Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვნებები ფარული ჩანაწერების გამო: განადგურება, გამკაცრება, ამნისტია


თომას ჰამარბერგი
თომას ჰამარბერგი
უკანონოდ გაკეთებული ჩანაწერების ნაწილი უნდა განადგურდეს, ნაწილი კი ნივთმტკიცების სახით უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეებს - ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მიწოდებული რეკომენდაცია, რომლის ავტორი საქართველოს მთავრობის სპეციალური მრჩეველი თომას ჰამარბერგია. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონი იმ პირთა ამნისტირების შესახებ, რომლებიც დათქმულ ვადაში ჩააბარებენ უკანონო ჩანაწერებს. 25 ივლისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ასევე დაიწყო განხილვა საკანონმდებლო ინიციატივისა, რომლის მიზანი უკანონო მოსმენებისა და თვალთვალისთვის სასჯელის გამკაცრებაა. ამასთან, ინიციატივა ითვალისწინებს საპარლამენტო, სასამართლო და სამოქალაქო კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შექმნას.

ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი საქართველოს მთავრობისთვის სამართლიანობისა და კონსტიტუციური რეფორმის და ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ურჩევს აუცილებლად დაიცვას პირთა კონფიდენციალურობა, თუმცა ვრცელ წერილში, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს, ასევე საუბარია იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ისეთი მტკიცებულებების შეგროვება, რომლებსაც შეუძლია, გააძლიეროს სამართლებრივი ქმედებების განხორციელება დამნაშავეების წინააღმდეგ:

„მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მასალები, როგორც მტკიცებულებები, ითვლება აბსოლუტურად მნიშვნელოვნად და მხოლოდ იმ პირობით, რომ მტკიცებულების სრული გარანტიები დადგენილია კონფიდენციალურობის უფლებების დასაცავად, შესაძლებელია ასეთი ჩანაწერების მაგალითი სასამართლო პროცესისთვის შენახულ იქნეს (და შემდგომ განადგურდეს). თუმცა, თუ არსებობს კონფლიქტი კონფიდენციალურობის უფლებებსა და საბრალდებო მხარის ინტერესებს შორის, პირველ მათგანს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა“.
ბატონი ჰამარბერგი გვთავაზობს იმას, რომ ერთი ვიდეოფირი დარჩეს და ის იქნეს გამოყენებული სასამართლოში როგორც მტკიცებულება. ამ დასკვნაში საუბარია მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურებაზე. აქ არ არის საუბარი წამებისა და სხვა ტიპის არაადამიანური მოპყრობის ფაქტების განადგურებაზე...
ეკა გიგაური

თუმცა სამოქალაქო სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ თომას ჰამარბერგის რეკომენდაციების ნაწილი ბუნდოვანი და ძნელად შესასრულებელია. ”არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის” დირექტორის კახი კახიშვილის თქმით, გაურკვეველია რა კრიტერიუმით უნდა შეირჩეს გასანადგურებელი და სასამართლოსათვის მტკიცებულების სახით გადასაცემი ჩანაწერები, რომელთა რაოდენობა, საერთო ჯამში, ასს აღწევს:

„იმისთვის, რომ ამ საქმეზე გამოძიებამ დაადგინოს ბრალდებული და მის მიმართ ბრალი დადასტურებული იყოს, ამისთვის საჭიროა მტკიცებულება! თუ 94 ჩანაწერიდან ერთი უნდა დავტოვოთ, გამოდის, რომ ის მიგვაჩნია მტიცებულებად. მაშინ რატომ ვანადგურებთ დანარჩენ 93-ს? კრიტერიუმები ჩემთვის უცნობია, თუ როგორ უნდა შეირჩეს ის ერთი ადამიანი, რომლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები დაერთვება სისხლის სამართლის საქმეს“.

თომას ჰამარბერგის რეკომენდაციებში ასევე საუბარია იმაზე, რომ არქივზე ხელმისაწვდომობა უნდა იყოს უკიდურესად შეზღუდული და დარეგულირებული, რათა თავიდან იქნეს აცილებული ინფორმაციის გაჟონვის რისკი, თუმცა, ამავდროულად, სპეციალურმა კომისიამ არქივზე მუშაობის შედეგად უნდა შექმნას დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ განადგურებულად ცნობილი მასალები რეალურად არსებობდა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძეც მიიჩნევს, რომ ადამიანთა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა უნდა განადგურდეს:

„უბრალოდ, პრობლემაა ის, რომ ფაილების რაოდენობა დიდია. შესაბამისად, იმის გარკვევა, რომელია სასამართლოსათვის საინტერესო და რომელი -არა, ეს ხომ ვინმემ უნდა დაადგინოს? ვინმეს უნდა ჰქონდეს ამ მასალის დიფერენცირებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება“.

რეკომენდაციების მიხედვით, კომისიის წევრების გარდა, ამგვარი სამუშაო შეიძლება შეასრულოს პირადი მონაცემების დაცვის ოფიცერმაც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის თქმით, სწორედ ისინი დაამოწმებენ სათანადო მასალის არსებობას.

„აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ყველა ჩანაწერი უნდა ინახოს. შესაძლებელია ამორჩევითაც მოხდეს ამ ვიდეომასალების ნახვა. ეს არის ერთი გამოსავალი. მეორე კი ის, რომ ბატონი ჰამარბერგი გვთავაზობს იმას, რომ ერთი ვიდეოფირი დარჩეს და ის იქნეს გამოყენებული სასამართლოში როგორც მტკიცებულება. ამ დასკვნაში საუბარია მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურებაზე. აქ არ არის საუბარი წამებისა და სხვა ტიპის არაადამიანური მოპყრობის ფაქტების განადგურებაზე“, – უთხრა ეკა გიგაურმა რადიო თავისუფლებას.

ეკა გიგაურის თქმით, თომას ჰამარბერგის კიდევ ერთი რეკომენდაცია შეეხება საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, რამაც, საბოლოო ჯამში, უნდა შექმნას იმის გარანტია, რომ შეუძლებელი გახდეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების თვითნებური გაკეთება და გავრცელება. დიდწილად ჰამარბერგის რეკომენდაციების ამ ნაწილს ეხმიანება საინიციატივო ჯგუფის მიერ პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის ერთ-ერთი ავტორის, ზვიად ქორიძის თქმით, მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს მოქალაქის პირადი ცხოვრების გამომზეურების შესაძლებლობა:

ზვიად ქორიძე
ზვიად ქორიძე
„ეს არის ყველაზე დიდი და ძვირფასი უფლება მოქალაქისა, რომ მისი პირადი სივრცე იყოს დაცული! და არავის აქვს უფლება თუნდაც საკანონმდებლო ნორმები გამოიყენოს იმისათვის, რომ ეს სივრცე დაარღვიოს, თუ, რა თქმა უნდა, სასწორის მეორე მხარეს არ დევს ამ მოქალაქის მიერ ჩადენილი მაღალი ხარისხის მძიმე დანაშაული“.

ზვიად ქორიძის თქმით, ჯამში, ცვლილება უნდა შევიდეს ხუთ კანონში, მათ შორის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში, რომელმაც მკაცრი რეგულაცია უნდა დაუწესოს საკაბელო ოპერატორებსა და ტელე-საკუმუნიკაციო კომპანიებს.

„კატეგორიულად უნდა ჰქონდეთ შეზღუდვა, რომ, მაგალითად, მათ არ შეინახონ მოქალაქეების აუდიო და ტექსტური ფაილები და თუ იქნება მოსამართლის ნებართვა მოსმენაზე, მაშინ იმ წამიდან, ანუ ნებართვის გაცემიდან, უნდა ჩაირთოს ეს მოსმენის რეჟიმი და არა სამი თვის წინ მოსმენილი (ან ჩაწერილი, ან გადაცემული) მოკლე ტექსტური შეტყობინებები ამოიღოს სერვერიდან“, – უთხრა ზვიად ქორიძემ რადიო თავისუფლებას.

ცვლილებები ასევე შედის „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონში, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG