Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარული ჩანაწერებისა და საპარლამენტო კომისიის მომავალი


შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული ფარული ჩანაწერების თაობაზე შექმნილი კომისიის ერთ-ერთი წევრის, ლაშა ტუღუშის განცხადებით, მიმდინარე კვირის პარასკევს გახდება ცნობილი, რა ბედი ელის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარული ჩანაწერების არქივს. კომისიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ თემასთან დაკავშირებით შესაბამისი საპარლამენტო კომისიის შექმნის აუცილებლობაზეც საუბრობენ. ამასვე ითხოვს საპარლამენტო უმცირესობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში არსებული 12 ათას 88 ჩანაწერის დახარისხება მიმდინარეობს, განაცხადა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრმა, გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა. მისი სიტყვებით, გადაწყვეტილია, - და ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება, - რომ განადგურდეს პირადი ცხოვრების ამსახველი ყველა ჩანაწერი, - ასეთი კი, ლაშა ტუღუშის თქმით, ყველაზე ნაკლებია, - თუმცა როდის მოხდება ეს, სავარაუდოდ, პარასკევს გახდება ცნობილი.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურება გასულ კვირაში იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს პროცესი მას შემდეგ გადაიდო, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში საიდუმლო საცავები აღმოაჩინა, წამების ამსახველ ფარულ ჩანაწერებთან ერთად. პარასკევს კომისია შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთხელ შეიკრიბება. ლაშა ტუღუშის სიტყვებით, არ განადგურდება მხოლოდ წამებისა და დანაშაულის შემცველი ფარული ჩანაწერები, ისინი გამოძიებას დაექვემდებარება, თუმცა, ლაშა ტუღუშისვე სიტყვებით, ძალზედ მნიშვნელოვანია საკითხის პოლიტიკური შეფასებაც:

„ვფიქრობ, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ამის შესახებ და შესაძლოა გაკეთდეს კომისია პარლამენტში, იმისათვის რომ გავერკვეთ, რა მოვლენა იყო. პოლიტიკური შეფასება და პოლიტიკური ანალიზი ვიღაცამ ხომ უნდა გააკეთოს და რაც მალე გაკეთდება, უკეთესი, რომ არ იყოს ამდენი სპეკულაცია და ამდენი გაურკვევლობა საზოგადოებაში. გარდა ამისა, საჭიროა რაც შეიძლება მალე შეიქმნას ის ნორმატიული აქტები, კანონები, რომლებიც მომავალში ასეთი მასშტაბური დანაშაულის და ამორალური ქმედებების ჩადენის შესაძლებლობას მოსპობს. აქ ლაპარაკია კონტროლის მექანიზმებზე“.
ლაშა ტუღუშის მიერ ნახსენები საპარლამენტო კომისიის შექმნისა და კანონის გამკაცრების იდეის მომხრეა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. ის მიიჩნევს, რომ აუცილებელია არსებობდეს პლატფორმა იმის გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა გამოძიება, როგორ მიმდინარეობს თავად საგამოძიებო პროცესი და, ზოგადად, აუცილებელია მსჯელობა იმ სისტემური პრობლემების შესახებ, რომლებიც არსებობდა 9 წლის განმავლობაში. ამასთან, ეკა გიგაურის თქმით, კანონი უნდა გამკაცრდეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მფლობელთა მიმართ, რომ ამგვარი კადრები საკუთარი ინტერესების შესაბამისად არ იქნეს გამოყენებული:

აუცილებელია, რომ ეს ჩანაწერები ნახოს როგორც უმრავლესობამ, ისე უმცირესობამ. რაც შეეხება კომისიას, მე მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აბსოლუტურად მაღალი პასუხისმგებლობით უდგება ამ ყველაფერს...
მანანა კობახიძე
„ამ შემთხვევაში ვსუბრობთ ფარესიშვილზე და მინისტრის პირველ მოადგილეზე, რომლის პროცესიც 17 რიცხვშია ჩანიშნული, თუ არ ვცდები, და მაინტერესებს რა შედეგები მოჰყვება ამას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანი სამაგალითოდ იყოს დასჯილი. მეორე საქმე, რომელიც არ არის საერთოდ გამოძიებული და არ ვიცით საერთოდ რა ბედი ეწევა, ეს არის მოსამართლის თანაშემწის შემთხვევა. მოსამართლის თანაშემწე ქალბატონმა ღიად თქვა, რომ მის წინააღმდეგ იყენებდნენ რაღაც მასალებს, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ ეფექტურ გამოძიებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს იქნება ერთგვარი პრევენცია, რომ მომავალში ასეთი კადრები ადამიანებმა არ გამოიყენონ - მათ უნდა იცოდნენ, რომ სამაგალითოდ დაისჯებიან“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მსგავსად, საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის საპარლამენტო უმცირესობა. „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად მიიჩნევს ფარული ჩანაწერების თაობაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას იმის დასადგენად, იყო თუ არა ეს სისტემური სახიათის დანაშაული. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეს გამოძიების კვალიფიციურ წარმართვას შეუწყობს ხელს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს არასწორად მიაჩნია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებათა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეობა. ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას დამოუკიდებლადაც გაართმევს თავს:

„აუცილებელია, რომ ეს ჩანაწერები ნახოს როგორც უმრავლესობამ, ისე უმცირესობამ. რაც შეეხება კომისიას, მე მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აბსოლუტურად მაღალი პასუხისმგებლობით უდგება ამ ყველაფერს. რაიმე აუცილებლობა იმისა, რომ ცალკე კომისია შეიქმნას პარლამენტში, არ არსებობს და რეგლამენტიც არ ითვალისწინებს იმას, რომ როდესაც სისხლის სამართლის გამოძიებას აწარმოებენ შესაბამისი ორგანოები, პარალელურად ის იყოს გამოძიებული პარლამენტში“.

ვთხოვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვა და წამოღებული მაქვს ის ვიდეომასალა, რომელიც მინდა, რომ ვაჩვენო როგორც ჩვენს მომხსენებლებს, ასევე ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისთან ვითხოვეთ შეხვედრა, რომ იქაც ჰქონდეთ ინფორმაცია...
თინა ხიდაშელი
ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასაც წარუდგინეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა. თინა ხიდაშელის სიტყვებით, მათ საჭიროდ ჩათვალეს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებსაც ჰქონდეთ ინფორმაცია იმ მოვლენებზე, რაც ბოლო დროს ხდება ცნობილი - ის, „რაც მანამდე მოყოლით ვიცოდით და რაც დღეს ფაქტობრივი მასალით დასტურდება“:

„ვთხოვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვა და წამოღებული მაქვს ის ვიდეომასალა, რომელიც მინდა, რომ ვაჩვენო როგორც ჩვენს მომხსენებლებს, ასევე ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისთან ვითხოვეთ შეხვედრა, რომ იქაც ჰქონდეთ ინფორმაცია“.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის გიორგი კანდელაკის სიტყვებით, დანაშაულის ჩამდენი უნდა დაისაჯოს და ეს თემა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ დისკუსიას და განხილვას არ ექვემდებარება, თუმცა თემა პოლიტიკური ანგარიშსწორების შინაარსს არ უნდა ატარებდეს:
„საუბარია იმაზე, რომ ეს თემატიკა გამოყენებული არ უნდა იყოს პოლიტიკურ ოპონენტთა დევნისათვის, მაშინ როცა რეალური და კონკრეტული დამნაშავეების - მაგალითად, ციხის კადრების მონაწილეების - გათავისუფლება და, საერთოდ, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ხდება“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მაინც საჭიროდ მიიჩნევენ, საგამოძიებო სტრუტურების გარდა, საპარლამენტო მონაწილეობას გამოძიებაზე ზედამხედველობის თვალსაზრისით, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს მყარი რწმენა იმისა, რომ კანონი იქნება საკმარისად მკაცრი მსგავს დანაშაულში ბრალდებულთა მიმართ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG