Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავი 2”-ის უკიდურესი პროტესტი


"რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად, 10 თებერვალს, თბილისში გამართული აქცია
"რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად, 10 თებერვალს, თბილისში გამართული აქცია

ტელეკომპანია „რუსთავი 2”-მა მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. ჟურნალისტმა ზაალ უდუმაშვილმა გადაცემა „კურიერის" სპეციალურ გამოშვებაში მაყურებლებს ამცნო, რომ ტელეკომპანია მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას და მოუწოდებს მოქალაქეებს, 19 თებერვალს ტელეკომპანიის მხარდასაჭერ აქციაზე მოვიდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ამ პროცესს „პოლიტიზებულს" უწოდებენ, ხოლო ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში საუბარია დემოკრატიის პრინციპებსა და სიტყვის თავისუფლებაზე, რაც, მათივე შეფასებით, დღეს საფრთხეშია.

"რუსთავი 2”-ის უკიდურესი პროტესტი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:28 0:00
გადმოწერა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერად 19 თებერვალს თბილისში აქცია იმართება, ლოზუნგით „’რუსთავი ორი’ ჩემია", მანამდე კი ტელეკომპანიამ მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. როგორც ჟურნალისტმა ზაალ უდუმაშვილმა 17 თებერვალს გადაცემა ,,კურიერის“ სპეციალურ გამოშვებაში თქვა, ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა დღევანდელ სიტუაციაში მათ გამოსავლად მხოლოდ ეს დარჩათ:

„ჩვენი დუმილით ჩვენ შევეცდებით ხმა ყველას მოგაწვდინოთ. დღეიდან, უფრო ზუსტად კი ამ წუთიდან, „რუსთავი 2“ გადადის საპროტესტო მაუწყებლობაზე. ყველას გელოდებით კვირას, 3-ის ნახევარზე, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ. ერთად დავიცვათ „რუსთავი 2“ და სიტყვის თავისუფლება".

ამ უკიდურეს ნაბიჯზე „რუსთავი 2“ წავიდა, იმიტომ რომ ეს გათიშვა იყოს 1-დღიანი და საქართველომ არ მიიღოს ის სურათი, რომლის მიღებაც უნდა დღევანდელ ხელისუფლებას სამუდამოდ გათიშული „რუსთავი ორით“...
დავით ბაქრაძე

დაახლოებით, 11 საათსა და 40 წუთზე „რუსთავი 2-მა" მაუწყებლობა შეწყვიტა და არხზე გადართვისას დაგხვდებათ მხოლოდ რამდენიმე წინადადება აქციაზე მოსვლისკენ მოწოდებით და ლოზუნგით „ვაპროტესტებთ უსამართლობას".

ამ თემაზე 18 თებერვალს ილაპარაკეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. როგორც პარტია „ევროპული საქართველოს" წევრი დავით ბაქრაძე ამბობს, ტელეკომპანიის გათიშვა არის მცდელობა, ხალხმა ნახოს სურათი, რასაც მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ „რუსთავი 2" აღარ იმაუწყებლებს იმ ფორმით, როგორითაც დღეს მაუწყებლობს:

„ამ უკიდურეს ნაბიჯზე „რუსთავი 2“ წავიდა, იმიტომ რომ ეს გათიშვა იყოს 1-დღიანი და საქართველომ არ მიიღოს ის სურათი, რომლის მიღებაც უნდა დღევანდელ ხელისუფლებას სამუდამოდ გათიშული „რუსთავი ორით“. ამიტომ ეს არის ის პროტესტი, რომელიც ემსახურება საზოგადოების გამოღვიძებას".

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პროცესი პოლიტიზებულია და ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება. როგორც „ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი ამბობს, აუცილებელია დასრულდეს სასამართლო პროცესი, რომელიც გაარკვევს, თუ ვინ არის „რუსთავი 2“-ის კანონიერი მფლობელი:

„ცალკეული ადამიანების სუბიექტური დამოკიდებულების მიღმა არსებობს აუცილებლობა შევაფასოთ, ყარამანიშვილის არის ეს ტელევიზია თუ ხალვაშის".

წელიწად-ნახევარზე მეტია, „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში პროცესი ისე ჩაიხლართა, დასკვნების გამოტანაც კი გაძნელდა. მისი აზრით, სწორედ ამ გაურკვევლობამ გააჩინა ეჭვი, რომ შეიძლება ხელისუფლება თვითონ ცდილობდეს ამ ტელეკომპანიის გაკონტროლებას:

„ეს არ არის მხოლოდ „რუსთავი 2“-ის პრობლემა. სხვა მედიასაშუალებებში დასაქმებულებებიც შეიძლება იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. დღეს საუბარია მედიის დამოუკიდებლობაზე და სიტყვის თავისუფლებაზე, თორემ პრეტენზიები „რუსთავი 2“-ის გადაცემებთან ან შინაარსთან დაკავშირებით, ცხადია, შეიძლება ბევრი ჰქონდეს საზოგადოებას".

ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება დასაბუთებული და არ გააჩენს კითხვის ნიშნებს სამართლებრივი თვალსაზრისით და აღარ იარსებებს ის ეჭვები, რომლებიც გაჩნდა ამ საქმის ირგვლივ პირველ და მეორე ინსტანციაში მისი განხილვისას.

XS
SM
MD
LG