Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის სოფლებში ქართულ ენაზე სწავლის აკრძალვა იგეგმება


ნაბაკევის სკოლა
ნაბაკევის სკოლა

ოკუპირებული აფხაზეთის სოფლებში ახალი სასწავლო წლისთვის სიახლეებია დაგეგმილი, რაც ყველა სასწავლო დაწესებულებაში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვას და სკოლების ნაწილის დახურვას ითვალისწინებს. ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გალის რაიონს, სადაც რიცხობრივად ყველაზე მეტი ეთნიკურად ქართველია დასახლებული და სადაც სწავლა-განათლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. გალის რაიონის სკოლის მასწავლებლებისთვის უკვე ამოქმედდა სპეციალური რუსულენოვანი კურსი, რომელიც სამსახურის შენარჩუნების მსურველთათვის სავალდებულოა.

„მასწავლებლები მიჰყავთ გალში და გადიან გადამზადებას. რუსულზე გადაჰყავთ ყველა. დათხოვნით არავის არ დაითხოვენ. უბრალოდ, გადაამზადებენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გალის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელი განმარტავს, რომ მშობლების დიდ ნაწილს არ სურს ბავშვებმა განათლება რუსულ ენაზე მიიღონ, მაგრამ გამოსავალს დე ფაქტო ხელისუფლება არ უტოვებს:

„ძალიან იშვიათადაა ბავშვი, რომელსაც იქ სწავლა უნდა. სხვა საშუალება არ აქვთ. აქეთ, ზუგდიდში, ვერ გადაჰყავთ, ვერ ასწავლიან შვილებს. იძულებული იქნებიან აქ ასწავლონ“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ დიდი ხნის წინ დაიწყო ბრძოლა ქართული ენის წინააღმდეგ და ის, რაც ახლა ხდება, ამ გეგმის ნაწილია. მისი სიტყვებით, ამ ეტაპზე აფხაზეთის სკოლებში საბოლოოდ შემუშავებული სასწავლო გეგმა არ არსებობს, ამიტომ გაურკვეველია, ქართული ენა აიკრძალება თუ არა მაღალ კლასებშიც, სადაც მოზარდების დიდმა ნაწილმა განათლება წლების განმავლობაში ქართულ ენაზე მიიღო და არც იციან სათანადოდ რუსული:

„დაწყებითი კლასის მასწავლებლები რუსული ენის სასწავლებლად არიან წარგზავნილები გალის ჰუმანიტარულ კოლეჯში...ძალიან დიდი სირთულეების წინაშე დგას მშობლიური ქართული ენა, ენა, რომლის დაცვაზე და შენარჩუნებაზეც წლებია ზრუნავს მოსახლეობა. თუ ასე კატეგორიულად აიკრძალება და ყველანაირად შეიზღუდება, - ისევე, როგორც ტყვარჩელში და ოჩამჩირეში შეიზღუდა, ან როგორც თითო საათამდე შემცირდა გალის ზედა ზონაში, - ბუნებრივია, ეს საკითხი ძალიან დიდ მღელვარებას გამოიწვევს მოსახლეობაში“, - განუცხადა ნონა შონიამ რადიო თავისუფლებას. მისი ცნობით, ასევე დასტურდება გავრცელებული ცნობები სკოლების დახურვის გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც დახურვის კანდიდატია გალის რამდენიმე სკოლა, მათ შორის ერთი - რაიონის ზედა ზონაში, სამი კი - ქვედაში. ნონა შონიას სიტყვებით, ეს ის სოფლებია, სადაც ქართველმა მასწავლებლებმა აქამდე სიცოცხლის რისკის ფასად შეინარჩუნეს ქართული სახელმძღვანელოები.

საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვის მიზეზად დე ფაქტო ხელისუფლება რიგ სკოლებში მოსწავლეების სიმცირესა და კადრების ნაკლებობას ასახელებს. აფხაზეთის ტელევიზია „აბაზა ტვ-ეს“ განათლებისა და კულტურის დე ფაქტო მინისტრმა ადგურ კაკობამ განუცხადა, რომ ეს პროცესი არა სკოლების დახურვას, არამედ გამსხვილებას ითვალისწინებს. მისი განმარტებით, ზოგიერთი სოფლის სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა 30-ს არ აღემატება, ამიტომ ასეთი დაწესებულებები დაიხურება და რაიონულ ცენტრებში არსებული სკოლების მასშტაბი გაიზრდება.

„შესაქმნელია შესაბამისი პირობები, რომ ბავშვების სკოლებში ტრანსპორტირება მოხდეს. ამისათვის რამდენიმე რაიონში არის სასკოლო ავტობუსები. იქ, სადაც ეს არ არის უზრუნველყოფილი, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დაგვეხმარება ხელისუფლება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მოხერხებული იყოს ეს ყველაფერი როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვისაც“, - განმარტა ადგურ კაკობამ.

თავის მხრივ, გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია აცხადებს, რომ ტრანსპორტით უზრუნველყოფის შემთხვევაშიც კი სოფლებიდან ბავშვებს რაიონის სკოლაში მგზავრობა გაუჭირდებათ დიდი მანძილის გამო. ახალი სასწავლო წლის დაწყების თარიღი ოკუპირებულ რეგიონში, მსგავსად რუსეთის ფედერაციისა, 1 სექტემბერია. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროისთვის გამოჩნდება, თუ რამდენი სკოლა დაიხურება და რა სასწავლო გეგმა დამტკიცდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მანამდე კი, როგორც გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, ოფიციალური თბილისი განაგრძობს მსგავსი პრობლემური საკითხების დასმას საერთაშორისო დონის შეხვედრებზე.

XS
SM
MD
LG