პროტესტი არ ცხრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევას სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი სასამართლო სისტემის მანკიერებათა თვალსაჩინო გამოვლინებად მიიჩნევს და ეჭვქვეშ აყენებს დამოუკიდებელი სასამართლოს მომავალს. პროცესით გაწბილებულია სახალხო დამცველი და ის მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების უნდობლობის გაძლიერების საფრთხეს ხედავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის წინააღმდეგ ირაზმებიან ადვოკატთა ასოციაცია და პოლიტიკური პარტიები. არსებობს თუ არა გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან?
სახალხო დამცველი უკმაყოფილოა იმით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აბსოლუტურად არ გაითვალისწინა ცალკეული მოსამართლეების საქმიანობის შესახებ ბოლო ათი წლის განმავლობაში შეგროვილი ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობა ომბუდსმენის საპარლამენტო ანგარიშებსა თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პერიოდულად წარდგენილ რეკომენდაციებს დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ.
ამასთან, უჩა ნანუაშვილისთვის შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არც სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი გაუთვალისწინებია და უყურადღებოდ დარჩა უმნიშვნელოვანესი შენიშვნები, რომლებიც შეეხებოდა, მაგალითად: „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების ბიოგრაფიების არგამოქვეყნებას, კონკურსის პროცესში ინტერესთა კონფლიქტის საკითხზე არასათანადო რეაგირებას, გასაუბრების პროცესში კანდიდატების არათანაბარ პირობებში ჩაყენებას, საბჭოს ცალკეული წევრების სხდომებზე გამოუცხადებლობის შემთხვევებს და ა.შ.“
როგორც 26 დეკემბერს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა, მიღებული არასასურველი შედეგი დიდწილად რეფორმების დაგვიანებით არის განპირობებული და გამოსავალსაც სწორედ შესაბამისი რეფორმების სწრაფი ტემპით განხორციელება წარმოადგენს:
„სამწუხაროდ, აქამდეც იყო შესაძლებელი ცალკეული რეფორმების გატარება იმ მხრივ, რომ კიდევ უფრო უკეთესად გაწერილიყო პროცედურები. თუკი იქნებოდა შესაბამისი საკანონმდებლო ნორმები და ინიციატივები აქამდე მიღებული, ვფიქრობ, ასეთი ხვრელები არ იქნებოდა კანონმდებლობაში და არ მოხდებოდა ის, რაც დღეს მივიღეთ სახეზე... თუკი ეს პროცესი არ დაჩქარდა, არ გატარდა რეფორმები და არ მოხდა, მაგალითად, იგივე ელექტრონული სამართლის წარმოების შემოღება, როდესაც მოსამართლეებს, სასამართლოს თავმჯდომარეებს აღარ ექნებათ საშუალება საკუთარი ნებით გადაწყვიტონ, თუ რომელი მოსამართლე რომელ საქმეზე იქნება მიმაგრებული, ცხადია, ასეთი რეფორმების განუხორციელებლობა ჩვენ შეგვიყვანს სერიოზულ ჩიხში“.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14 წევრიდან ლევან მურუსიძემ 10-ის მხარდაჭერა მოიპოვა, ის 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ და ამ ვადის გასვლის შემდეგ მას აქვს შანსი, რომ უკვე უვადოდ გააგრძელოს საქმიანობა. იმის გამო, რომ მისი სახელი, წარსულის გახმაურებულ საქმეებთან და, მათ შორის, სანდრო გირგვლიანისა თუ სულხან მოლაშვილის საქმეებთან დაკავშირებით გამოტანილ არასამართლიან გადაწყვეტილებებს უკავშირდება, წინასწარვე ნათელი იყო, რომ ლევან მურუსიძის დანიშვნა საზოგადოების პროტესტს გამოიწვევდა. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შიშობს, რომ მსგავსი ფაქტებით კიდევ უფრო სუსტდება ხალხის ისედაც სუსტი ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მისამართით.
„მე ძალიან გამიჭირდება დავინახო დამოუკიდებელი სასამართლოს მომავალი, თუკი პროცესები ასეთივე კალაპოტში გაგრძელდება“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ სასურველი შედეგების მისაღებად სასამართლო სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების შევსება მხოლოდ თვითონ სისტემის შეცვლისა და გაჯანსაღების შემდეგ უნდა მოხდეს. სწორედ სისტემის არასათანადო მომზადებისა და ბევრი ხარვეზის გამოვლენის გამო მოითხოვა მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის მიმდინარე პროცესის შეჩერება კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომლის წევრებს შორის არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. კოალიციის პოზიცია 24 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ჩამოყალიბებული.
ეს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებას არ განახორციელებს, იმიტომ რომ ამ პარლამენტის მიერ არჩეულმა სამმა წევრმა იუსტიციის საბჭოში – გოცირიძემ, სოფრომაძემ და თორდიამ – ხმა მისცეს მურუსიძის კანდიდატურას...ზაზა ხატიაშვილი
როგორც ანა ნაცვლიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ლევან მურუსიძის საქმე სისტემის მანკიერებათა მხოლოდ ერთ-ერთი გამოვლინებაა:
„არასოდეს გვითქვამს, რომ მურუსიძით იწყება და მთავრდება პრობლემა. მურუსიძის საქმე, უბრალოდ, მოხვდა ჩვენი და საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რადგანაც ეს საქმე ძალიან კარგად აჩვენებს იმ სისტემურ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას სასამართლო კორპუსი და მთლიანად ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო. სამწუხაროდ, არის მცდელობები, რომ ძალიან არასწორი მიმართულებით წავიდეს საზოგადოებაშიც დისკუსია, თუმცა საზოგადოებრივი აზრის ბრძოლა ამ ადამიანებს წაგებული აქვთ... ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ასე პროცესები ვეღარ გაგრძელდება, თორემ ეს ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს არა მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის – ეს ძალიან ცუდად დაუბრუნდება მოსამართლეთა კორპუსს“.
25 დეკემბერს გამოქვეყნდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების – ევა გოცირიძის, ვახტანგ თორდიასა და კახა სოფრომაძის - განმარტებითი განცხადება იმის შესახებ, თუ რატომ დაუჭირეს მხარი მათ ლევან მურუსიძის კანდიდატურას. „ეს იყო ძალზე მძიმე და კომპრომისული გადაწყვეტილება, მიღებული დიდი ფიქრის, განსჯისა და ყოყმანის შემდეგ. შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ბატონ მურუსიძეს არასახარბიელო რეპუტაცია გააჩნია საზოგადოებაში და არც იმის განჭვრეტა იყო რთული, რომ მის ხელახალ გამწესებას მოჰყვებოდა მკვეთრად უარყოფითი შეფასებანი ჩვენს საზოგადოებაში. თუ მხოლოდ სასამართლოსადმი ხალხის ნდობის თვალსაზრისით ვიხელმძღვანელებდით, მისი დანიშვნა, მართლაც, არ იქნებოდა გამართლებული. მაგრამ შექმნილ ვითარებაში ჩვენ ვალდებულნი ვიყავით გაგვეთვალისწინებინა სხვა უამრავი ფაქტორი და გარემოება“, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, მურუსიძის კანდიდატურის არდანიშვნა სერიოზულ უკმაყოფილებასა და ქაოსს გამოიწვევდა მოსამართლეთა კორპუსში, რადგანაც ეს „აღქმული იქნებოდა, როგორც ძველი მოსამართლეებისადმი საერთო უნდობლობის გამოცხადება და სასამართლო სისტემიდან მათი თანდათანობითი განდევნის მაუწყებელი ნაბიჯი“ და, ამასთან, შესაძლებელია, კენჭისყრა „ნულოვანი შედეგით“ დასრულებულიყო.
აქვეა განცხადების ავტორთა კიდევ ერთი მიდგომა, რომელიც ლევან მურუსიძის წარსულ ქმედებათა ერთგვარ გამართლებას ისახავს მიზნად:
„არც ის იქნებოდა სამართლიანი, რომ საბჭომ და, საერთოდ, საზოგადოებამ, წარსულის, თუნდაც, სერიოზული შეცდომების გამო, მთელი პასუხისმგებლობა ინდივიდებს დააკისროს, მაშინ როდესაც მათ მთლიანად არაჯანსაღ ვითარებაში, პროკურატურის სრული დომინაციის, ხელისუფლების ზეწოლისა და ისეთი კანონმდებლობის პირობებში უხდებოდათ საქმიანობა, რომელიც მოსამართლეებს არა მარტო ფაქტობრივად, არამედ სამართლებრივადაც უუფლებო მდგომარეობაში ამყოფებდა, ხოლო ყოველგვარი კრიტიკული აზრის გამოთქმა სამსახურის დატოვებითა და ზოგჯერ კიდევ უფრო მძიმე შედეგებით სრულდებოდა“.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების პოზიცია და განმარტებები მიუღებელი და „სამარცხვინოა“ ანა ნაცვლიშვილისთვის. „მათ საჯაროდ თქვეს ის, რაც ჩვენ აქამდეც ვიცოდით, რომ ისინი სერიოზული ზეწოლის და, ფაქტიურად, ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ და რომ ეს მოდიოდა სასამართლო სისტემიდან... აშკარაა, რომ სასამართლო სისტემა ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს ყველას, ვინც ცდილობს მის გაუმჯობესებას “, – აღნიშნავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ჩვენთან საუბრისას.
ლევან მურუსიძის დანიშვნის ფაქტით აღშფოთებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, რომლის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი 26 დეკემბერს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა და გაუზიარა ხელმოწერების შეგროვების იდეა რეფერენდუმის ჩასატარებლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის დათხოვნის მიზნით. შეხვედრაზე გამოითქვა საკანონმდებლო ცვლილების ინიცირების იდეაც.
„ჩემი იდეაა რეფერენდუმი... პარტიები ბრძანებენ, საკანონმდებლო ცვლილებაო... მაგრამ ეს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებას არ განახორციელებს, იმიტომ რომ ამ პარლამენტის მიერ არჩეულმა სამმა წევრმა იუსტიციის საბჭოში – გოცირიძემ, სოფრომაძემ და თორდიამ – ხმა მისცეს მურუსიძის კანდიდატურას... უნდა იყოს კარგად დაგეგმილი კამპანია, უნდა ჩატარდეს აქციები როგორც თბილისში, ასევე თბილისის გარეთ...“ – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა 26 დეკემბერს, ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც არაერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ესწრებოდა და მათ შორის იყვნენ: „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი თუ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე. შეხვედრის მონაწილეები სამუშაო ჯგუფების შექმნაზე შეთანხმდნენ.