Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მგონია, რომ იმ 20 კაციდან არც ერთს აქვს უნარი, რომ ხმა ამოიღოს პოლიტიკური დაკვეთის წინააღმდეგ"


კახა წიქარიშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" თავმჯდომარე
კახა წიქარიშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" თავმჯდომარე

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მოუწოდებს სასამართლო ხელისუფლებას გაასაჯაროოს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების გადაწყვეტილებები. განცხადებაში ვკითხულობთ:

„იმ ფონზე, როდესაც მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის "უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და ღია პროცედურები" დააანონსა და ასევე გაკეთდა განცხადებები, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანდიდატებს "მიკროსკოპით დააკვირდება", კანდიდატების პროფესიული გამოცდილების შესწავლის გარეშე მთელი ეს პროცედურები მოკლებულია რეალურ შინაარსს. მოსამართლის კომპეტენტურობასა და კეთილსინდისირებაზე ყველაზე უკეთ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მეტყველებს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ სასამართლო ხელისუფლებას უმოკლეს ვადაში გაასაჯაროოს და პარლამენტისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მოსამართლე კანდიდატების მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები”.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე კახა წიქარიშვილი კეთილსინდისიერ მოსამართლეს ასე აღწერს:

„თუ მოსამართლე არის კეთილსინდისიერი, მას აკონტროლებს ორი ელემენტი - სინდისი და კანონი. თუ სინდისი არ აქვს მოსამართლეს, მისი კონტროლი ხდება გარე ჩარევით - მან უნდა მიიღოს სიგნალი - კორუფციული სიგნალი, პოლიტიკური სიგნალი, კლანური სიგნალი და ა.შ.“.

კახა წიქარიშვილი თვლის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი „მთელი სია არის ჩასაგდები, რადგან ეს არის კლანური პრინციპით შედგენილი სია“:

„მაქვს ვარაუდი, რომ იმ 20 კაციდან ყველა არის გარკვეულ გარიგებაში ამ კლანთან. ზოგი მეტად არის დავალებული კლანისგან, ზოგი ნაკლებად. ზოგი პირდაპირ არის მოლაპარაკებული, ზოგი შეიძლება ირიბად“.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის საპარლამენტო ეტაპზე სამუშაო ჯგუფში ჩართვაზე უარი უთხრეს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომლის წევრებიც აქტიურად აკვირდებიან მიმდინარე პროცესს და გასული კვირის ბოლოს პირველადი შეფასებაც გამოაქვეყნეს. შეფასება გამოაქვეყნა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმაც (ODIHR). კახა წიქარიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ოპოზიციის ძირითად პრეტენზიას განმარტავს:

„როგორც არასამთავრობო სექტორს, ასევე ოპოზიციას აქვს ერთი დიდი პრეტენზია ამ სიასთან, რომ ის მნიშვნელოვნად წარმოადგენს კლანის ინტერესებს, რომელიც სასამართლო კორპუსში არსებობს. მართალია, მმართველი გუნდი ამას არ აღიარებს და არც სასამართლო კორპუსი აღიარებს, მაგრამ სასამართლოს გარეთ - არასამთავრობო სექტორში, პოლიტიკურ ოპოზიციაში კლანზე საუბარი საკმაოდ დიდი ხანია დაიწყო და მთელი რიგი ფაქტები ადასტურებს სასამართლოში კლანის არსებობას, მაგრამ მე ერთი ფაქტი მინდა გაგახსენოთ: 2012 წლის 24 დეკემბერს თეა წულუკიანმა ინტერვიუ მისცა „ასავალ-დასავალს“ და თქვა ასეთი რამ: „სასამართლო კუბლაშვილის ხელში ვეღარ იქნება, ანუ მოსამართლეები გათავისუფლებული იქნებიან ცერცვაძეების, ჩინჩალაძეების, მეიშვილების და კუბლაშვილების წნეხისგან“. თეა წულუკიანმა ჩამოთვალა ოთხი გვარი, ოთხი გავლენიანი პირი, რომელიც ახორციელებდა წნეხს მოსამართლეებზე. ახალი მოსულია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და თეა წულუკიანი აკეთებს განცხადებას, რომ ეს ხალხი ახორციელებდა წნეხს მოსამართლეებზე.

შეკითხვა - სად წავიდა ეს ხალხი? კუბლაშვილი სასამართლოში აღარ არის, მეიშვილი აღარ არის, ცერცვაძე აღარ არის. სამი გვარი ჩამოცილდა სასამართლოს, მაგრამ სად არის ჩინჩალაძე? ის არის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და კლანის არაოფიციალური ლიდერი, რომელსაც ამდენი არასამთავრობო და ოპოზიცია ყოველდღე ახსენებს.

ანუ, მოხდა რა? რეალურად კლანისგან კი არ გათავისუფლდა სასამართლო, როგორც თეა წულუკიანი აცხადებდა, უბრალოდ ერთი კლანი ჩამოცილდა, მეორე და დარჩა ჩინჩალაძის კლანი, რომელმაც შეისრუტა ყველა დანარჩენი კლანი და არის დომინანტი კლანი სასამართლოში. მანამდე თუ ორი ძირითადი კლანი იყო - ცერცვაძეს თავისი ჯგუფი ჰყავდა და ჩინჩალაძეს თავისი ჯგუფი (რაც შეეხება კუბლაშვილს და მეიშვილს, მათ შედარებით მცირე ზეგავლენები ჰქონდათ, თუმცა ისინიც ადეიშვილთან იყვნენ დაკავშირებული, მაგრამ მათი კლანური ზეგავლენა სასამართლოზე შედარებით ნაკლები იყო).

ორი მსხვილი კლანი იყო - ცერცვაძის და ჩინჩალაძის. რატომ იყო ორი? იმიტომ, რომ ერთმანეთს აკონტროლებდა. ადეიშვილი იღებდა ალტერნატიულ ინფორმაციას და ერთმანეთს აკონტროლებინებდა ამ ხალხს. 2012 წლის შემდეგ უარესი მოხდა ფაქტობრივად - „ქართულმა ოცნებამ“ ეს ალტერნატიული კლანებიც კი დაკარგა შიგნით. ერთ დიდ კლანში გაერთიანდა ყველა მოსამართლე და ახლა გვაქვს ჩინჩალაძის კლანი“.

კახა წიქარიშვილი მიმდინარე პროცესს ადარებს შენობის ნაჩქარევად, უხარისხოდ გადახურვას:

“ჯობია, მოხდეს ძირეული, სიღრმისეული გააზრება სასამართლოში არსებული პრობლემური ვითარების, მოხდეს ძირეული რეფორმა და მერე დაინიშნონ უზენაესი სასამართლოს წევრები, არა - ამ კლანის მიერ, არამედ რეფორმირებული იუსტიციის საბჭოს მიერ იქნას წარდგენილი, ვიდრე დღეს გადავხუროთ ეს შენობა უხარისხო სახურავით - დღეს რომ წყალი არ ჩამოგვივიდეს, დღეს დავაფაროთ ამ შენობაზე ხუთლარიანი შიფერი, რომელიც დღეს დაგვიცავს წყლისგან და ხვალ რა მოგვივა, რას დავეძებთ.

თუ ეს იყო ხელისუფლების სტრატეგია, კი ბატონო, გადავხუროთ სასამართლო ამ უხარისხო მასალით და 2024-25 წლებში რომ დაგვენგრევა ეს სასამართლო თავზე, რომ ვერ გაუძლებს ვერც პოლიტიკურ რყევებს, ვერც კონფლიქტებს მოაგვარებს, ვერც გარანტის ფუნქციას შეასრულებს, მერე რა! მთავარია, დღეს გადავხუროთ უზენაესი სასამართლო!“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG