Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალელ მოსწავლეებს გადაადგილებასთან ერთად განათლების უფლებაც შეეზღუდათ


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიის საკონტროლო-გამშვები პუნქტების ჩაკეტვით მოზარდებს გადაადგილებასთან ერთად განათლების უფლებაც შეეზღუდათ. საუბარია იმ მოსწავლეებზე, ვინც ქართულად განათლების მისაღებად ზუგდიდის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გადმოდიოდნენ.

ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის გამო ოკუპირებული ოტობაიის მოსაზღვრე განმუხურის სკოლა ნაწილმა დატოვა, ნაწილი კი ზუგდიდში ნათესავებთან რჩება. ისინი საკუთარ სახლებსა და მშობლებს ენგურის ხიდის გავლით მხოლოდ შაბათ-კვირას ესტუმრებიან.

განმუხურის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ზურაბ ჯოლოგუას განცხადებით, თუ ადრე აფხაზეთიდან 16 მოსწავლე მოდიოდა, ახლა ეს რიცხვი ცხრამდე შემცირდა:

განმუხურის საჯარო სკოლა
განმუხურის საჯარო სკოლა

„დავსახეთ ასეთი ღონისძიება, რომ ბავშვები აქ დარჩენილიყვნენ სოფლებში. მათ აქ ჰყავთ ნათესავები. ახლო სოფლებია ესენი და ნათესავების სახლიდან დადიან. დღეის მდგომარეობით, ჩვენთან რჩება 9 ბავშვი. აქედან ოთხი არის ოტობაიიდან და ხუთი ფიჩორიდან“.

ზუგდიდში ნათესავებთან დროებით ცხოვრების გადაწყვეტილება გაცილებით ადრე მიიღეს ოკუპირებულ ნაბაკევში მცხოვრებმა მოზარდებმა. მათ განათლების მიღება ქართულ ენაზე ამჯობინეს მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ კოკის სკოლაში. საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის, დალილა ჩიქავას, ინფორმაციით, ბოლო ერთი წელია ისინი, ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების მუდმივი შეზღუდვების გამო, ზუგდიდის სოფელ ხურჩაში ცხოვრობენ.

ნაბაკევის ე. წ. გადასასვლელის დახურვის შემდეგ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ხურჩის საბავშვო ბაღის ორი აღსაზრდელის მშობლებმა, 9 ბავშვი კი, სურვილის მიუხედავად, იძულებული გახდა ბაღი დაეტოვებინა. მათ შორის ძირითადად ისინი არიან, რომელთა მშობლებსაც ზუგდიდში სახლი არ აქვთ და არც ახლო ნათესავები ჰყავთ, ვისთანაც პატარების დატოვებას შეძლებდნენ:

„ორი ბავშვი წამოვიდა ბაღებიდან აქეთ 3 მარტს. მშობლებმა გადმოიყვანეს, რადგან იცოდნენ, რომ 4-ში გზა იკეტებოდა. აქ გაჩერდნენ ნათესავის სახლში, რომ ატარონ აქ ბავშვები. ეს ბავშვები აქ რომ მოვიდნენ ორში და რომ თქვეს, ჩვენ გვეკეტება გზა და ვეღარ შევძლებთ გადმოსვლასო. მე ვუთხარი, რამდენჯერმე ითქვა ასე და, ღვთის მადლით, ისევ გახსნეს, ახლაც ასე იქნება-მეთქი. საღამოს კი, მშობლები როცა მოვიდნენ, ტიროდნენ, ჩვენ უკვე აღარ გამოგვატარებენო დღეის მერე და როგორ გვწყდებაო გული, როგორ გვენანებაო, რომ ბავშვებს ვერ ვატარებთო“, - ამბობს ცისანა დარასელია, ხურჩის საბავშვო ბაღის გამგე.

2016 წლის სექტემბრის მონაცემებით, აფხაზეთის მოსაზღვრე სამეგრელოს სოფლების სკოლებში 51 მოსწავლე ირიცხებოდა. ეს რიცხვი ორჯერ მეტი იყო გასულ წლებში, კლება ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვამ და საფრთხის შიშმა გამოიწვია. ეს ის მოზარდები არიან, რომლებმაც საკუთარ რაიონში განათლების მიღებაზე უარი თქვეს სკოლებში ქართულად სწავლის შეზღუდვის გამო.

ჩვეულებრივად მოვდივართ. არაფერი განსაკუთრებული. ეს ძირითადად დაბალი ზონის მოსახლეობისთვისაა პრობლემა, თორემ ჩვენ აქვე ვცხოვრობთ, ხიდთან ახლოს, და როგორც მოვდიოდით, ისე მოვდივართ...

დე ფაქტო მთავრობამ კვირას, მოსახლეობის პროტესტისა და თხოვნის მიუხედავად, სამეგრელოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე ოტობაიისა და ნაბაკევის ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტები ჩაკეტა. დიდი მანძილის მიუხედავად, გალის ე.წ. დაბალი ზონის სოფლის მცხოვრებლები იძულებული არიან ენგურის ხიდით ისარგებლონ. იყო მოლოდინი, რომ მგზავრთა სიმრავლე ე.წ. ცენტრალურ პუნქტზე რიგებს გამოიწვევდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს მოლოდინი არ გამართლდა:

„ჩვეულებრივად მოვდივართ. არაფერი განსაკუთრებული. ეს ძირითადად დაბალი ზონის მოსახლეობისთვისაა პრობლემა, თორემ ჩვენ აქვე ვცხოვრობთ, ხიდთან ახლოს, და როგორც მოვდიოდით, ისე მოვდივართ“.

„ამ წუთას არც რიგები არ არის. როგორც იყო, ისეა სტაბილურად. ისე, ამბობენ, 24-საათიანი იქნებაო და ვნახოთ“.

„არავინ არ იყო, ერთი-ორი კაცი თუ იდგა. არც რიგები იყო, მე რომ გადმოვედი“, - ამბობენ ენგურის ხიდით ზუგდიდში გადმოსული მგზავრები.

დე ფაქტო მთავრობამ ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო საკონტროლო-გამშვები პუნქტების შემცირება, ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის შესახებ ახალი კანონის“ თანახმად. აპრილში ჩაიკეტა პუნქტები ზუგდიდის სოფელ შამგონას მოსაზღვრე თაგილონთან და წალენჯიხის სოფელ ფახულანის მოსაზღვრე ლეკუხონაში. მიმდინარე წლის 5 მარტს კი ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია-ორსანტიის ე. წ. გადასასვლელების დახურვის შემდეგ ადმინისტრაციულ საზღვარზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან მხოლოდ ენგურის ხიდი, ხოლო წალენჯიხასთან საბერიოს ე. წ. გამშვები პუნქტი დარჩა.

XS
SM
MD
LG