Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქრუაშვილის დაბრუნებისა და მერაბიშვილის დევნის დაწყების კვირა


გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან გამორჩეული იყო ბიძინა ივანიშვილის პირველი პრესკონფერენცია მთავრობის მეთაურის რანგში. თითქმის ერთსაათიანი შესავალი სიტყვისა და სამსაათიანი კითხვა-პასუხის შემდეგ ცნობილი გახდა, თუ რას ფიქრობს პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების, პრეზიდენტთან ურთიერთობისა და წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დაკავებაზე:

„რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა დაპატიმრებების პროცესი ასე მასობრივი რომ არ იყოს და საქართველოც უფრო იოლად მოიხვეჭდა დემოკრატიული ქვეყნის სახელს, მაგრამ, მეორე მხრივ, როგორ შევაჩეროთ ეს პროცესი ხელოვნურად, ჩემთვის წარმოუდგენელია. მე არ დავუძახებ არც ერთ პროკურორს და, მით უმეტეს, არც ერთ მოსამართლეს და არ ვეტყვი, რომ რომელიმე საქმე მიჩქმალონ. ახალი კონსტიტუციით, ჩვენ არ ვაპირებთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიცირებას, თუმცა შევეცდებით ახალი კონსტიტუცია, პრეზიდენტის განსხვავებული უფლებებით, ძალაში შევიდეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე, 2013 წლის ოქტომბრამდე”.

რაც შეეხება კომუნალური გადასახადებისა და ტარიფების შემცირებას, ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ განახევრება, რასაც ამომრჩეველს ჰპირდებოდა, არ გამოვა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ისიც თქვა, რომ ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს:

”რაღაცა დონით შემცირება გაზისაც და ელექტროენერგიისაც (ტარიფების), ალბათ, მოხერხდება. განახევრებაზე ვამბობ უარს წინასწარი შესწავლის შემდეგ და ვარკვევთ პროცესებს. როდესაც გავერკვევით, მოსახლეობას დაწვრილებით მოვახსენებთ”.

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას, ანუ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წინასაარჩევნო დაპირებაზე უარის თქმას, გამოეხმაურა საპარლამენტო ოპოზიცია, რომლის წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ, გარკვეულწილად მოიწონა კიდეც ივანიშვილის აღიარება:

”კარგია, მისასალმებელია, რომ პრემიერ-მინისტრმა ეს გააცნობიერა და ღიად განაცხადა, რომ ეს ასეა და მან არ დაიწყო ხელოვნურად რაღაცა მანიპულაციები, რაც გააუარესებდა სიტუაციას და უბრალოდ განაცხადა, რომ ეს არის შეუძლებელი. ამას ჩვენ მივესალმებით. თუმცა ამით ცალსახად გამოჩნდა, რომ სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ”ქართული ოცნების” შიგნით მუშაობდნენ სხვადასხვა საკითხზე ბევრი მიმართულებით, - მათ შორის, ტარიფების მიმართულებით, - აღმოჩნდნენ სრულიად არაკომპეტენტურები, წარმოდგენა არ ჰქონდათ, რაზე საუბრობდნენ და ახლა ერკვევიან, რა არის რეალობა, რა მდგომარეობაშია ქვეყანა, რა არის შესაძლებელი და რა არის შეუძლებელი”.

გასული კვირის მოვლენებიდან ასევე გამორჩეული იყო ირაკლი ოქრუაშვილის სამშობლოში დაბრუნება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელსაც 11 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი, 20 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისის აეროპორტში დააკავეს. მის დაბრუნებას ბრიფინგით გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომლის ვარაუდით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოში, შეცვლილი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ჩამოვიდა. იგივე განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემაც:

„ერთადერთი მოტივი მისი ჩამოსვლისა არის ის, რომ, პოლიტიკური თავშესაფრის მიღების მიუხედავად, არ აპირებს სხვა ქვეყანაში ცხოვრებას. ქვეყანაში შექმნილმა სიტუაციამ, ცვლილებებმა გააჩინა სამართლიანი სასამართლოს იმედი. ოქრუაშვილის ჩამოსვლამ აამოქმედა საპროცესო შესაძლებლობა აღნიშნული განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების, რის გაკეთებასაც ვაპირებთ“.

ირაკლი ოქრუაშვილისაგან განსხვავებით, სამართალდამცავ ორგანოებს საკუთარი ნებით არ ჩაბარებიან სამშენებლო კომპანია „ენ-სი-სის“ გენერალური დირექტორი გეგი ქელბაქიანი და ამავე სამშენებლო კომპანიის ფინანსური დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში ედავება. კერძოდ, ბრალდების თანახმად, მათ, სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით მითვისების მიზნით, ერთ-ერთ ფიზიკურ პირს კონტრაქტის გარეშე ჩაურიცხეს 6 მილიონი ლარი, საიდანაც აღნიშნულმა პირმა 3 მილიონი ლარი ნაღდი ფული უკან დააბრუნა. ამ ბრალდებას დაკავებულთა ადვოკატმა, ირაკლი ჟორჟოლიანმა, აბსურდული უწოდა:

”კომპანიის ანგარიშზე, ასე ვთქვათ, თეთრად არსებული თანხის კონტრაქტორისთვის გადარიცხვას და შემდეგ ქეშად უკან მიღებას ედავებიან, რასაც, ჩვენი აზრით, ფულის გათეთრება არანაირად არ ჰქვია, უფრო გაშავება ჰქვია. ცალსახად შემიძლია გითხრათ, არც დღეს და არც ხვალ, დარწმუნებული ვარ, ამ ფულის წარმომავლობაზე კითხვები არ დაისმება, ვინაიდან ეს ცნობილია და ღიაა. შესაბამისად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზება ვერანაირად ვერ მოხდებოდა, - ეს არის მთავარი ამ შემთხვევაში”.

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტი ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას აპირებდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, სიასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, პროცესი გაჭიანურდა. ასევე დროში გაიწელა ამნისტიის შესახებ კანონის მიღების პროცესიც, რომლის დროული დასრულება მნიშვნელოვნად მიაჩნია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელ ეკა ფოფხაძეს:

”მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ფონზე, რაც წლების განმავლობაში გვქონდა და, შეიძლება ითქვას, ხშირ შემთხვევაში, ნამეტანი მკაცრიც, ამის შემდეგ ასეთი ნაბიჯი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ წლებია ციხეებში დავდივართ და იქ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც საკმაოდ დიდ სასჯელებს იხდიან ისეთი დანაშაულებისთვის, რომელიც არის ძალიან მცირე მნიშვნელობის და რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მათ საერთოდ არ უმტკიცდებათ, სამწუხაროდ”.

23 ნოემბერს 9 წელი შესრულდა 2003 წლის ვარდების რევოლუციიდან, თუმცა თარიღის აღსანიშნავად რამე სახის საგანგებო ღონისძიება არ გამართულა. დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის თქმით, წინა ხელისუფლებამ, ძალაუფლების უზურპაციით, გაანადგურა ვარდების რევოლუციის მთავარი იდეა. პოლიტოლოგ ბაკურ კვაშილავას შეფასებით კი, ვარდების რევოლუციამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნისა და ჩამოყალიბების საქმეში:

”რეალურად სწორედ 2003 წლიდან სახელმწიფომ დაიჭირა ის თავისი ადგილი, რომელიც მას უნდა ჰქონდეს თანამედროვე მსოფლიოში. ანუ იყო ქვეყანა, იყო ერი, იყო ხალხი, იყო დამოუკიდებლობა, ფორმალური სუვერენიტეტი, მაგრამ რეალურად სახელმწიფოს და მთავრობას არ ჰქონდა ის გავლენა, ის შესაძლებლობა და ის პასუხისმგებლობა, რომელიც ასოცირდება თანამედროვე სახელმწიფოსთან. ამიტომ 2003 წლის ნოემბერი და ის დაწყებული რეფორმები, განსაკუთრებით 2006 წლის ჩათვლით, არის ის წლები, როდესაც რეალურად შეიქმნა საქართველოში თანამედროვე, დასავლური ყაიდის, მოწყობის სახელმწიფო”.

გასული კვირის მიწურულს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთავარ პროკურატურას გამოძიებისათვის გადაუგზავნა მასალები, რომელთა მიხედვითაც უფლებამოსილების გადამეტებაში შეიძლება დასდონ ბრალი ვარდების რევოლუციის აქტიურ მონაწილესა და ყოფილ-პრემიერ მინისტრ ვანო მერაბიშვილს. სამინისტროს წარმომადგენლის ნინო გიორგობიანის თქმით, ამ მასალების მიხედვით, 2006 წლის 13 მარტს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის დათა ახალაიასა და გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძისათვის უფლებამოსილების შეჩერების ბრძანებულება ატარებდა მოჩვენებით და თვალთმაქცურ ხასიათს.

"სინამდვილეში ახალაია და სანოძე თითქმის 2 წლის განმავლობაში სრული მოცულობით და შეუზღუდავად ხელმძღვანელობდნენ შესაბამის დეპარტამენტებს. მათ ხელი მიუწვდებოდათ სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციებთან და დოკუმენტებთან. ისინი გეგმავდნენ და ხელმძღვანელობდნენ ოპერატიულ საგამოძიებო, აგენტურულ და სხვა ხასიათის სპეციალურ ღონისძიებებს. შესაბამისად, საქართველოში შს მინისტრის მიერ წლების განმავლობაში დაშვებული და წახალისებული იყო სამინისტროს ორი უმნიშვნელოვანესი დეპარტამენტის არაფორმალური მმართველობა, რაც, შესაძლოა, უპრეცედენტო შემთხვევაა ცივილიზებული ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებრივი ფუნქციონირების ისტორიაში", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG