ეული სატვირთო მანქანა მიუყვება ფართო მოასფალტებულ გზას არალიქში, მიუსაფარ სოფელში, რომელიც აზერბაიჯანის კუთვნილი ტერიტორიის, ნახიჩევანის, ჩრდილოეთში მდებარეობს. ექსკლავი ათწლეულების განმავლობაში მოწყვეტილია არა მხოლოდ დანარჩენ აზერბაიჯანს, არამედ გარე სამყაროს.
არალიქი ვასიფ თალიბოვის მშობლიური ქალაქია. თალიბოვი 1995 წელს ჰეიდარ ალიევმა, პოსტსაბჭოთა აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტმა და ამჟამინდელი ავტორიტარული მმართველის მამამ რეგიონის მმართველად დანიშნა. უფლებადამცველი ჯგუფების თანახმად, თალიბოვმა, რომელიც ასევე ნახიჩევანში დაბადებული უფროსი ალიევის ნათესავია, ჩანს, აჯობა ორივეს უფრო რეპრესიული რეჟიმის შექმნაში.
უკვე წლებია დასავლურ მედიას და უფლებადამცველ ჯგუფებს ნახიჩევანში არ შეესვლებათ. მაგრამ, დრო იცვლება - რამდენიმე კვირის წინ თალიბოვი გადადგა. ამ გაურკვევლობისა და ცვლილებების ფონზე, რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს საშუალება მიეცა, ექსკლავიდან გიამბოთ, რა ხდება იქ. ზოგიერთი ნახიჩევანელი თავისუფლად საუბრობს ცხოვრებაზე ქვეყანაში, რომელსაც აზერბაიჯანის „ჩრდილოეთი კორეა“ შეარქვეს.
თავისი მმართველობის 27 წლის განმავლობაში, თალიბოვმა შექმნა, როგორც იქ ხალხი ამბობს, საკუთარი სამფლობელო, ნახიჩევანის მამული, რომელიც დანარჩენ აზერბაიჯანს გამოყოფილია სომხეთის ვრცელი ტერიტორიით.
არალიქი, ნახიჩევანი, აზერბაიჯანი
ნახიჩევანი, რომლის ამავე სახელწოდების დედაქალაქში დაახლოებით 94 500 ადამიანი ცხოვრობს, ესაზღვრება არა მხოლოდ სომხეთს, არამედ ასევე თურქეთს და ირანს. საბჭოთა პერიოდში ნახიჩევანი იყო ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში.
თალიბოვის პოლიტიკური წარმატება განმტკიცებული იყო მისი ქორწინებით სევილ სულთანოვასთან, რომლის დედის ბიძა სხვა არავინ იყო, თუ არა აზერბაიჯანის დიდი ხნის მმართველი ჰეიდარ ალიევი.
1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჰეიდარ ალიევმა მოსკოვი დატოვა და ჩავიდა მშობლიურ ნახიჩევანში, სადაც დროებით ცხოვრობდა თალიბოვთან, რომელიც პროვინციას მართავდა 1995 წლიდან 2022 წლამდე.
შარშან, 21 დეკემბერს, 62 წლის თალიბოვმა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ ტოვებს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის (ასე ჰქვია რეგიონს ოფიციალურად) ხელმძღვანელის თანამდებობას ჯანმრთელობის დაუზუსტებელი მიზეზების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ გადადგომა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ეს მოხდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მხრიდან ნახიჩევანზე გარკვეული კონტროლის კვლავ დაწესების მცდელობის ფონზე. ილჰამმა 2003 წელს შეცვალა მამამისი ჰეიდარი და დღემდე მიიჩნევა ავტორიტარ მმართველად.
„ხანი“
თალიბოვი, რომელსაც ბევრი "ხანად" მოიხსენიებდა, ავიწროებდა ოპონენტებს, ერჩოდა ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს და ზოგიერთი მათგანი შეშლილად შერაცხა.
საჯარო მოხელეებს აიძულებდნენ შაბათობით მუშაობას - იმართებოდა საბჭოთა ეპოქის საძულველი გადმონაშთი „ლენინური შაბათობები“. ხალხს ქუჩებს ასუფთავებინებდნენ ან მოსავლის ასაღებად აგზავნიდნენ. თალიბოვის დროს შემოიღეს ახალი კანონები: მაგალითად, აიკრძალა საცხოვრებელი სახლების აივნებზე სარეცხის გამოკიდება.
თალიბოვმა და მისმა ორმა ვაჟმა, რზამ და სეიმურმა, ადგილობრივი ბიზნესის მონოპოლიზება მოახდინეს. როგორც ამბობენ, კონკურენტებს აიძულებდნენ, დაეხურათ მაღაზიები, უარი ეთქვათ ბიზნესგეგმებზე. იმასაც იტყობინებიან, რომ სამივემ უზარმაზარი ქონება დააგროვა - უცხოურ ბანკებში ათეთრებდნენ ნახიჩევანში მოპოვებულ ფულს. ოფიციალურად კი, ცხადია, მათ მწირი სახელმწიფო ხელფასები ჰქონდათ.
2022 წლის თებერვლის მონაცემებით, თალიბოვის ვაჟებს საბანკო ანგარიშები აქვთ რამდენიმე უცხოურ ბანკში, მათ შორის Credit Suisse-სა და Barclays-ში. „ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის“ (OCCRP) თანახმად, ძმების საბანკო ანგარიშებზე ათობით საბანკო გადარიცხვა აღინუსხება. მათ შორის არის 20 მილიონ დოლარზე მეტის გადარიცხვა ფიქციური კომპანიების მიერ, რომლებიც იყვნენ ე.წ. Azerbaijani and Troika Laundromats-ის, ფულის გათეთრების ორი დიდი სქემის ნაწილი, რომელთაც ადრე მიაგნო OCCRP-მა. წლების განმავლობაში ძმებმა 63 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება შეიძინეს დუბაისა და საქართველოში.
მათი საბანკო ანაბრები იზრდებოდა, ნახიჩევანში ადამიანების უმეტესობას კი უჭირდა. სამუშაო ადგილების სიმცირის და რეპრესიების პირობებში ცხოვრებას მათ მეზობელ თურქეთში ცხოვრება ერჩივნათ.
თალიბოვმა გადადგომის შესახებ მოულოდნელი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბაქომ ნახიჩევანზე კონტროლის აღდგენა გადაწყვიტა, მიუხედავად ალიევის ნათესაური კავშირებისა.
ახლა თალიბოვის მოვალეობას, ყოველ შემთხვევაში დროებით, ასრულებს აზერ ზეინალოვი, ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რომელიც „ხანის“ მმართველობის დროს მხოლოდ ბეჭდის დამრტყმელის ფუნქციას ასრულებდა.
2022 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონში მებაჟეები დააკავა. რამდენიმე დღის შემდეგ პრეზიდენტმა ალიევმა გასცა ბრძანება ადგილობრივი საბაჟო კომიტეტის დაშლისა და მისი უფლებამოსილების აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტისთვის გადაცემის შესახებ. იმავე თვის დასაწყისში ბაქომ ნახიჩევანის უშიშროების სამსახურების გაკონტროლებაც დაიწყო.
„შიში და სიძულვილი“
ზოგიერთი არალიქელი - ყოველ შემთხვევაში საჯაროდ - თალიბოვს აქებს კანონისა და წესრიგის დაცვის გამო, მაგრამ სხვები ღიად აკრიტიკებენ მის ხშირად რეჟიმს, რომელიც ხშირდად სასტიკი არის.
არალიქის ფართო ბულვარებს აკრავს მოწესრიგებული სახლები და მაღაზიები. სოფელში მხოლოდ 1000 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მას აქვს დიდი საავადმყოფო, დაინახავთ სხვა შთამბეჭდავი შენობებს, მათ შორის, როგორც ჩანს, ახლად აშენებული სკოლაცაა. თალიბოვი, თავისი „ბატონობის“ დროს, ზრუნავდა მშობლიურ არალიქზე, სახსრებს არ იშურებდა მის მოსავლელად.
2022 წლის გაზაფხულზე, ჰყვება სოფლის მცხოვრები საფი აბასოვი, მანამდე ცოტა ხნით ადრე გარდაცვლილი მამის ხსოვნისადმი მიძღვნილი სუფრა უნდა გაეშალა და თურქეთში 90 კილოგრამი კარტოფილი და ხახვი იყიდა. როდესაც ის ბოსტნეულით ნახიჩევანში ბრუნდებოდა, მებაჟეებმა გააჩერეს.
"გავაპროტესტე და ვუთხარი, რომ მხოლოდ კარტოფილი და ხახვი მომქონდა“ - ამბობს საფი რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურთან საუბარში. მაგრამ, მისი თქმით, მებაჟეებმა განუმარტეს, რომ არ შეიძლებოდა.
"[ადგილობრივ მთავრობას] თვითონ შემოაქვთ [საკვები პროდუქტები] სატვირთო მანქანებით. მე მხოლოდ 90 კილოგრამი მქონდა", ამბობს აბასოვი და ამატებს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ კიდევ უფრო მეტ გასაჭირში ჩავარდა.
ის დააკავეს და ცხრა დღე ჰყავდათ საპატიმროში, სადაც, როგორც თავად აღწერს, აწამებდნენ და არ აჭმევდნენ. ბოლოს ის გაათავისუფლეს მას მერე, რაც მოსამართლეს ქრთამის სახით 3000 მანათი (1764 დოლარი) გადაუხადა.
ნახიჩევანში სამართალდამცავების მიერ ცემის და ძალადობის მსგავსი შემთხვევები იშვიათი არაა, ყველაზე ხშირ სამიზნეს ჟურნალისტები და უფლებადამცველები წარმოადგენენ.
ჟურნალისტი იდრაქ აბასოვი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ანგარიშისთვის ფაქტების დადგენის მისიის წევრია. 2009 წლის თებერვალში ის საავადმყოფოში მოხვდა ნახიჩევანში უსაფრთხოების ძალების მიერ დაკითხვის დროს მიღებული დაზიანებების გამო.
იგორ ნასიბოვი, რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ყოფილი შტატგარეშე ფოტოგრაფი, უცნობმა თავდამსხმელებმა სასტიკად სცემეს ნახიჩევანში 2014 წლის აგვისტოში.
ხოლო საქმე, რომელიც საერთაშორისო მედიამაც გააშუქა, ეხებოდა იაფეზ ჰასანოვს, რადიო თავისუფლების ყოფილ კორესპონდენტს, რომელიც 2011 წლის სექტემბერში გააძევეს ნახიჩევანიდან და ირანის გავლით უბრძანეს აზერბაიჯანში დაბრუნება. სავარაუდოდ, ის იძიებდა თეირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირის სიკვდილის გარემოებებს.
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აკრძალული ზონა
ითვლება, რომ ამგვარი და მსგავსი მოპყრობა ფართოდ არის გავრცელებული ნახიჩევანში, მაგრამ ასეთი შემთხვევების შესახებ ცნობები იშვიათად აღწევს გარე სამყაროს იმის გამო, რომ ექსკლავში ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების შეღწევა შეუძლებელია.
Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ იმდენად, რამდენადაც ნახიჩევანი "თალიბოვის კერძო ფეოდალურ მამულს" წარმოადგენდა, ორგანიზაციას არ შეეძლო რამის თქმა რეგიონში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, რადგან მისი წარმომადგენლები წლების განმავლობაში არ ყოფილან იქ.
გარეშე ორგანიზაციის მიერ ექსკლავის შესახებ ბოლო მოხსენება „ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა“ გამოაქვეყნა 2010 წელს.
ფართოდ გავრცელებულმა სიღარიბემ და უმუშევრობის მაღალმა დონემ მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია ნახიჩევანის მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებზე. „ავტორიტარულ მმართველობასა და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ძლიერ შეუწყო ხელი მკაცრმა ცენზურამ და ადამიანის უფლებათა სერიოზულმა დარღვევებმა", წერდა მაშინ „კომიტეტი“.
ნახიჩევანში დაბრუნებულ ვუქარ ბაბაევს მწარედ ახსოვს, 2007 წელს სოფელ ნეჰრამში როგორ დაუნგრიეს ჩაიხანა, რომელიც თითქმის 2 მილიონი დოლარი ღირდა. ბაბაევმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი შენობა იმიტომ დაანგრიეს, რომ, მისი თქმით, არსებობდა საერთო ბრძანება, გაენადგურებინათ ყველა მსგავსი დაწესებულება, ისევე, როგორც სასურსათო მაღაზიები, რომლებსაც არ მართავდნენ თალიბოვები.
"ჩვენი ჩაიხანა იყო. კვლავ გვაქვს საბუთები საკუთრების შესახებ. 3 179 048 მანათი გადავიხადეთ ", განმარტა მან და დაასახელა შესყიდვის ზუსტი ფასი დაახლოებით 1,8 მილიონი დოლარის ოდენობით, რომელშიც შედის ავეჯი, მიწა და სხვა სათავსოები, მათ შორის - დახურული საცურაო აუზი. "დაანგრიეს და არანაირი კომპენსაცია არ მოუციათ. სადაც არ წავედით საჩივლელად, [ხელისუფლების წარმომადგენლებმა] გვითხრეს, "ციხეში ჩაგსვამთ", თუ არ გაჩერდებით, დასანგრევი იყო, მორჩა და გათავდაო.
ბაბაევის თქმით, ჩაიხანა საბჭოთა დროს გაიხსნა და ის კოლმეურნეობის მშრომელებს ემსახურებოდა. ის ჰყვება, რომ იქ მამამისი მუშაობდა და მან შეისყიდა ის 1991 წელს, კოლმეურნეობის დაშლისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ.
იუსიფ რზაიევი, პენსიონერი მასწავლებელი, იხსენებს, რომ ნეჰრამში ადრე 10 ჩაიხანა იყო და დღეს მხოლოდ ერთიღა დარჩა. 77 წლის პენსიონერი ჩივის, რომ არ იცის, სად წავიდეს თავისუფალი დროის გასატარებლად. „აკრძალული იყო. ‘ხანმა’ (თალიბოვმა) აკრძალა“, უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
სამუშაოს საძებნელად თურქეთში
ბიზნესისა და სამუშაო პერსპექტივის მძიმე ვითარების გამო, ბევრი ნახიჩევანელი თურქეთში გაემგზავრა სამუშაოს მოსაძებნად. ამ დროს 2022 წლის ნოემბრამდე თალიბოვის მთავრობა ოფიციალურად ამტკიცებდა, რომ ნახიჩევანში უმუშევრობა არ არსებობდა.
ფაქიზა ალაჰვერდიევამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მან 20 წლის მანძილზე ბევრ სხვადასხვა ადგილზე იმუშავა თურქეთში და რომ იქ თავის ქმართან და სამ შვილთან ერთად გადავიდა. თავიდან ძალიან სტრესული დღეები იყოო, ამბობს ალაჰვერდიევა. მისი სამუშაო დღე ხშირად დიდხანს გრძელდებოდა, ხანდახან ღამის პირველ საათამდეც კი.
"საფეიქრო ფაბრიკაში ვმუშაობდით. მე მემანქანე არ ვიყავი. უბრალოდ აქეთ-იქით დავრბოდი. ისინი სწრაფად ლაპარაკობდნენ [თურქულად]; მე მათი არ მესმოდა", გვიამბობს ის. "სახლში ჩემს შვილებს ვეკითხებოდი [სიტყვების მნიშვნელობას თურქულად]. ჩემს ქვეყანაში რომ ყოფილიყო სამუშაო, რატომ წავიდოდი ჩემი სამშობლოდან?"
მან საკმარისი ფული დააგროვა იმისთვის, რომ ბინა ეყიდა ნახიჩევანში, თავის მშობლიურ ქალაქ ქალილქენდში, მაგრამ, მისი თქმით, ამას ყველა პრობლემა არ გადაუჭრია.
"მე იმდენ ხანს ვიმუშავე თურქეთში. კიბეებს ვწმენდდი. ქსოვილების ფაბრიკაში ვმუშაობდი. დღე და ღამე ვმუშაობდი, ეს სახლი რომ მომეწყო", ამბობს ალაჰვერდიევა. "სახლი მაქვს, კი. მაგრამ საჭმელი - არა".