გალის რაიონის სკოლებს, სადაც სექტემბრიდან განათლების მიღება რუსულ ენაზე დაიწყო, კომისია ამოწმებს. გალის რაიონის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კომისიას აინტერესებს, როგორ მიმდინარეობს „განათლების რეფორმა“ დაწყებით კლასებში. პედაგოგის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ გალის დაბალი ზონის სკოლებში პროკურატურის წარმომადგენლებმა მონიტორინგიც ჩაატარეს და გაკვეთილებსაც დაესწრნენ. ამასთან, მასწავლებელი განმარტავს, რომ რუსულ ენაზე სწავლების დაწყებამ საქმე გაურთულა როგორც პედაგოგებს, ისე მოსწავლეებს იმის გამო, რომ ენის სათანადო ცოდნა არა აქვთ. გალის სოფელ ოტობაიის სკოლის პედაგოგი ამბობს, რომ ქართველებით დასახლებული სოფლების სკოლებში რუსული ენის ყველა კლასში შემოღება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა და რუსულად მხოლოდ დაწყებით კლასებში სწავლობენ:
„დაწყებითი ოთხი კლასი რუსულად სწავლობს და გააგრძელებენ, ალბათ. უჭირთ ბავშვებს და მასწავლებლებსაც. რუსული უცხო ენაა მათთვის და ბავშვებმა არ იციან. პირველი კლასიდან კიდევ მიეჩვევა ბავშვი, მაგრამ მეოთხე კლასიდან რა ქნას?! ჩვენ მანამდე საქართველოს სახელმძღვანელოებით ვიყავით და ახლა პირველ-მეოთხე კლასებში გალიდან მოიტანეს“.
ოტობაიელი მასწავლებლის ინფორმაციით, ქართულს რუსულენოვან კლასებში, როგორც უცხო ენას, მხოლოდ ერთი საათი ეთმობა. გეგმის მიხედვით, სკოლაში აფხაზური ენაც უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ სპეციალისტების სიმცირის გამო სოფლის სკოლების დიდ ნაწილში ეს ადგილები ისევ ვაკანტურია. შესაბამისად, გაკვეთილებიც არ ტარდება.
„სასწავლო გეგმაში არის 29 საათი, მაგრამ, რადგან არ ჰყავთ აქეთ ვინც წამოვა, სპეციალისტი, - ადგილობრივი ხომ აქ აფხაზი არავინ არ არის, - იმის გამო, რომ კადრი არ არის, ვაკანტურად რჩება. ქვედა ზონის სკოლებში თითო-ოროლაში ჰყავთ მხოლოდ“, - ამბობს მასწავლებელი და დასძენს, რომ რუსულენოვანი კლასები ყოველწლიურად გაიზრდება და, საბოლოოდ, ქართულ ენაზე სწავლება გაუქმდება.
გარდა ენის შესწავლის მხრივ არსებული პრობლემებისა, ე. წ. რეფორმას ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი ფინანსური ხარჯები მოჰყვა: მათ შეიძინეს სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაშია გამოცემული.
დე ფაქტო ხელისუფლებაში არ აღიარებენ, რომ ე.წ. რეფორმას თან სირთულეები ახლავს. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გალის ადმინისტრაციაში განათლების განყოფილების ხელმძღვანელმა ბესლან ქანთარიამ ნოემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ რეფორმა გართულებების გარეშე მიმდინარეობს:
„ჩვენ ველაპარაკეთ სკოლის დირექტორებს, რომლებსაც არანაირი პრეტენზიები არ გააჩნიათ სკოლებში რუსულ ენაზე სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით. უბრალოდ, მათ მშობლებისგან ფული შეკრიბეს და ნულიდან, მეოთხე კლასის ჩათვლით, ჩვენ სახელმძღვანელოებით დავაკომპლექტეთ სკოლები“.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გალის დაბალი ზონის სოფლის სკოლის მასწავლებლების რუსულ ენაში გადამზადების პროგრამა ზაფხულში დაიწყო. სოხუმის კოლეჯში სამთვიანი კურსის გავლა სავალდებულოა ყველა პედაგოგისთვის, ვისაც მუშაობის გაგრძელების სურვილი აქვს. ახალი სასწავლო წლიდან კი დე ფაქტო მთავრობამ რუსულ ენაზე სწავლა სავალდებულო გახადა გალის ყველა სკოლაში. მანამდე რაიონის ე.წ. დაბალ ზონაში 11 სკოლა იყო დარჩენილი, სადაც მოსწავლეებს განათლების მიღება ქართულად შეეძლოთ. დე ფაქტო მთავრობამ ძირითადად ქართველებით დასახლებულ სოფლებში რუსულ ენაზე სწავლების სრულად შემოღება ვერ მოახერხა და პირველ ეტაპზე ე. წ. რეფორმა დაწყებითი კლასებს შეეხო. დე ფაქტო მთავრობის მონაცემებით, გალის რაიონში სულ 20 სკოლაა, აქედან ორი ქალაქ გალში, დანარჩენები კი სოფლებში მდებარეობს. 2015 წლის მონაცემებით, ჯამში, ოკუპირებულ რეგიონში მოსწავლეთა რაოდენობამ 3 336-ს მიაღწია.