Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ზოოპარკი - სიცოცხლე წარღვნის შემდეგ


"ბეგი" თბილისის ზოოპარკში
"ბეგი" თბილისის ზოოპარკში

13 სექტემბერს, წყალდიდობიდან ზუსტად სამი თვის თავზე, თბილისის ზოოპარკი კვლავ უმასპინძლებს დამთვალიერებლებს. პარკის ადმინისტრაციის, თბილისის მერიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით მოხერხდა სტიქიური უბედურების დროს განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და თითქმის განახევრებული კოლექციის ნაწილობრივ შევსება. გარდა ამისა, ზოოპარკის ტერიტორიაზე კვლავ განაახლა მუშაობა საგანმანათლებლო ცენტრმა, რომელიც, ტრადიციულად, უმასპინძლებს ზოოლოგიით დაინტერესებულ ბავშვებს როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდან. როგორ ცხოვრობს თბილისის ზოოპარკი წყალდიდობის შემდეგ და რა სირთულეებს აწყდებიან სტიქიურ უბედურებას გადარჩენილი ზოოპარკის თანამშრომლები და მობინადრენი?

13 ივნისის წყალდიდობამ თბილისის ზოოპარკში მობინადრე ცხოველთა მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. სიკვდილს გადარჩენილმა ცხოველებმაც კი იმდენად ძლიერი სტრესი მიიღეს, რომ ზოგიერთი მათგანი რამდენიმე კვირის შემდეგ დაიღუპა. თუმცა, როგორც თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილემ დავით თაქთაქიშვილმა გვითხრა, თბილისის ზოოპარკში, ცუდის გარდა, კარგიც ბევრი რამ ხდება:

„შემიძლია ვთქვა, რომ სიცოცხლე გრძელდება. ამის საუკეთესო მაგალითია 30 ივნისს ჩვენთან კეთილშობილი ირმის დაბადება, რომელიც ჩვენი ფაუნის თვალსაჩინო და უიშვიათესი წარმომადგენელია. გაგვიჩნდა პატარა გოგო, რაც იმის ნიშანია, რომ ჩვენი ზოოპარკი განაგრძობს არსებობას“.

30 ივნისს დაბადებულ კეთილშობილი ირმის ნუკრს - პირველ ნაშიერს წყალდიდობის შემდეგ - ზოოპარკის დირექტორმა დაარქვა „პირა“, ანუ სახელი ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟის დევკალიონის მეუღლისა, რომელიც ქმართან ერთად გადაურჩა ზევსის მიერ წყალდიდობის სახით მოვლენილ სასჯელს. როგორც ზოოპარკის თანამშრომელმა ნანა ზარქუამ გვითხრა, პატარა პირაც გადაურჩა დახრჩობას თბილისის წყალდიდობის დროს, როცა ის ნაყოფის სახით დედის, ლეილას, მუცელში იმყოფებოდა:

„წყალდიდობის დროს ვოლიერის უმეტესი ნაწილი წყალმა დაფარა და მამრთან ერთად მდედრი, რომელიც მაკედ იყო, ამოვიდა ზემოთა მხარეს. აქ ცოტა ამაღლებულია ეს ადგილი და ამიტომ გადარჩნენ. ამჟამად დედა-შვილი კარგად გრძნობს თავს და ვგეგმავთ, რომ გავამრავლოთ კეთილშობილი ირმები, რომლებიც წითელ წიგნში არიან შეტანილი. მამრ ირემს მყვირალობის პერიოდი აქვს ახლა და ამიტომ განცალკევებული გვყავს. თავს ვიზღვევთ, რომ პატარას რამე არ დაუშაოს“.

ნანა ზარქუა
ნანა ზარქუა

ნანა ზარქუას თქმით, მშვენივრად გრძნობს თავს წყალდიდობას გადარჩენილი ჰიპოპოტამი ბეგლარი, რომელიც ინდური სპილოების ვოლიერის ნაწილსა და აუზს დაეპატრონა: ტერიტორიის მონიშვნის მიზნით უხვად აქვს მოსვრილი ექსკრემენტებით როგორც აუზი, ასევე ვოლიერის კედლები.

ბეგლარმა მცირე ხნით მოგვაქცია ყურადღება - ისიც ისე, რომ აუზიდან არ ამოსულა, ფართოდ გაღებული პირი საგულდაგულოდ მოკუმა და კვლავ წყლის ქვეშ გაუჩინარდა. ჰიპოპოტამისგან განსხვავებით, წყალში დაბრუნება გაუჭირდათ აფრიკულ პინგვინებს, რომელთა ნაწილი, როგორც ზოოპარკის ფრინველთა განყოფილების კურატორი დავით თინაშვილი ამბობს, 13 ივნისის ღამით დაიღუპა, ნაწილი კი - მოგვიანებით.

„სულ გვყავდა 17 პინგვინი. წყალდიდობის დროს გადარჩა მხოლოდ 10, მაგრამ ესენიც იყვნენ ძალიან დაბინძურებული როგორც გარედან, ასევე შიგნიდანაც. გადაყლაპეს ბევრი ჭუჭყიანი წყალი, ავტომობილებიდან გამოსული ზეთი, ბენზინი და ასე შემდეგ. იძულებული გავხდით დაგვებანა, რაც არ არის იოლი საქმე, რადგანაც ამ საქმეს სპეციალური ცოდნა სჭირდება. გარდა ამისა, ძალიან, ძალიან მგრძნობიარე ფრინველია და უდიდეს სტრესს განიცდის უმნიშვნელოდ გაღიზიანების დროსაც კი. ყოველივე ამას მოჰყვება სერიოზული დაავადებები. ამიტომ წყალდიდობის დროს გადარჩენილი ათი პინგვინიდან მხოლოდ ოთხი გადარჩა. ვერ გადაიტანეს. ზოგი სტრესისგან დაიღუპა, ზოგი კი იმის გამო, რომ ბევრი ჭუჭყი და მავნე ნივთიერება გადაყლაპა“, - უთხრა დავით თინაშვილმა რადიო თავისუფლებას.

დავით თინაშვილი
დავით თინაშვილი

თუმცა გადარჩენილი პინგვინების სრული რეაბილიტაციისთვის მხოლოდ ახალი, კარგად გამართული ვოლიერი და მომვლელების მზრუნველობა არ კმარა. დავით თინაშვილის თქმით, პინგვინებისთვის, როგორც სოციალური არსებებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გუნდში ცხოვრება:

„არ ვიცი, როდის, მაგრამ აუცილებლად გვინდა, რომ გვყავდეს გუნდი, რადგანაც ოთხი ცალი სრულყოფილ გუნდად ვერ ჩაითვლება, რაც თვითონ ფრინველისთვის არის ცუდი. თავს გრძნობს დაცულად, კომფორტულად, როცა გუნდშია. გუნდი იცავს წევრს და წევრი იცავს გუნდს. ასე ცხოვრობენ“.

აფრიკულ პინგვინებთან ერთად დაიხოცა თბილისის ზოოპარკის კოლექციის თითქმის ნახევარი. ზოოპარკის დირექტორის მოადგილე დავით თაქთაქიშვილი ჩამოთვლის იმ სახეობებს, რომლებიც ზოოპარკმა წყალდიდობის დროს დაკარგა:

„აღარ გვყავს საერთოდ წყლის ფრინველები, თუთიყუშები, აფთრები (როგორც ზოლებიანი, ასევე ხალებიანი). ძალიან შეგვიმცირდა დათვები, მგლების რაოდენობა. საერთოდ აღარ გვყავს ტურები, მელიები. სამწუხაროდ, აღარც ვეფხვები გვყავს, აღარც იაგუარები. საბედნიეროდ, გადავარჩინეთ თეთრი ლომები, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ჩვეულებრივი შეფერილობის ლომების გადაყვანა ახალ ვოლიერებში და მათი გადარჩენა“.

ეს იქნება ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ზოოპარკი! ბერლინის ზოოპარკის ფართობი 15 ჰექტარია. ბელგიაში პლანკენდაელის ზოოპარკი, რომელიც უდიდესია ევროპაში, 25 ჰექტარია...
ზურაბ გურიელიძე

დანაკლისის შევსებაში თბილისის ზოოპარკს დახმარება აღუთქვა ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციამ. როგორც თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ამბობს, დახმარების ხელი გაუწოდეს ასევე სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკებმა:

„გაზაფხულამდე ჩვენ დაახლოებით 150 ცხოველს შემოვიყვანთ. ეს ის ცხოველებია, რომელთა შენახვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. მათ არ დასჭირდებათ რთული ზამთრის შენობების აშენება. ასევე ჩამოვიყვანთ პრიმატების ორ სახეობას. რა თქმა უნდა, გორილებისა და შიმპანზეების ჩამოყვანაზე ჯერჯერობით საუბარი არაა, თუმცა პავიანების სახეობა აღდგება. ასევე ამათ დაემატება ბერბერული მაკაკები. გარდა ამისა, შემოგვყავს თუთიყუშების მრავალი სახეობა, მათ შორის, სახეობები, რომლებიც აქამდე არ ყოფილა თბილისის ზოოპარკში“.

ზურაბ გურიელიძის თქმით, მოქმედი ზოოპარკის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი (განსაკუთრებით, ხეობის ქვედა ნაწილი) აღარ ექვემდებარება აღდგენას როგორც ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გამო, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამასთან, როგორც ზურაბ გურიელიძე ამბობს, ზოოპარკის სამომავლო გეგმები უკავშირდება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც, მთავრობის გადაწყვეტილებით, 48 ჰექტარზე ახალი ზოოპარკი აშენდება.

ზურაბ გურიელიძე
ზურაბ გურიელიძე

„ეს იქნება ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ზოოპარკი! ბერლინის ზოოპარკის ფართობი 15 ჰექტარია. ბელგიაში პლანკენდაელის ზოოპარკი, რომელიც უდიდესია ევროპაში, 25 ჰექტარია. ანუ ჩვენი ზოოპარკი იქნება ძალიან დიდი, რაც საშუალებას მოგვცემს გავაკეთოთ თხრილები და ისეთი რამ, რისი შესაძლებლობაც აქამდე არ გვქონდა“, - უთხრა ზურაბ გურიელიძემ რადიო თავისუფლებას.

ახალი ზოოპარკის ტერიტორიის შემოსაღობად თბილისის მერიამ უკვე გამოყო 2 მილიონი ლარი. მთლიანად ზოოპარკის აშენებას კი, სავარაუდოდ, სამი წელი დასჭირდება. ზოოპარკის ბინადრებთან ერთად თბილისის ზღვაზე გადავა ორი წლის პუდელი "კარაკულა", რომელიც ლომის ლეკვ "შუმბასთან" ერთად იზრდებოდა. შუმბა წყალდიდობის დროს მოკლეს, პუდელმა კი სასწაულებრივად დააღწია თავი ღვარცოფს, გაცურა და ერთ-ერთი ავტომობილის სახურავზე დაელოდა მაშველებს. დღეს "კარაკულას" მეგობარ "შუმბას" მაგივრობას ზოოპარკის დირექტორის თანაშემწე ხატია ბასილაშვილი უწევს.

"კარაკულა" და ხატია ბასილაშვილი
"კარაკულა" და ხატია ბასილაშვილი

„ძალიან ჭკვიანია! მშვიდად იქცევა. სადაც მივდივარ, ყველგან თან მომყვება. ვასეირნებთ დამჭერის გარეშე... ერთადერთი, რასაც აშავებს, არის ის, რომ ერჩის კატებს და ლემურებს. სხვა მხრივ, ჩვეულებრივი ჭკვიანი ძაღლია. ისე მომეჩვია, რომ ხუმრობით ვამბობთ ხოლმე, რომ "კარაკულასთვის" მე ვარ ლომი, თუმცა, ცხადია, მე ისეთი მეგობარი ვერ ვარ, როგორიც შუმბა იყო, მაგრამ ვცდილობ, რომ მას ვუპატრონო და სტრესი დავაძლევინო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ხატია ბასილაშვილმა, რომლის თქმითაც, ვიდრე ახალი არ აშენებულა, "კარაკულა" და ზოოპარკის სხვა ბინადრები 13 სექტემბრიდან კვლავ ძველ ადგილას, გმირთა მოედანთან, ელიან დამთვალიერებლებს. ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ ზოოპარკი ყველა თვალსაზრისით უსაფრთხოა და რომ დამთვალიერებლების სიცოცხლეს საფრთხეს ვერც სტიქია შეუქმნის და ვერც ვოლიერებში საიმედოდ დაცული მტაცებლები.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG