Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორის რაიონში ქართულ ენაზე სწავლება უქმდება


ახალგორი, 2015 წელი
ახალგორი, 2015 წელი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან ახალგორის რაიონის სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სწავლება მხოლოდ რუსულ და ოსურ ენებზე იქნება. ქართული სკოლები დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ შემუშავებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას დაექვემდებარება. პედაგოგები შიშობენ, რომ ისინი რუსულ ენაზე სწავლებას ვერ შეძლებენ და ამის გამო, შესაძლოა, სამსახური დაკარგონ. რაც შეეხება მშობლებს, მათი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვებმა არ იციან რუსული ენა, შესაძლოა, მათ ახალგორის დატოვება მოუხდეთ.

გადმოწერა

ქართული ენა, მხოლოდ და მხოლოდ ერთი რიგითი საგანი - სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების თანახმად,2017 წლის ახალი სასწავლო წლიდან ქართულ სკოლებში იმ წიგნებითა და პროგრამით ისწავლიან და ასწავლიან, რომლებიც დე ფაქტო რესპუბლიკის ზოგადსაგანმანათლებლო სტანდარტში ჯდება. ამის შესახებ დეტალურად ლაპარაკობს ოსურ საინფორმაციო პორტალთან „ნიხას“ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ელისო გაგლოევა. მისი სიტყვებით, გასულ წელს სამხრეთ ოსეთში არსებული ყველა სკოლა გადავიდა ახალ საგანმანათლებლო სტანდარტზე, რასაც ქართული სკოლები ვერ ერგებიან და ამიტომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ამ ხარვეზის აღმოფხვრა მომავალი სასწავლო წლიდან გადაწყვიტა:

ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ რუსულად ვერ ისწავლიან. მშობლებს იმის შიში აქვთ, რომ მოუწევთ სხვაგან გადაბარგება. მასწავლებლებს კი ყველაზე მეტად იმის ეშინიათ - რუსულად როგორ ვასწავლოთ, როცა ჩვენ თვითონაც არ ვიცით ამდენი რუსულიო. არ უნდათ დაჯერება, რომ ეს ცვლილება ნამდვილად განხორციელდება...
ახალგორის მკვიდრი

„ქართულ სკოლებში სხვა პროგრამით ასწავლიან. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვმსჯელობდით, როგორ მოგვერგო ეს პროგრამა სამხრეთ ოსეთის რეალობაზე. ისტორიის გაკვეთილები ტენდენციურად ტარდებოდა - რა თქმა უნდა, არა ჩვენს სასარგებლოდ. ჩავატარეთ ამ წიგნების ექსპერტიზა და აღმოჩნდა, რომ ეს სახელმძღვანელო, ფაქტიურად, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის, როგორც სახელმწიფოს, წინააღმდეგ არის მიმართული. ამის გამო ეს სახელმძღვანელო საერთოდ ამოვიღეთ სასწავლო პროგრამიდან... ქართული სკოლები ჩიხში შევიდნენ. სასწავლო პროგრამა არეულ-დარეული აქვთ და ჩვენ გადავწყვიტეთ დავალაგოთ სიტუაცია. ამისათვის კი ის პროგრამა, რომელიც სამხრეთ ოსეთის სხვა დანარჩენ სკოლებში ისწავლება, ქართულ სკოლებშიც უნდა ამოქმედდეს“.

ახალგორის რაიონში დღეს რვა ქართული სკოლა ფუნქციონირებს. იქ სწავლება ქართულ ენაზე საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებული სახელმძღვანელოებითა და პროგრამით მიმდინარეობს. ახალგორის მკვიდრი, რომელსაც არ სურს საკუთარი ვინაობის გამხელა და, პრობლემების შექმნის შიშით, არც სატელეფონო ინტერვიუზე თანხმდება, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ახალგორში მცხოვრები პედაგოგები და მოსწავლეები სერიოზული სიძნელის წინაშე აღმოჩნდნენ. პედაგოგთა დიდმა ნაწილმა არ იცის რუსული ენა. შესაბამისად, ახალი პროგრამით სწავლება მათთვის ძნელია:

„ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ რუსულად ვერ ისწავლიან. მშობლებს იმის შიში აქვთ, რომ მოუწევთ სხვაგან გადაბარგება. მასწავლებლებს კი ყველაზე მეტად იმის ეშინიათ - რუსულად როგორ ვასწავლოთ, როცა ჩვენ თვითონაც არ ვიცით ამდენი რუსულიო. არ უნდათ დაჯერება, რომ ეს ცვლილება ნამდვილად განხორციელდება“.

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ქართულ სკოლებში ქართულად სწავლების შესაძლო გაუქმების შესახებ ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციად აფასებს. მისი სიტყვებით, ეს მინიშნებები დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებაა:

ჩვენთვის ეს საკითხი იქნება და არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ყველა ფორუმში კიდევ უფრო აქტიურად, იმისათვის, რომ დავიცვათ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები, დავიცვათ ისინი დისკრიმინაციისაგან, დავიცვათ რუსიფიკაციის მცდელობისგან და უზრუნველყოფილი იქნეს მათი ფუნდამეტური უფლებები...
ქეთევან ციხელაშვილი

„გალის რაიონში, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქართულ მოსახლეობაზე ზეწოლის პოლიტიკა, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია. ეს გამოიხატება, პირველ რიგში, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვით. ანალოგიური პოლიტიკის განხორციელება, როგორც ჩანს, არის ცხინვალის რეგიონის მიმართულებითაც, რაც არის აბსოლუტურად უკანონო, მიუღებელი ნაბიჯი, თუ ეს განხორციელდება. ჩვენთვის ეს საკითხი იქნება და არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ყველა ფორუმში კიდევ უფრო აქტიურად, იმისათვის, რომ დავიცვათ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები, დავიცვათ ისინი დისკრიმინაციისაგან, დავიცვათ რუსიფიკაციის მცდელობისგან და უზრუნველყოფილი იქნეს მათი ფუნდამენტური უფლებები“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განზრახვის თაობაზე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, წარსულ ნეგატიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სამინისტრო თავს იკავებს კომენტარისგან, რათა პრობლემები არ შეექმნათ ახალგორის რაიონში მცხოვრებ პედაგოგებს.

გავრცელებული ინფორმაციისავე თანახმად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გადაწყვეტილებით, ახალგორის რაიონში 2017 წლის სასწავლო წლიდან ბაგა-ბაღებში მხოლოდ რუსული და ოსურენოვანი ჯგუფები იმუშავებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 2015 წლის სექტემბრიდან, აფხაზური ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ გალში ე. წ. ქვედა ზონის თერთმეტივე ქართულენოვანი სკოლის დაწყებით კლასებში სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობს და ქართული ენისთვის განკუთვნილი საკვირაო საათები კიდევ უფრო შემცირებულია.

XS
SM
MD
LG