უვადო მოსამართლედ გამწესებული ლევან მურუსიძე თავს სასამართლოს ლიდერად მიიჩნევს და ამაყობს კიდეც ამით. მისი ოპონენტები კი ამბობენ, რომ ლიდერობა სახიფათოა სასამართლო სისტემისთვის და ეს სწორედ იმ „კლანის“ არსებობის აღიარებაა, რომელსაც ხშირად სწორედ „ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანად“ მოიხსენიებენ. მიხეილ ჩინჩალაძე ჯერ ისევ მხოლოდ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა სიაშია. ამ სიის განხილვა პარლამენტმა 26 დეკემბერს შეაჩერა. როგორ გამოკვება ლევან მურუსიძის ლიდერობის ამბიცია ბიძინა ივანიშვილმა?
ვინ და რამ აქცია ლევან მურუსიძე ლიდერად?
ლევან მურუსიძეს სჯერა, რომ ის სასამართლოს ლიდერია და ამას მისი განსაკუთრებული ადამიანური უნარ-ჩვევები განაპირობებს. 27 დეკემბერს, როცა, უვადო მოსამართლედ გამწესების წინ, მას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უსმენდნენ, მურუსიძემ თავისი ლიდერობით არაერთხელ მოიწონა თავი. „სასამართლოში მე ვარ ლიდერი, რომელსაც მოსამართლეებთან აქვს ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში და ეს ურთიერთობა აგებულია ურთიერთპატივისცემაზე, მეგობრობაზე“, - ესეც მისი სიტყვებია.
რას ნიშნავს, იყო ლიდერი სასამართლო სისტემაში - ამ დრომდე გაუგებარია ნაზი ჯანეზაშვილისთვის, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრისთვის, რომელმაც კიდევ ორ კოლეგასთან ერთად მხარი არ დაუჭირა სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის უვადო გამწესებას. როგორც ჯანეზაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ლევან მურუსიძემ ხუთშაბათს გამართულ მოსმენაზე, თავისი ლიდერობის აფიშირებით "კლანის" არსებობაც დაადასტურა.
- „მისი საუბრიდან ჩანს, რომ არსებობს კონკრეტული კლანი. აბა ვისი ლიდერია?!“
- „ლიდერობა ამ შემთხვევაში არის არაფორმალურობა, რადგან სასამართლო სისტემაში კომპეტენცია და სამართლიანობაა მთავარი“.
- „სასამართლო სისტემა არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია ანდა არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც რაღაც კამპანიებს ატარებს და ლიდერები სჭირდება.“
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, „ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სასამართლო სისტემა იყო შეშინებული, მოსამართლეებს ეგონათ, რომ გაუშვებდნენ, ბევრი ფაქტობრივად „ჩემოდანზეც იჯდა“და ამ შიშის გამო, მოსამართლეების რაღაც ნაწილმა ერთად დგომა გადაწყვიტა. ამ პროცესში ისინი ძირითადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის გარშემო გაერთიანდნენ. ამასთან, მურუსიძის ლიდერობას ხელისუფლების მხარდაჭერაც კვებავდა.
ლევან მურუსიძე ჯერ კიდევ 2013 წელს მოექცა იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ყურადღების ცენტრში, გაიმართა საგანგებო შეხვედრაც და ივანიშვილმა მურუსიძეს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ჭეშმარიტი მზრუნველი უწოდა.
„ვერ ვმალავ ჩემს ემოციებს და ვრწმუნდები, რომ სასამართლოში არის ხალხი და აი, ვნახე კაცი, რომელიც ნამდვილად პასუხისმგებლობას იკისრებს იმისთვის, რომ სასამართლო იყოს სამართლიანი და ჰქონდეს ნდობა მოსახლეობისგან... ამას სჭირდება ახალგაზრდული ენერგია, სჭირდება ის შემართება, რაც მე აღმოვაჩინე...“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ლევან მურუსიძესთან შეხვედრის შემდეგ. ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიცია აქტიურად ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების უკონტროლო პროცესისა და იუსტიციის საბჭოს თავნებობის უკან დგას სწორედ ბიძინა ივანიშვილის გეგმა - მართოს სასამართლო სისტემა.
მურუსიძის აზრებს ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგაც უსმენდნენ „ქართულ ოცნებაში“, მის პოზიციას ითვალისწინებდნენ უმაღლესი პირები და ამას აკეთებდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.
მას შემდეგ, რაც ლევან მურუსიძეს საზოგადოებამ წარსულის გახმაურებულ საქმეებში შესრულებული უარყოფითი როლი შეახსენა, ბიძინა ივანიშვილმა აგორებული ტალღა „ნაციონალური მოძრაობის“ პიარად შეაფასა, ხოლო თავად მურუსიძეს სისტემის მსხვერპლი უწოდა.
გახმაურებული საქმეების ხმამაღალი ექო
2015 წლის 25 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით აირჩია, რასაც საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ამ დროს უკვე ყველამ იცოდა, რომ ლევან მურუსიძემ პატიმრობის ვადა შეუმცირა სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირებს.
გირგვლიანის საქმის გარდა, ლევან მურუსიძის წარსულიდან კიდევ ორი საქმე მოხვდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ხელში და სტრასბურგის სასამართლომ სამივე საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
- ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ.
- ლევან მურუსიძემ 40 დღის დაგვიანებით განიხილა ნაწამებ გიორგი მიქიაშვილისთვის ექსპერტიზის 24 საათში დანიშვნის მოთხოვნა. ექსპერტიზის ჩატარებამ აზრი დაკარგა და სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა კიდეც ეს თავის გადაწყვეტილებაში.
- ლევან მურუსიძის სათვალავზეა ასევე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარისთვის, სულხან მოლაშვილისთვის. თავად მოლაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ აცხადებდა, რომ საპატიმროში მის წამებაში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.
თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში და შინაგან რწმენაზე დაყრდნობით სასამართლოს იმ დროსსხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.
„კლანი“ და იუსტიციის საბჭოს „კუნთები“
მურუსიძის საკითხის სწრაფი გატანით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს სამაგიერო გადაუხადა და კუნთები აჩვენა - ასე ფიქრობენ საბჭოს არამოსამართლე წევრები. ეს იყო საგანგებო სვლა იმის საპასუხოდ, რომ პარლამენტში შეჩერდა საბჭოს მიერ წარდგენილი სიის დამტკიცების პროცესი. შეჩერება იმდენად ხმაურიანი აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნებაც“ შეარყია და მმართველი გუნდის წევრები ერთმანეთისთვის რაღაცეების წამოძახების საფრთხის წინაშე დააყენა.
სასამართლო სისტემაში მოქმედ გავლენიან ჯგუფს, რომელსაც ხშირად „კლანად“ მოიხსენიებენ, ლევან მურუსიძის გარდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის სახელიც უკავშირდება. სამოქალაქო საზოგადოება ამ ჯგუფს ხშირად „მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანსაც“ უწოდებს და სწორედ ამ ჯგუფს დაუკავშირდა ნინო გვენეტაძის მოულოდნელი წასვლა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით:
- "კლანის" მოქმედების შედეგად, სასამართლო სისტემა მთლიანად ჩაიკეტა და იუსტიციის საბჭო ვერავის დანიშნავს მოსამართლედ, თუკი "კლანის" თანხმობა არ იქნება.
- ჩაკეტილ სისტემაში საკმაოდ დიდია კორუფციის საფრთხე.
- "კლანს" ლობისტები ჰყავს მმართველ გუნდში და ამ მხრივ გამორჩეულ როლს თამაშობდა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის აწ უკვე ყოფილი პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი.
ლევან მურუსიძისგან განსხვავებით, ამ ეტაპზე კმაყოფილების საბაბი არა აქვს მიხეილ ჩინჩალაძეს, რომელიც ჯერ ისევ მხოლოდ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა სიაშია. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი სადავო სიის გაწვევასაც მოითხოვს. 28 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეხვდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს. კობახიძემ თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს ფორმირების პროცესი საჩქაროა, თუმცა „ვიდრე განახლდება პროცესი, საჭიროა პროცედურის და კრიტერიუმების გაწერა“ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განახლებული სიაც სწორედ ამის შემდეგ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში.