Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მოგვარდეს სირიის კრიზისი?


ნიუ-იორკი, გაეროს შტაბბინა: გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა
ნიუ-იორკი, გაეროს შტაბბინა: გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა
გაეროს უშიშროების საბჭოში სამშაბათს იმართება სხდომა, რომელზეც მოუსმენენ სირიაში გაეროს სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელს, გენერალ რობერტ მუდს. მისგან მოელიან აქტუალურ ინფორმაციას ვითარებაზე ქვეყანაში, სადაც, გაეროს ინფორმაციით, 14 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა გასული წლის მარტში კონფლიქტის დაწყების შემდეგ.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა იმართება მას შემდეგ, რაც სირიაში გაეროს სამეთვალყურეო მისიამ პატრულირება შეწყვიტა - ჩათვალა, რომ მისი 300-მდე წევრისათვის უკვე მეტისმეტად სახიფათოა მუშაობა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებსა და მეამბოხეებს შორის ძალადობის გამწვავების ფონზე. გაეროს მისიამ აპრილში მიაშურა სირიას, საერთაშორისო სამშვიდობო გეგმის შესრულების სამეთვალყურეოდ. აღმოჩნდა, რომ გეგმას არც ერთი მხარე არ იცავს.

გაეროს სამეთვალყურეო მისიის მანდატი 20 ივლისს ამოიწურება და, რახან ადგილზე მეთვალყურეების ყოფნას კონფლიქტზე რაიმე საგულისხმო გავლენა არ მოუხდენია, ვარაუდობენ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ შესაძლოა, არ გააგრძელოს მანდატის მოქმედების ვადა. არადა, სირიაში სისხლისღვრა გრძელდება.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ბარაკ ობამამ და ვლადიმირ პუტინმა, რომლებიც მექსიკაში იმყოფებიან „დიდი 20“-ის სამიტთან დაკავშირებით, გაავრცელეს ერთობლივი განცხადება სირიაში ყოველგვარი ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისაკენ მოწოდებით. თუმცა, არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი (ორივე გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და, შესაბამისად, ვეტოს უფლების მქონე) შეთანხმდნენ რაიმე გეგმაზე კონფლიქტისათვის ბოლოს მოსაღებად.

ჩვენ ვისაუბრეთ საერთაშორისო პრობლემებზეც, სირიის ჩათვლით. ჩემი აზრით, ბევრი საერთო გამოვნახეთ ყველა ამ საკითხში ...
ვლადიმირ პუტინი

პუტინთან შეხვედრის შემდეგ ბარაკ ობამამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორივე მხარს უჭერს „პოლიტიკურ პროცესს“ ძალადობისათვს ბოლოს მოსაღებად: „ჩვენ ვისაუბრეთ სირიაზე და შევთანხმდით, რომ საჭიროა, შეწყდეს ძალადობა, ამოქმედდეს პოლიტიკური პროცესი, რომელიც არ დაუშვებს სამოქალაქო ომსა და საზარელ სიკვდილს, რომლის მოწმეც ვხდებით ბოლო რამდენიმე კვირა. და პირობა დავდეთ, რომ ვითანამშრომლებთ სხვა საერთაშორისო ძალებთანაც, მათ შორის გაეროსთან, კოფი ანანთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომელიც ცდილობს ამ პრობლემის მოსაგვარებელი გზის პოვნას“, - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

პუტინი უფრო მოკლე შეფასებით შემოიფარგლა. „ჩვენ ვისაუბრეთ საერთაშორისო პრობლემებზეც, სირიის ჩათვლით. ჩემი აზრით, ბევრი საერთო გამოვნახეთ ყველა ამ საკითხში“, უთხრა რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა „ბევრი საერთოთი“.

შეერთებულ შტატებს გაკრიტიკებული აქვს რუსეთის პოზიცია, სირიის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ გაეროს მკაცრი რეზოლუციების დაბლოკვის გამო. მოსკოვი, რომელიც სირიის ტრადიციული მოკავშირეა, მართალია, მხარს უჭერს გაეროს სამეთვალყურეო მისიას და სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, დაიცვან გაეროს და არაბთა ლიგის ძალისხმევით შემუშავებული სამშვიდობო გეგმა, მაგრამ ის ამავე დროს გადაჭრით ეწინააღმდეგება კონფლიქტში უცხოეთიდან ჩარევას და უარს ამბობს, როცა მოუწოდებენ, რომ პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა ურჩიოს ბაშარ ალ-ასადს.

შეერთებული შტატები და რუსეთი საერთო მიზნად ისახავენ „პოლიტიკურ გარდაქმნას დემოკრატიული, პლურალისტული სისტემისაკენ, რომელსაც სირიელები თვითონვე შექმნიან“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა მექსიკაში, „დიდი 20“-ის სამიტის პარალელურად გამართული შეხვედრის შემდეგ.
XS
SM
MD
LG