Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარდების რევოლუციის განსხვავებული მეცხრე წლისთავი


თბილისი, 2003 წლის 21 ნოემბერი
თბილისი, 2003 წლის 21 ნოემბერი
ვარდების რევოლუციის მეცხრე წლისთავს საქართველო ახალი პოლიტიკური რეალობით ხვდება. მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოსულმა ”ქართულმა ოცნებამ” სწორედ ეგრეთ წოდებული ვარდების ხელისუფლება დაამარცხა. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენებაში ვარდების რევოლუციის მნიშვნელობის ერთ-ერთ პოზიტიურ გამოვლინებად ექსპერტები მიიჩნევენ იმასაც, რომ, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ხელისუფლება დემოკრატიულად, არჩევნების გზით შეიცვალა. თუმცა ფაქტია ისიც, რომ, განვლილი 8 წლისგან განსხვავებით, ვარდების რევოლუციის მეცხრე წელი ახალმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად არც კი აღნიშნა.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, რესპუბლიკური პარტიის წევრის ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, ვარდების რევოლუცია საზეიმოდ აღნიშვნის ღირს დღესასწაულს აღარ წარმოადგენს არა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, არამედ 2006-2007 წლების შემდეგ, როდესაც, მისი აზრით, ვარდების რევოლუციის მთავარი იდეა მეთოდურად განადგურდა:

”2007-ში, მე მგონი, ნოემბრის ამბების შემდეგ, და 2008-ში ტოტალურად გაყალბებული 2 არჩევნების შემდეგ, ვარდების რევოლუცია დამთავრდა, როგორც რევოლუცია. დემოკრატიული ინსტიტუტები არ აშენდა. რა თქმა უნდა, იყო წარმატებები. მე შემიძლია გითხრათ, რომ ვარდების რევოლუციის მთავარი წარმატება იყო ასლან აბაშიძის მშვიდობიანი გაცილება საქართველოდან და, საერთოდ, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, მართალია, რევოლუციის, მაგრამ ხავერდოვანი გზით. პირველი წარმატება იყო პოლიციის რეფორმა. მაგრამ, როგორც კი რეფორმირებული პოლიცია გახდა პოლიტიზებული და როდესაც სააკაშვილმა, ფაქტობრივად, უზურპაცია მოახდინა ხელისუფლების, რევოლუცია დამთავრდა. იმის მერე ის აღსანიშნი არ არის”.
ჩემი მხრივ, მინდა ვთქვა, რომ მე ჩემს ხალხთან ერთად ვიყავი მშვიდობის დროს, ომის დროს, გაჭირვების დროს, აღმშენებლობის დროს და, რა თქმა უნდა, ჩემს ხალხს არ მივატოვებ არც განსაცდელში. ჩვენ ბოლომდე გადავლახავთ ამ პრობლემებს, ჩვენ გავიყვანთ ჩვენს ხალხს სამშვიდობოზე...
მიხეილ სააკაშვილი


თუმცა ლევან ბერძენიშვილი აზუსტებს, რომ ვარდების რევოლუცია იყო მაინც ნაბიჯი წინ, რომელსაც უკან გადადგმული ნაბიჯებიც მოჰყვა, და ის აუცილებლად უნდა მომხდარიყო, რადგან შევარდნაძის დროს საქართველოში სტაგნაციისა და კორუფციის მეტი არაფერი ხდებოდა.

ვარდების რევოლუცია 2003 წელს საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებას მოჰყვა. 2003 წლის 23 ნოემბერს, სხდომის მიმდინარეობის დროს, საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, სხდომათა დარბაზი დაიკავეს და პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომა მოითხოვეს. პრეზიდენტი გადადგა, რამდენიმე თვეში გმართულ საპრეზიდენტო არჩევნებში კი რევოლუციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა. 2012 წლის 23 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებული ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ვარდების რევოლუციის მეცხრე წლისთავს ქუთაისში შეხვდა. ბაგრატის ტაძარში გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავი წირვის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყანა განსაცდელშია და არ დაუშვებს, რომ ”შენებისა და განვითარების შემდეგ ნგრევა მოხდეს”:

”ჩემის მხრივ, მინდა ვთქვა, რომ მე ჩემს ხალხთან ერთად ვიყავი მშვიდობის დროს, ომის დროს, გაჭირვების დროს, აღმშენებლობის დროს და, რა თქმა უნდა, ჩემს ხალხს არ მივატოვებ არც განსაცდელში. ჩვენ ბოლომდე გადავლახავთ ამ პრობლემებს, ჩვენ გავიყვანთ ჩვენს ხალხს სამშვიდობოზე”.

ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობის, ზოგადად, კოჰაბიტაციის სირთულეებისა და აგრესიულ საარჩევნო კამპანიაში მოწინააღმდეგე მხარის დემონიზაციის მცდელობების შედეგად მიიჩნევს, თავის მხრივ, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ბაკურ კვაშილავა იმას, რომ ვარდების რევოლუცია 2012 წლის 23 ნოემბერს არ წარმოადგენს მნიშვნელოვან თარიღს. ზოგადად კი, ბაკურ კვაშილავას აზრით, ვარდების რევოლუცია ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნის და ჩამოყალიბების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო:
ბაკურ კვაშილავა
ბაკურ კვაშილავა

”რეალურად სწორედ 2003 წლიდან სახელმწიფომ დაიჭირა ის თავისი ადგილი, რომელიც მას უნდა ჰქონდეს თანამედროვე მსოფლიოში. ანუ იყო ქვეყანა, იყო ერი, იყო ხალხი, იყო დამოუკიდებლობა, ფორმალური სუვერენიტეტი, მაგრამ რეალურად სახელმწიფოს და მთავრობას არ ჰქონდა ის გავლენა, ის შესაძლებლობა და ის პასუხისმგებლობა, რომელიც ასოცირდება თანამედროვე სახელმწიფოსთან. ამიტომ 2003 წლის ნოემბერი და ის დაწყებული რეფორმები, განსაკუთრებით 2006 წლის ჩათვლით, არის ის წლები, როდესაც რეალურად შეიქმნა საქართველოში თანამედროვე, დასავლური ყაიდის, მოწყობის სახელმწიფო”.

ბაკურ კვაშილავა ვარაუდობს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ვარდების რევოლუციის დადებითი შედეგები კიდევ უფრო ნათელი გახდება. რაც შეეხება უარყოფით შედეგებს, ბაკურ კვაშილავა ჩამოთვლის ადამიანის უფლებების დარღვევას, სახელმწიფოს როლის ზედმეტად გაძლიერებას, სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებას, პრეზიდენტის მიერ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას და ასე შემდეგ.

ვარდების რევოლუციის მესვეურებმა გადაუხვიეს ადამიანის უფლებების ფასეულობებს და ამან გამოიწვია არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობის სათანადო რეაქცია, - გვითხრა ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა, რომელსაც 2003 წლის რევოლუციასა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს შორის შესაძლო შეხების საკითხზე ვკითხეთ. ვარდების რევოლუციის სათავეში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი იზიარებენ ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრს, რომ ხელისუფლების დემოკრატიული ცვლა საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სწორედ ვარდების რევოლუციის მონაპოვარია.
XS
SM
MD
LG