ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ თაგილონში საბაზისო სკოლის დახურვის შემდეგ მასწავლებელთა ნაწილი უმუშევარი რჩება.
სოფელში მოქმედი ორი სკოლიდან ერთ-ერთი, სადაც მოსწავლეები ცხრა კლასის ჩათვლით იღებდნენ განათლებას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ დახურა. მიზეზად მოსწავლეთა სიმცირე დაასახელა. აქ ბავშვების საერთო რაოდენობა 23-ს არ აღემატებოდა. დასაქმებული იყო 12 პედაგოგი და 3 ტექნიკური თანამშრომელი.
სწავლა უჭირთ ბავშვებს, ეს აშკარაა, მაგრამ უგებენ ერთმანეთს მოსწავლეები და მასწავლებლები. იმდენს არ ითხოვენ, როგორც, მაგალითად, ქალაქის სკოლებში, სადაც გაშანშალებული რუსული სწავლებაა...
როგორც რადიო თავისუფლებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განათლების მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარიამ განუცხადა, ახლა უკვე ყოფილი საბაზისო სკოლის 23 მოსწავლიდან 15 თაგილონის საჯარო სკოლაში, დანარჩენები კი მეზობელი სოფლის, ნაბაკევის, საჯარო სკოლაში გადაანაწილეს.
რაც შეეხება პედაგოგებს:
„საუბარია სოფელ თაგილონის, ნაბაკევის, სიდისა და ფიჩორის საჯარო სკოლებზე, სადაც უნდა მოხდეს ამ მასწავლებლების გადანაწილება, მაგრამ ხუთი მასწავლებლის ბედი ამ დროისთვის გაურკვეველი რჩება. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ აქედან ოთხი არის საპენსიო ასაკის და საპენსიო ასაკის მასწავლებლების დასაქმებაზე ისინი უარს ამბობენ. რაც შეეხება სახლემძღვანელოებს, სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ისინი გადატანილია თაგილონის სკოლაში“.
ბესიკ ოდიშარიას ინფორმაციით, მოსწავლეებს სკოლის დახურვა გადაადგილების მხრივ განსაკუთრებულ პრობლემას არ უქმნის, რადგან არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები ტერიტორიულად შორს არ არის. ბესიკ ოდიშარია აღსაზრდელებისთვის უფრო მეტ პრობლემად სწავლის პერიოდში სკოლის შეცვლაში ხედავს. მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მიიღო დე ფაქტო ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება სწავლის პროცესში, როცა შეეძლო იგივე სასწავლო წლის დაწყებამდე გაეკეთებინა. ამასთან, ბესიკ ოდიშარია ადასტურებს, რომ გალის რაიონის სკოლებში მოსწავლეთა კონტინგენტი დროთა განმავლობაში მცირდება. მიზეზად ოკუპირებული ტერიტორიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქართულიდან რუსულ სწავლებაზე გადასვლას ასახელებს.
ასეთი ტენდენცია სკოლების დახურვისა ადრე არ შეინიშნებოდა. კი, ისინი ამბობდნენ, რომ ნაწილი სკოლებისა უნდა გაუქმდეს და ა.შ., მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა აფხაზურმა ადმინისტრაციამ სკოლა დახურა...ბესიკ ოდიშარია
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლის ამ აზრს არ ეთანხმება გალის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები რადიო თავისუფლების რესპონდენტი. ქალბატონი, რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით არ ვასახელებთ, სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ სკოლებში კონტინგენტის შემცირება რეგიონში არსებულ მძიმე სოციალურ პირობებს უკავშირდება.
„კი, სწავლა უჭირთ ბავშვებს, ეს აშკარაა, მაგრამ უგებენ ერთმანეთს მოსწავლეები და მასწავლებლები. იმდენს არ ითხოვენ, როგორც, მაგალითად, ქალაქის სკოლებში, სადაც გაშანშალებული რუსული სწავლებაა. მიზეზია ის, რომ არაფერი შემოსავალი სოფელში არ გააჩნია ხალხს, თხილი არ არის, ფეიხო არ არის. ურჩევნია ხალხს წავიდეს და სადმე სამუშაო იშოვოს და რამით აპუროს თავისი ოჯახი“, - ამბობს რესპონდენტი.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება სხვა სკოლების მიმართ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში პასუხი არა აქვთ:
„ასეთი ტენდენცია სკოლების დახურვისა ადრე არ შეინიშნებოდა. კი, ისინი ამბობდნენ, რომ ნაწილი სკოლებისა უნდა გაუქმდეს და ა.შ., მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა აფხაზურმა ადმინისტრაციამ სკოლა დახურა. გავრცელდება თუ არა ეს სხვა სკოლებზე, დღეს ამის თქმა ცოტა ძნელია“, - ამბობს ბესიკ ოდიშარია.
აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე თაგილონის საბაზისო სკოლის დახურვის შემდეგ, საერთო ჯამში, 30 სკოლა დარჩა.