Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვისი იარაღი ისვრის სირიაში


სირიის იარაღით მომარაგება გასულ კვირაში რუსეთისა და აშშ-ის მიერ ერთმანეთის მისამართით გამოთქმული მკვეთრი განცხადებების მიზეზი გახდა. მანამდე უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნალმა“ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული უწოდა სირიის სამთავრობო ჯარების მიერ სამოქალაქო პირების დახოცვას.

გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია ”ამნესტი ინტერნეშნლის” 70 გვერდიანი მოხსენება ეფუძნება 200-ზე მეტი ადამიანის - მათ შორის, დაღუპულთა და დაზარალებულთა ნათესავების - ინტერვიუებს. ორგანიზაცია მოუწოდებს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ძალადობა დაუყოვნებლივ შეწყდეს სირიაში. კერძოდ, „ამნესტი ინტერნეშნლი“ მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს, სირიას დაუწესდეს საერთაშორისო ემბარგო იარაღის მიწოდებაზე.

მხოლოდ ძველი კონტრაქტები და მეტი არაფერი

უფლებადამცველები განსაკუთრებით მიმართავენ ჩინეთსა და რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სირიის მთავრობისათვის იარაღისა და სამხედრო დახმარების მიწოდება. სწორედ იარაღის მიწოდების საკითხი იქცა რუსეთისა და აშშ-ის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების პოლემიკის მიზეზად. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ რუსეთი სირიის ლიდერს აწვდის საბრძოლო შვეულმფრენებს, რაც კონფლიქტის ესკალაციას უწყობს ხელს:

„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ რუსეთის ხელისუფლებას სრულიად გაწყვიტოს ეს სამხედრო კავშირები და შეაჩეროს შემდგომი სამხედრო დახმარება და მიწოდება. ცხადია, ჩვენ ვიცით, რაკი მათ დაგვიდასტურეს, რომ ისინი აგრძელებენ იარაღის მიწოდებას და ვთვლით, რომ ვითარება დღეს სამოქალაქო ომისაკენ მიდის. დადგა დრო, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყველა წევრმა - მათ შორის, რუსეთმა და გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა წევრმა - ერთიანი პოზიციიდან დაიწყოს ლაპარაკი ასადთან და აიძულოს იგი შეწყვიტოს ძალადობა.“

ჰილარი კლინტონის ამ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 14 ივნისს ირანიდან გამოეხმაურა და, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ კრემლი განაგრძობს იარაღის მიწოდებას, ოღონდ ადრე დადებული კონტრაქტების საფუძველზე:

„ამჟამად ჩვენ ვამთავრებთ იმ კონტრაქტების განხორციელებას, რომლებიც კარგა ხნის წინ გაფორმდა და რომელთა საფასურიც გადახდილია. ყველა ეს კონტრაქტი შეეხება მხოლოდ საჰაერო თავდაცვას. ჩვენ არაფერი გვჭირს თავის სამართლებელი არც ქალბატონ კლინტონის და არც ვინმე სხვის წინაშე. ჩვენ არ ვარღვევთ არანაირ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, არ ვარღვევთ ჩვენს საექსპორტო კანონმდებლობას, რომელიც, საერთო შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია მსოფლიოში.“

მოსკოვის მკვახე ტონი

სირიისათვის მიწოდებულ ამ შეიარაღებას სერგეი ლავროვმა თავდაცვითი უწოდა და არა შეტევითი და მისთვის დამახასიათებელი რიტორიკით იქით დაადანაშაულა ვაშინგტონი სპარსეთის ყურის რეგიონის მილიტარიზებაში:

„არც სირიას და არც რომელიმე სხვა ქვეყანას ჩვენ არ ვაწვდით საშუალებებს, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენება, განსხვავებით იმავე აშშ-ისაგან, რომელიც რეგულარულად აწვდის რეგიონის ქვეყნებს ასეთ სპეცსაშუალებებს. მათ შორის, ასეთი იარაღის მიწოდება ცოტა ხნის წინ სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანაში განხორციელდა, მაგრამ რატომღაც ამერიკელები მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივია. ჩვენ კი ასეთ საშუალებებს არავის ვაწვდით. ჩვენ სირიას ვაწვდით იარაღს, რომელიც მას გარედან შეიარაღებული თავდასხმის მოსაგერიებლად დასჭირდება.“

ორი ქვეყნის ურთიერთობებში საერთაშორისო პოლიტიკის გადატვირთვის შემდეგ, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ასეთი მკვეთრი დაპირისპირება და მკვახე ტონით საუბარი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ პოლიტიკის ანალიტიკოსებს. დენიელ გურე, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამად ვირჯინიის, ლეკსინგტონსკის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი, ფიქრობს, რომ რუსეთი სირიასთან თანამშრომლობით მხოლოდ საკუთარი სიძლიერის ხაზგასმას ცდილობს:

„რუსეთის საერთაშორისო გავლენა მცირდება, მკვეთრად ეცემა მოკავშირეთა რაოდენობა, ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასების კლება სერიოზულად შეარყევს რუსეთის მნიშვნელობას ბევრი ქვეყნის თვალში, ხოლო კრემლი, უბრალოდ, ცდილობს მხარი დაუჭიროს ერთ-ერთ ქვეყანას იმ მცირეთაგან, რომელსაც შეუძლია უწოდოს მეგობარი.“

ვიდრე მსოფლიო მსჯელობს

თუმცა ძველი მეთოდებით ძველი მეგობრების შენარჩუნება რუსეთს სულ უფრო და უფრო უჭირს. ჰილარი კლინტონმა 14 ივნისს არაორაზროვნად მიახვედრა რუსეთი, რომ არაკონსტრუქციული ქმედებით შესაძლოა კრემლმა რეგიონში საერთოდ დაკარგოს ყველანაირი გავლენა.

„რუსეთი ამბობს, რომ სურს მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენა და რომ იმ სასიცოცხლო ინტერესებისა და ურთიერთობების შენარჩუნება, რაც რეგიონში გააჩნია. რუსეთი ამ ყველაფერს საფრთხის ქვეშ დააყენებს, თუკი დაუყოვნებლად არ დაიწყებს უფრო კონსტრუქციულ მოქმედებებს. ხაზს გავუსვამ, რომ აშშ არავითარ დახმარებას არ უწევს სირიის ოპოზიციას, არავითარს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და, როგორც ზემოთ ითქვა, მოუწოდა ყველას და, მათ შორის, რუსეთსაც, რომ „ერთიანი პოზიციიდან დაიწყონ ლაპარაკი ასადთან და აიძულონ იგი შეწყვეტოს ძალადობა.“

და ვიდრე ასეთი ერთიანი პოზიცია არ არსებობს, სირიაში კვლავ გრძელდება ძალადობა, რომელსაც გაეროს სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელმა კოფი ანანმა სამოქალაქო ომში გადაზრდა უწინასწარმეტყველა. თუმცა, ვიდრე საერთაშორისო ექსპერტები ტერმინებზე და იმაზე დაობენ, თუ ვისი იარაღი ისვრის სირიაში, ბაშარ ასადის მომხრეებსა და ოპოზიციას შორის კვლავ გააფთრებული შეტაკებებია. ლონდონში მომუშავე სირიელი უფლებადამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 13 ივნისს სირიის უსაფრთხოების ძალების მიერ ალ-რასტანში განხორციელებული შეტევის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - 12 ქალი და ბავშვი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG