საკმაოდ ცივმა ამინდებმა საქართველოს ზღვისპირეთის ტურისტულ სეზონს საფრთხე შეუქმნა, თუმცა სასტუმროების უმეტესობა დაჯავშნილია და აჭარა ძირითადად კვლავ ტრადიციული ტურისტების იმედადაა. სანამ წლევანდელი სეზონის შედეგებს შეაჯამებენ, ვფიქრობთ, საინტერესოა აჭარის გასულ სეზონზე ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც საყურადღებო უნდა იყოს მომავალი ტურისტული გეგმების დასაწყობად.
კვლევა გასული 2016 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის დროს ჩატარდა და მან აჩვენა, რომკვლევის მსვლელობისას გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა პირველად სტუმრობდა აჭარას. კითხვას, იყო თუ არა ეს მათი პირველი ვიზიტი აჭარაში, ვიზიტორთა 52.4 %-მა დადებითად უპასუხა. როგორც კვლევამ გვიჩვენა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად მეგობრებთან ერთად (45.4 %) ან ინდივიდუალურად (31.1 %) მოგზაურობდნენ. აჭარას ოჯახთან ერთად გამოკითხულთა 20.7 % სტუმრობდა, ხოლო დანარჩენი - თანამშრომლებთან / კოლეგებთან (2.8 %) ერთად. ვიზიტის ხანგრძლივობა საშუალოდ 2.69 ღამეს შეადგენდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხული ტურისტების მხოლოდ 19.5 % -მა დაჯავშნა საცხოვრებელი ადგილი წინასწარ, ხოლო დანარჩენმა (80.5 %) აჭარაში ჩამოსვლის შემდგომ შეარჩია ბინა. მიმდინარე კვლევისას აღმოჩნდა, რომ აჭარაში ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო ღირსშესანიშნაობების, ბუნების მონახულება (55%), 9 % ამბობდა, რომ ვიზიტით ჩამოვიდა აზარტული თამაშების სათამაშოდ, 5,9 % - დასვენება-გართობისთვის, 8,6 % -ნათესავების მოსანახულებლად და ა.შ.
როგორც კვლევიდან გამოჩნდა, კვლევის პერიოდში ვიზიტორთა უმრავლესობა (90 %-ზე მეტი) დაინტერესებული იყო ეკოტურიზმით (ბუნების დათვალიერება, ნაკრძალებისა და დაცული ტერიტორიების მონახულება, ლაშქრობა, ფრინველებზე დაკვირვება). საშუალოდ ტურისტის აჭარაში ვიზიტის მთლიანი ხარჯი შეადგენდა 1058.88 ლარს, მათ შორის საერთაშორისო ტრანსპორტის ხარჯიიყო 404.31 ლარი. რაც შეეხება აჭარაში ბოლო ვიზიტისას დახარჯულ საშუალო თანხებს, საკვებსა და სასმელზე გაწეული ხარჯი (საშუალოდ, ერთ ტურისტზე) შეადგენდა , დაახლოებით, 487 ლარს (საკვები და სასმელი რესტორნებში, კაფეებსა და ბარებში - 269.80 ლარი, სხვა ადგილებში -217.14 ლარი).
კვლევა ცალკეული ქვეყნების მიხედვითაც ჩატარდა. თურქი, სომეხი და აზერბაიჯანელი ტურისტების რაოდენობისა და მათი დანახარჯების თვალსაზრისით სურათი ასეთია:
კვლევის მსვლელობისას გამოკითხულ თურქ რესპონდენტთა 51,3 % განმეორებით სტუმრობდა აჭარას, რაც ნიშნავს, რომ ისინი უკვე ტრადიციული ტურისტები არიან ამ რეგიონისთვის.ვიზიტის ხანგრძლივობა საშუალოდ 1-2 ღამეს შეადგენდა. თურქ ვიზიტორთა 10 % - მა მოგზაურობა დაგეგმა ტურისტული სააგენტოს დახმარებით. შეძენილი ტურისტული პაკეტების 51.4 % მოიცავდა სხვა ქვეყანაში ვიზიტს (საშუალოდ 1 ქვეყანა). ტურისტული პაკეტის საშუალო ღირებულება 1 ადამიანზე შეადგენდა 394.35 ლარს და ფარავდა 1 ღამის ხარჯს. საშუალოდ თურქი ტურისტის აჭარაში ვიზიტის მთლიანი ხარჯი აღნიშნული პერიოდისთვის შეადგენდა 911.34 ლარს, მათ შორის საერთაშორისო ტრანსპორტის ხარჯიც.
აზერბაიჯანელ ვიზიტორთაგან გამოკითხულთა უმეტესობა მამაკაცია (69,1 %); გამოკითხულ რესპონდენტთა მხოლოდ 29,5 % იმყოფებოდა პირველად აჭარაში. აზერბაიჯანელ ვიზიტორთაგან არავის უსარგებლია ტურისტული სააგენტოს / ტურ-ოპერატორის სერვისით.
სომხეთიდან ვიზიტორთა გამოკითხულების 70 %-ზე მეტი მამაკაცია. გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობისათვის (82,1 %) ეს განმეორებითი ვიზიტი იყო აჭარაში. შესაბამისად, სომხეთიდან ვიზიტორები აჭარის ყველაზე ერთგული ტურისტები არიან. ვიზიტის ხანგრძლივობა საშუალოდ 3.10 ღამეს შეადგენდა. სომეხ ვიზიტორთაგან არავის დაუგეგმავს მოგზაურობა ტურისტული სააგენტოს დახმარებით. სომხეთიდან შემოსული ტურისტის აჭარაში ვიზიტის მთლიანი ხარჯი საშუალოდ 619.29 ლარს შეადგენდა, მათ შორის საერთაშორისო ტრანსპორტის ხარჯი იყო 79.19 ლარი.
შესაბამისად, ეს მონაცემი აჩვენებს, რომ ხელმეორედ აჭარას ძირითადად მხოლოდ უშუალო მეზობლები თუ უბრუნდებიან, განსაკუთრებით - სასომხეთის მოქალაქეები. ზოგადად, ხელმეორედ ჩამომსვლელთა რაოდენობა კი 50 %-ზე ნაკლებია, რაც სერვისის გაუმჯობესების აუცილებლობასა და ტურისტთა მოზიდვის სხვა გზების აუცილებლობას მოწმობს.