართლე წევრების მხრიდან ხშირად შეურაცხყოფის ატანაც უწევდათ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG